loading...

«

»

ნოე 18

კუევა-დე-ლას-მანოსი – ფერწერული ნამუშევრების პრეისტორიული ძეგლი

ძვ. წ. IX ათასწლეულით დათარიღებული ეს პრეისტორიული ფერწერული მონაპოვარი, გარკვეულწილად  ისტორიის საჩუქარია, რომელიც შემონახულია ჩვენ დრომდე. მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვა პირველყოფილი ნახატებიც აღმოაჩინეს, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოქვაბულად, სადაც წარსულის ნაკვალევია შემორჩენილი მაინც არგენტინაში არსებული მღვიმე „კუევა-დე-ლას-მანოსი“ ითვლება.

ხელების გამოქვაბული (ესპ. Cueva de las Manos) სწორედ ასე ეწოდება ამ უნიკალურ ადგილს. მეცნიერთა მტკიცებით აღნიშნული სურათები შექმნილია 13 000 – 9 500 ათასი წლის წინათ. ნახატების შექმნის ტექნიკა საკმაოდ მარტივი იყო: პირველყოფილი ადამიანები პირში იგუბებდნენ საღებავს და შემდგომ პატარა მილის საშუალებით ასხავდნენ კედელზე დადებული ხელის გარშემო.

ყველაზე მეტი „ხელი“-ს ნახვა ქვაბულის შესასვლელშია შესაძლებელი. როგორც, წესი კედლებზე გამოსახულია მარცხენა ხელი, რამდენადაც მარჯვენა ხელით მხატვრებს შესაბამისი სამხატვრო ინსტრუმენტი, მილაკი ეჭირათ. მხატვრობისათვის პირველყოფილები შემდეგ ნატურალურ საღებავებს იყენებდნენ: რკინის ოქსიდი (ჟანგი) – წითელი ფერის მისაღებად, კაოლინი (თეთრი ცეცხლგამძლე თიხა) – თეთრი ფერის მისაღებად, მარგანეცის ოქსიდი – შავი ფერისათვის.

გამოქვაბუილში ხელების გარდა გამოსახულია მზე, ადამიანები, ცხოველები და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები. აგრეთვე გვხვდება მონადირეთა ცხოვრების ამსახველი სხვადასხვა ეპიზოდები: ჩასაფრება, თავდასხმა, ნადალვის გარშემო შეკრება.

მეცნიერები თვლიან, რომ ხელისგულების აღბეჭდვას გარკვეული რიტუალური ხასიათი ჰქონდა, მათი თქმით ეს იყო ადამიანის მოწიფულ ცხოვრებაში გადასვლის პროცესის დადასტურება.  დღეს ხელების გამოქვაბული პატაგონიის (არგენტინა) ერთ-ერთი უდიდესი ღირსშესანიშნავი ადგილია.  ეს პრეისტორიული ფერწერული ნამუშევარი 1999 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.