loading...

«

»

მაი 10

კუ-კლუქს-კლანის მეორედ მოსვლა

კუ-კლუქს-კლანის მეორედ მოსვლა

“უხილავი იმპერიის” აღმასვლა და დაცემა XX საუკუნეში

ბევრს კუ-კლუქს-კლანი მხოლოდ ზანგების დასაწიოკებლად და დასაშინებლად შექმნილი ორგანიზაცია ჰგონია და ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ეს მედალის მხოლოდ ერთი მხარეა. კლანი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და რთული მოვლენა იყო. კუ-კლუქს-კლანი, როგორც ორგანიზაცია, 1866 წელს ჩამოაყალიბეს კონფედერაციის არმიის ვეტერანებმა. საინტერესოა, რომ დასაწყისში იგი შეიქმნა როგორც იუმორისტული სოციალური კლუბი და შექმნილ ვითარებაზე იუმორითა და ბუნდოვანი რიტუალებით რეაგირებდა, თუმცა სულ მალე დაუნდობელი ტერორის სიმბოლოდ იქცა და მიზნად დაისახა ზანგების დაშინება, დასჯა და მათი ჩამოცილება ყოველგვარი პოლიტიკური აქტიურობისგან. ორგანიზაციის დასახელება, კუ-კლუქს-კლანი, წარმოდგება ბერძნული სიტყვის “კუკლოსისა” (რაც წრეს ნიშნავს) და ინგლისური (უფრო სწორად, შოტლანდიურ-ირლანდიური) “კლანის” ერთიანობისგან.

სამოქალაქო ომში დამარცხებულმა სამხრეთელებმა კლანის მეშვეობით მინიმუმამდე დაიყვანეს ხმების მიცემა რესპუბლიკური პარტიისთვის. კლანელებმა ათასობით ზანგი გამოასალმეს სიცოცხლეს, მარტო ფლორიდაში 150 ზანგი მოკლეს. მაგრამ 1870 წლისთვის კლანის გავლენა შესუსტდა, ხოლო 1871 წელს, პრეზიდენტ გრანტის უდიდესი ძალისხმევის შედეგად მიღებული 1871 წლის სამოქალაქო უფლებების კანონის მეშვეობით (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კუ-კლუქს-კლანის კანონი), კლანი საერთოდ განადგურდა. ამ კანონის თანახმად, კლანის წინააღმდეგ შტატის მილიცია კი აღარ იბრძოდა, რომელიც უეფექტო იყო და ზოგჯერ თანაუგრძნობდა კიდეც საკუთარი შტატის მკვიდრთ, არამედ ფედერალური ჯარი. კლანის წევრებს კი არა ადგილობრივი, არამედ ფედერალური სასამართლოები ასამართლებდნენ, სადაც ნაფიცი მსაჯულები ძირითადად ზანგები იყვნენ.

 

კლანის აღორძინება, უფრო სწორად კი მისი მეორედ შექმნა, 1915 წელს მოხდა ჯორჯიის შტატში უილიამ ჯოზეფ სიმონსის ინიციატივით. რაოდენ საკვირველიც უნდა ჩანდეს, კლანის აღორძინებას ხელი შეუწყო გამოჩენილი ამერიკელი კინორეჟისორის, დევიდ გრიფიტსის ფილმმა “ერის დაბადება”, რომელიც დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო და ნოვატორულ ამერიკულ ფილმად მიიჩნევა. ფილმი დაიდგა თომას დიკსონის რომან “კლანსმენის” საფუძველზე, რომელშიც აღწერილი იყო ე.წ. ძველი სამხრეთის შელამაზებული ცხოვრება სამოქალაქო ომისა და რეკონსტრუქციის პერიოდში. ამერიკული კინემატოგრაფის ამ შედევრში კლანი კეთილშობილ და რაინდული სულისკვეთების ძალად იყო დახატული. ფილმმა გასაოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია და აშკარად ნოყიერ ნიადაგზე მოხვდა. ლოს-ანჟელესში გამართულ პრემიერაზე რეკლამის მიზნით, კლანის ბალახონებში ჩაცმული მსახიობები დაჯირითობდნენ კინოდარბაზის წინ, მაგრამ ატლანტის კინოთეატრების წინ უკვე ნამდვილი კლანსმენები ჯირითობდნენ, ხოლო ზოგიერთი ეგზალტირებული მაყურებელი ეკრანს რევოლვერიდანაც კი ესროდა. ფილმი თვით პრეზიდენტმა ვილსონმაც შეაქო. როგორც ისტორიკოსმა, მან დადებითად შეაფასა მისი ისტორიული დამაჯერებლობა, მით უმეტეს, რომ თვითონაც სამხრეთიდან იყო და მისი წინაპრები სამხრეთელთა ჯარში იბრძოდნენ. პრეზიდენტს არც უფიქრია რასიზმის ქება-დიდება, მაგრამ პრეზიდენტის სიტყვები ყველამ თავისებურად გაიგო და გამოიყენა.

ბუნებრივია, ერთი ფილმი, როგორი გენიალურიც უნდა ყოფილიყო, ვერ გამოიწვევდა ამ ემოციებს, მაგრამ რასიზმის ტრადიცია ჯერ კიდევ მეტად ძლიერი იყო და ბევრს ზანგების ცხოვრების ოდნავი გაუმჯობესებაც კი აღიზიანებდა. ქვეყანაში იზრდებოდა მტრული განწყობილება ახალი ემიგრანტების მიმართაც. კლანის იდეის გარშემო მრავალი თეთრი პროტესტანტი გაერთიანდა, რომელთაც თეთრკანიანი ადამიანის, ე.წ. ასპროცენტიანი ამერიკელის ბატონობის იდეა იზიდავდათ.

ახალ კლანს, გარდა ანტიზანგურისა, ჰქონდა ანტიებრაული, ანტიკათოლიკური, ანტიკომუნისტური და ანტიემიგრანტული განწყობა.
ყველაფერი ცუდი ამერიკაში შავებისა და ებრაელი ბანკირების ბრალიაო, გაიძახოდნენ კლანსმენები. საინტერესოა, რომ რადიკალური კონსერვატიზმის საფუძველზე რეორგანიზებული კლანი არა მარტო სამხრეთის შტატებში, ე.წ. ბიბლიურ ზოლში, არამედ შუა დასავლეთში, ჩრდილოეთ შტატებსა და კანადაშიც კი გაიფურჩქნა. ზოგიერთ შტატში თეთრი მამაკაცების 20%, ზოგან 40%-ც კი კლანის წევრები იყვნენ. კლანმა მორალის დამცველობაც დაიჩემა და მის იდეოლოგიას რასობრივი, რელიგიური და ეროვნული ფაქტორების გარდა, ე.წ. მორალური ცენზორის იდეაც დაემატა. კლანის წევრები თავის უბანსა თუ სამეზობლოში თვალყურს ადევნებდნენ მეზობლების მორალურ სახეს, განიხილავდნენ ამას თავიანთ შეკრებებზე და დამნაშავის დასჯის მეთოდებსაც ერთად შეიმუშავებდნენ. ჯერ გაჰკიცხავდნენ “ცოდვილს”, თუ ეს არ კმაროდა, პოლიციასაც ატყობინებდნენ. თუ ესეც არ ჭრიდა, მაშინ უფრო მკაცრ ზომას – ოსტრაკიზმს (საზოგადოებისგან მოკვეთას, განდევნას) მიმართავდნენ. ზოგჯერ კიდევ უფრო რადიკალურად მოქმედებდნენ. მაგალითად, ბირმინჰემში საროსკიპოები დაარბიეს. ალაბამის შტატის ქალაქ ტროაში კლანსმენებმა მშობლებს შეატყობინეს მანქანებში მათი შვილების უმსგავსო ქმედების შესახებ. ერთგან კლანსმენებმა განათხოვარი ქალი ხეს მიაბეს, გააშიშვლეს და საჯაროდ გაწკეპლეს.

როგორც ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსები დევიდ კენედი და თომას ბეილი აღნიშნავდნენ, კლანი უფრო “ანტიუცხოელთა, ანტიკათოლიკეთა, ანტიებრაელთა, ანტიფაციპისტთა, ანტიკომუნისტთა, ანტიინტერნაციონალისტთა, ანტიევოლუციონისტთა, ანტიბუტლეგერთა, ანტიაზარტულ თამაშთა, ანტიშობადობის კონტროლისა და ანტიადიულტერის მოძრაობას წარმოადგენდა”.

კლანის გავლენა ოციან წლებში იმდენად გაიზარდა, რომ მას “უხილავ იმპერიასაც” უწოდებდნენ. ის ძირითადად პატარა ქალაქებისა და დაბების ფენომენი იყო, სადაც ნაკლებად შეაღწია ინდუსტრიალიზაციამ, ემიგრაციამ და ლიბერალურმა მსოფლმხედველობამ. თუმცა ოციან წლებში კლანი დიდ ქალაქებშიც საკმაოდ პოპულარული გახდა. ბევრისთვის წევრობა მოსაწყენი ყოველდღიურობიდან უჩვეულო, რომანტიკული და ეგზოტიკური რიტუალებით აღსავსე ცხოვრებაში შესვლას ნიშნავდა. დღისით იგი ჩვეულებრივი კლერკი იყო, ხოლო ღამით – რომანტიკულ, ერთიან საძმოში გაერთიანებულ რაინდად წარმოიდგენდა თავს. ტანსაცმელიც თავისებურად მისტერიული ეცვათ. კლანსმენთა აღლუმებიც, ჩირაღდნებითა და ჯვრებით, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა პატარა ქალაქების მოსახლეობაზე.

კლანის წევრობის აუცილებელი პირობები იყო: ადრეული, 1866 წელს შექმნილი, კლანის პატივისცემა და ხსოვნა; თეთრი რასის უპირატესობის იდეის აღიარება; ანტისემიტიზმი; უარყოფითი დამოკიდებულება ახალჩამოსულებისადმი; ანტიკათოლიციზმი; ე.წ. წმინდა ამერიკელობა, პროტესტანტიზმი, ზნეობრიობა.

კლანის უხილავ იმპერიას უფროსობდა “დიდი მაგი”. იმპერიაში იყო სამეფოებიც, რომელთაც “დიდი დრაკონები” მართავდნენ, პროვინციებს კი “დიდი ციკლოპები” ხელმძღვანელობდნენ, ციკლოპების მოადგილეებს “საშინელებებს” უწოდებენ და ა.შ.

კლანის “დიდი მაგი” ევანსი ჟურნალ “ნორთ ამერიკენ რევიუსთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობდა: “მომავალი და ცივილიზაცია დამოკიდებულია თეთრი რასის უპირატესობაზე. სხვა რასებსაც ჰქონდათ თავიანთი შანსი, მაგრამ ისინი დამარცხდნენ”. ევანსის აზრით, “ზანგებს არ ძალუძთ ანგლოსაქსონური დონის მიღწევა… უღირსი წინაპრების დაბალი გონებრივი განვითარება, ჯუნგლებიდან გამოსულ ფერადკანიან ამერიკელთა სისხლი არავითარ ახალ გარემოს არ შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს. ეს ძველი, შთამომავლობითი ჩამორჩენაა”.

ებრაელებისადმი ევანსს სხვა პრეტენზია ჰქონდა. ამბობდა, რომ “მათი რასობრივი კარჩაკეტილობა და მხოლოდ თავისიანებზე ქორწინება შეუძლებელს ხდის მათ სრულ ასიმილაციას სხვა საზოგადოებაში. ათას წელიწადსაც რომ იცხოვრონ ერთ ადგილას, ადგილობრივ საზოგადოებაში ვერ ჩაეწერებიან, სხვა ემიგრანტი კი ამას ერთ წელიწადში შეძლებს. ებრაელი არასოდეს უკავშირებს თავს იმ მიწას, სადაც ცხოვრობს. მათ არ შეუძლიათ დიდხანს იყვნენ თავისუფალი ამერიკის გარემოში”.

კათოლიკეებზე ამბობდა, რომ “მათთან ასიმილაცია უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, ვინაიდან ისინი რომის პაპს უფრო ექვემდებარებიან, ვიდრე ამერიკის მთავრობას. მათ სურთ, ბავშვებმა ისწავლონ არა საზოგადოებრივ სკოლებში, არამედ იმ ეკლესიის კონტროლქვეშ გაიზარდონ, რომელიც ამერიკაშიც კი არ არის დაფუძნებული. კათოლიციზმისადმი ნამდვილი პრეტენზია რელიგიაში კი არ გამოიხატება, არამედ იმაში, რომ კათოლიკური ეკლესია პოლიტიკაშია ჩართული, კარგად ორგანიზებულია, დისციპლინირებული და ძლევამოსილი მეტოქეა ყოველი პოლიტიკური მთავრობისთვის”.

უცხოეთში დაბადებულებისადმი ის პრეტენზია ჰქონდათ, რომ მათ არ შეეძლოთ ბოლომდე აღექვათ ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელ მამათა იდეები და შესაბამისად, არ უნდა მისცემოდათ ამერიკელთა ყოფის შეცვლის საშუალება. შესაბამისად, კლანი აქტიურად უჭერდა მხარს ანტიემიგრანტულ კანონებს. მას არც ქალთა თანასწორობა ეხატებოდა გულზე.

1920-იან წლებში კლანის პოლიტიკური გავლენა ძალიან გაიზარდა, თუმცა კლანსმენები თავს რომელიმე პარტიასთან არ აიგივებდნენ. როგორც ერთ-ერთი კენტუკელი წევრი აცხადებდა, “კლანი არ არის პოლიტიკური პარტია. ჩვენ გვჯერა, რომ კლანის გაიგივება რომელიმე პარტიასთან დამღუპველი იქნებოდა ჩვენი ორგანიზაციისთვის და ჩვენი ჯვაროსნული ლაშქრობისთვის. მიუხედავად ამისა, კლანი ძალიან აქტიურია პოლიტიკურად და ყოველი კლანსმენი პოლიტიკოსია ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით”. თავისი სოციალურ-ეკონომიკური ხედვით, კლანი საკმაოდ ახლოს იყო რესპუბლიკელთა კონსერვატიზმთან, ამავე დროს, რასიზმი ზანგებისადმი მას სამხრეთის შტატების დემოკრატებთან, ე.წ. დიქსიკრატებთანაც აკავშირებდა და ოციან წლებში უხილავი იმპერია საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა ეროვნულ პოლიტიკაზე.

თუმცა კონკრეტული ქმედებები უფრო ადგილობრივ დონეზე ჩანდა.
ფაქტობრივად, კლანმა რამდენიმე სენატორი და გუბერნატორი აირჩია. თავის მომხრეთა მეშვეობით კლანი აკონტროლებდა ტენესის, ოკლაჰომას, ინდიანასა და ორეგონის მთავრობებს. ინდიანაში კლანსმენი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ედვარდ ჯეკსონი გუბერნატორად აირჩიეს. ტრადიციულად რესპუბლიკურ ორეგონში შტატის გუბერნატორად კლანსმენი დემოკრატი უ. პირსი აირჩიეს. 1923 წელს კლანსმენებმა ოკლაჰომის გუბერნატორის დ. უოლტონის იმპიჩმენტს მიაღწიეს.
კლანის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი “ამერიკა ამერიკელთათვის”, ინტერპრეტაციის ფართო საშუალებას იძლეოდა.
1920-იანი წლების შუახანისთვის, როცა კლანის პოპულარობამ მწვერვალს მიაღწია, წევრების რიცხვი 5 მილიონს აღემატებოდა.

1925 წლის 8 აგვისტოს კლანის 40-ათასიანმა დემონსტრაციამ ვაშინგტონში განსაკუთრებული, ზოგადეროვნული ყურადღება მიიპყრო. ეს არ ყოფილა კლანის იდეოლოგიისა და ძალის დემონსტრაცია სამხრეთის ან შუა დასავლეთის რომელიმე პროვინციულ დაბასა თუ ქალაქში. ამჯერად კლანი ქვეყნის დედაქალაქში, მთელ ამერიკას და შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოს აუწყებდა თავის სიძულვილსა და უპირატესობის გრძნობას შავკანიანების, ებრაელების, კათოლიკეებისა და ემიგრანტებისადმი. ეს უკვე სერიოზული და პირქუში გამოწვევა იყო. ვაშინგტონის კანონმდებლობით იკრძალებოდა ნიღბების ტარება დედაქალაქში გამართულ ცერემონიალებზე და კლანსმენებს არ მიეცათ საშუალება, ტრადიციული ნიღბებით დაეფარათ თავიანთი სახეები, თუმცა სხვა მხრივ ფორმა – თეთრჯვრიანი მოსასხამები და თეთრივე მაღალი ქუდები ძალაში დარჩა, მით უმეტეს, კლანსმენები ვინაობას სულაც არ მალავდნენ.
ასეთ გამოწვევაზე კელვინ კულიჯის მსგავს ინდიფერენტულ პრეზიდენტსაც კი უნდა მოეხდინა რეაგირება. ამერიკული ლეგიონის (აშშ-ის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია) წინაშე გამოსვლისას მან მკაცრად გააკრიტიკა რასიზმი და განაცხადა, რომ ღმერთს არც ერთი რასისთვის არ მიუნიჭებია მონოპოლია პატრიოტიზმზე. “ზოგი თავის ამერიკელობას სამი საუკუნის წინ “მეიფლაუერით” იწყებს, ზოგიც სამი წლის წინ, მაგრამ დღეს ყველა ერთ ნავში ვართ”. ეს ფრაზა თითქოს სავსებით ბუნებრივად ჟღერდა ამერიკის პრეზიდენტისგან, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ სწორედ კულიჯის წინამორბედის, უორენ ჰარდინგისა და კულიჯის მმართველობის პერიოდში მიიღეს უმკაცრესი და გარკვეულწილად, რასისტული ანტიემიგრაციული კანონები, განსაკუთრებით აზიური წარმოშობის ემიგრანტებისადმი. თან არც ჰარდინგი და არც კულიჯი არ გამოირჩეოდნენ კლანისადმი განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულებით, შეიძლება ითქვას, არავითარი როლი არ უთამაშიათ მისი გავლენის შესამცირებლად. ეს დრომ და თვით კლანსმენების ქმედებამ მოიტანა.
კლანის პოპულარობის დაცემა მნიშვნელოვანწილად “დიდი დრაკონის”, დევიდ სტეფენსონის სკანდალთან იყო დაკავშირებული. იგი მილიონერი გახლდათ, უყვარდა დროს ტარება და ლამაზ ქალთა საზოგადოება. მაგრამ 1925 წლის 15 მარტს ამ ლამაზმანთა მოტრფიალემ ერთი გარეგნობით არცთუ გამორჩეული, შინაბერა ქალბატონი მეჯ ობერჰოლცერი გააუპატიურა. გაოგნებულმა ქალმა თავი მოიწამლა. როგორც ამბობენ, შეშინებული “დრაკონი” მას ფულსა და ქმრობასაც ჰპირდებოდა, მაგრამ უარი მიიღო. ობერჰოლცერის დატოვებული ჩანაწერის თანახმად, გაუპატიურების შემდეგ სტეფენსონმა ის გასართობად გუბერნატორს მიუგდო. სასამართლომ სტეფენსონს მეორე ხარისხის მკვლელობაში დასდო ბრალი და მიუხედავად მისი დიდი გავლენისა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სკანდალმა უდიდესი გავლენა მოახდინა კლანელებსა და მთელ ამერიკაზე. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ამბობდა, რომ ამ მოვლენამ საერთოდ მოსპო კლანი. საზოგადოების აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ კლანი მხოლოდ რასიზმს კი არ ქადაგებდა, არამედ მაღალი მორალურ-ეთიკური ნორმების დამცველადაც აცხადებდა თავს და ბევრი ამერიკელი სწორედ ამიტომაც ემხრობოდა. შინაბერა ქალის შეცდენა, მოტყუება და ღირსებააყრილი თეთრი ქალის სიკვდილი უკვე მეტისმეტი იყო პურიტანი ამერიკელებისთვის. ამ შემაძრწუნებელ ამბავს კლანის სხვა, ცნობილი ლიდერების ფინანსური სკანდალებიც მოჰყვა, რომელთა გამოძიებაც საბოლოოდ კონგრესმაც დაიწყო. ამერიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სულ უფრო უარყოფითად ეკიდებოდა კლანის კაცთმოძულე იდეოლოგიას და მის, ხშირ შემთხვევაში, კრიმინალურ მეთოდებს. ალბათ კეთილდღეობამაც ბევრს დაავიწყა პრობლემები და კლანის მხარდაჭერაც ნაკლებად სჭირდებოდათ. 1930 წლისათვის კლანი სულ რაღაც 30 ათას წევრს ითვლიდა…

კუ-კლუქს-კლანი დღესაც არსებობს, მაგრამ მის გავლენას აღარასოდეს მიუღწევია 1920-იანი წლების დონემდე. ამაში დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომმა. საერთო მტრის წინაშე ამერიკელები გაერთიანდნენ და ასეთი კაცთმოძულე იდეოლოგიის ორგანიზაცია მასობრივი ვეღარ იქნებოდა, მით უმეტეს, კლანის რასისტული იდეოლოგია ძალიან წააგავდა ნაცისტების მსოფლმხედველობას და ალბათ ცოტა ვინმეს თუ უნდოდა მასთან საკუთარი თავის გაიგივება.
2000 წლისთვის კუ-კლუქს-კლანის სახელით მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაცია სულ 3 ათას წევრს ითვლიდა, მაგრამ, როგორც ცნობილია, რასიზმიცა და ნაციონალიზმიც მეტად სახიფათო ცნებებია და როდის და რა ფორმით გამოვლინდება, ძნელი სათქმელია. ამას XXI საუკუნეში განვითარებული მოვლენებიც კარგად ადასტურებს.

ავტორი: ვასილ კაჭარავა
წყარო: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი” & kvirispalitra.ge

 

Share Button

3 comments

  1. avatar
    gela22

    avatarსაინტერესოა

  2. avatar
    mario

    avatarკარგი სტატიაა

  3. avatar
    nino

    avatar :(

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>