loading...

«

»

დეკ 06

ცდუნების ხელოვნება (ალტერნატივა)

ზუსტად ამ დროს, ქალაქის სულ სხვა წერტილში, ქალი სარკესთან იდგა მთელი თავისი ეშხით და ცდილობდა შავი თვალების სიღრმე უფრო გამოეკვეთა ფანქრით. უნდოდ გაბუსხული ტუჩები მუქ სისხლისფრად შეეღება. ღამისფერი ტალღები ეფინა ნახევრად მოშიშვლებულ ზურგზე. უხდებოდა თავისუფლებით სავსე დალალები, ისინი თითქოს პატრონის ხასიათს გასცემდნენ. დიახ, ქალიც ასეთი იყო, – თავისუფლებით სავსე და თამამი. თუმცა მხოლოდ ძალზე დაკვირვებული ადამიანი თუ შეამჩნევდა მისი თვალების ფსკერზე არსებულ ტკივილს.

სასწაულია, როგორ გამოსდით ქალებს ასე ოსტატურად ტკივილის დამალვა და მათი განუმეორებელ ხიბლად ქცევა?

იდგა ქალურობით აღსავსე სარკის წინ და საკუთარ ანარეკლს საყვედურობდა მდუმარედ.. დრო კი ქვიშის საათივით მარცვლავდა წამებს…

„მოწყალე მხოლოდ უფალია, მე არ მევალება ვიყო იდეალური“.

მზერა გაკვესა დახურული გულისპირისკენ, სადაც დიდი ხანია ფეთქვა შეეწყვიტა გულს.

წარმოგიდგენიათ რა საოცარია ადამიანთა შეგრძნებები? ისინი ერთმანეთს ეძებენ მუდამჟამს და მხოლოდ თანხვედრის შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე საკუთარ არარსებობას. სასწაული ხომ ზუსტად მაშინ ქრება, როცა ირწმუნებ მას…

ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა, როცა ქალმა ჩანთა გადაიკიდა ამაყად გამართულ მხარზე და გრამი სინანულიც კი არ წაიღო შეხვედრაზე.

მანქანაშიც არ უფიქრია ბევრი, უბრალოდ წარსულს ფურცლავდა საოჯახო ალბომივით და ამოხეული ფურცლები სტკიოდა…

გრაციოზული სიამაყით შეაბიჯა ბარში, სადაც მკრთალი შუქი ტალღასავით ეფინებოდა მაგიდებს. კუთხეში მჯდარი მამაკაცი შემოსასვლელ კარს ისე მისჩერებოდა, რომ ქალს წამით ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.

რამდენიმე წუთში უკვე მის მაგიდასთან ჩამოჯდა. თავაზიანად დაუკრა თავი და კაცის მწვანედ გამორეცხილ თვალებს გაუსწორა მტკიცე მზერა.

– იმედია დაგვიანებისთვის არ დამძრახავ, ხომ იცი, სასწაულებს ისევე მალე შეუძლიათ გაქრობა, როგორც დაბადება.

კაცი გაოცებას ძლივს მალავდა. შეყურებდა მის წინაშე მყოფ ქალს და ასე ეგონა, რომ მთელი ცხოვრება მის თვალებს ნატრობდა. ეს განცდა უფრო მატულობდა სისხლში და სასმელთან ერთად ტვინში იწყებდა დალექვას.

ქალმა ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და ნება-ნება გააბოლა. კაცი წუთით გონს მოეგო და ღიმილი მოირგო ტუჩებზე.

– არ მეგონა ამ ასაკში ვინმე თუ მოახერხებდა ჩემს გაოცებას, უნდა ვაღიარო დამაინტრიგე.

ქალმა თვალები დახარა და საფერფლეს ესროლა მზერაში გაჩენილი ავი ნაპერწკლები. „ახლა მხოლოდ საკუთარი მიმიკებისა და მზერის ფლობაა საჭირო“, – ფიქრობდა ის.

– მგონია, რომ გჭირდებით. ამაზე თქვენი ამოღამებული უპეები და მსუბუქად მთრთოლვალე ხელები მეტყველებენ.

თქვა მტკიცედ ქალმა და მკვეთრად ამოხედა მას. კაცს ღიმილი გაუქრა. უფრო მეტი ეჭვით დააკვირდა ქალს და წუთით ისიც იფიქრა, რომ მის წინ ახლა ილუზია განსხეულებულიყო. ნახევრადჩამწვარი სიგარეტი საფერფლეს მიასრისა და ვისკი გადაჰკრა. ქალი მშვიდი იყო, მხოლოდ მისი მოელვარე თვალები კვეთდნენ სივრცეს.

– როგორ მიპოვეთ?

ხმა გაბზარვოდა კაცს.

– მე არ მიპოვნიხართ, თქვენ თავად მეძებდით მე.

რა უცნაურია, ღმერთმანი. იჯდე ბარში უცნობ ქალთან ერთად და ისეთი განცდა გეუფლებოდეს, თითქოს აქამდე არც კი არსებობდი. (რა სენტიმენტალურია, როცა მხოლოდ ვიღაცის თვალები არის შენი არსებობის მიზეზი).

შუაღამემდე ისხდნენ ბარში, თუმცა არცერთ ყოფით საკითხს არ შეხებიან, მხოლოდ განცდებს უტოლებდნენ ერთმანეთს, რათა მათი თანხვედრა დაეგემოვნებინათ.

ბოლოს კაცმა სახლში დაპატიჟა ქალი და წინასწარ მოუბოდიშა მის ბინაში არსებული არეულობის გამო. ქალს გაეღიმა მის თავდაჯერებულობაზე.

მხოლოდ ძლიერ მამაკაცებს შეუძლიათ სრულ არარაობამდე მისულ მდგომარეობაშიც კი იყვნენ თავდაჯერებულები და მხოლოდ მათ ძალუძთ ამ ქვეყნად ყველაზე შეშლილი სიყვარული.

ქალი გრძნობის ქსელს ართავდა მდუმარედ და კაცის შემოსვას ცდილობდა…

მანქანაში ორივე ჩუმად იჯდა. თითქოს დუმილის სიღრმეს ამოწმებენო. ზამთრის სუსხის მიუხედავად მინა ჩაეწია ქალს და ნაკვთებს ისუსხავდა ყინვის ნაგლეჯებით. მიექანებოდა ბედისწერასთან შესახვედრად და ცდილობდა მეტი სიძლიერე აღეძრა სულის მიმალულ კუნჭულებში.

შეცდომები არ მეორდებიან და თუ მაინც იმეორებს ადამიანი რომელიმე მათგანს, მაშინ მათ მიერ გამოწვეული სინანულიც იცვლება.

– შენი ტკივილის მიზეზად რომ ვიქცე, რას იზამ?

ჰკითხა უეცრად ქალმა და კაცის პროფილს გახედა. თითქოს ბარში მზერების გაცვლის შემდეგ არც ისე დარწმუნებული იყო თავისი მიზნის მართებულობაში. ახლაც კაცისგან ელოდა შველას…

– ხომ იცი ტკივილის ადგილი სად არის?

ქალს ხმა არ ამოუღია, მზერა მოარიდა. კაცმა თავადვე გასცა პასუხი.

– მისი ადგილი სულშია, მე კი მზად ვარ ეს ტკივილი მთელი ცხოვრება ვატარო.

ქალს ერთ დროს გაჩერებული გული მოეწურა.

– ერთი ნახვით სიყვარულის გჯერა?

ცდილობდა ცინიზმი მოეშველიებინა. კაცმა არც კი შეიმჩნია ქალის ვითომ გულგრილი კითხვა.

– მე ერთი ნახვით შეშლის მჯერა.

უხდებოდა ეს თავდაჯერება, რომელიც პიკს აღწევდა და ქალს ფიქრებს უკაწრავდა.

არცერთს ამოუღია ხმა სახლში მისვლამდე.

შავ-ბნელ მოსახვევებში ცოდვები იბადებოდნენ და უსახლკარო სულებს ეძებდნენ…

ქალს ხმა არ ამოუღია, მზერა მოარიდა. კაცმა თავადვე გასცა პასუხი.

Share Button

2 comments

  1. avatar
    ტოტოღა

    avatarრავი რა გითხრა გაგირითმო გაბელ? :-D ძაან მაგარია *IN LOVE*

  2. avatar
    aridni

    avatardaaan magarıa. =) =) =)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>