loading...

«

»

იან 06

პიროკინეზი – თვითაალება

aaleba

ჩვენს სამყაროში ანომალიურ მოვლენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და იდუმალებით მოცული – ადამიანთა უნებლიე აალება-დაწვაა. ასეთ მოვლენას პიროკინეზი ეწოდება. მეცნიერები დღემდე ვერ უძებნიან თვითაალებას ახსნას. ზოგიერთი თვლის, რომ ორგანიზმში უცნობი ქიმიური პროცესები იწყებს  მოქმედებას, რის გამოც ორგანიზმის ტემპერატურა მაღლა იწევს და სიმხურვალე ალის სახით გამოიყოფა გარეთ.

ისტორიაში თვითაალების ფაქტები არც თუ დიდ იშვიათობას წარმოადგენს.  ასე მაგალითად, 1731 წელს იტალიაში იმდროისათვის უცნობი სულისშემძვრელი ამბავი მოხდა. გრაფინმია კორნელია მსახურმა ქალმა საძინებელ ოთახში, მისი საწოლის გვერდით, ფერფლის გროვაში იპოვა, ფერფლში გრაფინიას თავი, სამი თითი და ფეხები იყო. იმ ღამეს კორნელია სრულიად ჯანმრთელი დაწვა დასაძინებლად, შინ უცხოც არავინ შესულა. დიდი კვლევა-ძიების მიუხედავად მაინც უცნობი დარჩა ქალბატონის უეცარი სიკვდილის ფაქტი.

1919 წლის 7 აპრილს ერთ-ერთმა ინგლისურმა გაზეთმა დაბეჭდა სტატია მწერალ ჯორჯ ტემპლ ჯონსონის დაღუპვის შესახებ. შუაღამისას, სამის ნახევარზე ის თავის ოთახში მკვდარი იპოვეს. სხეულის ქვედა ნაწილი მთლიანად დამწვარი ჰქონდა, თუმცა არც ტანსაცმელზე და არც ოთახში ცეცხლის კვალი არსად ჩანდა, შარვლის ჯიბეში კი დიდი რაოდენობით ქაღალდის ფული ედო. სიკვდილის მომენტში დაღუპულს არ ეძინა – ჩაცმული იყო. მაშ, რატომ არავის დაუძახა დასახმარებლად, როგორ გადაურჩა ცეცხლს ტანსაცმელი, ფულის კუპიურები, ავეჯი?

 ამერიკის პრესაში 1986 წლის გაზაფხულზე იწერებოდა 58 წლის ნიუიორკელის დაღუპვის შესახებ. მამაკაცისგან, რომელიც 82 კგ-ს იწონიდა, ერთი კილოგრამი ფერფლი და თავის ქალა დარჩა. ხის სახლის კარი დაღუპულის ქალიშვილს დაკეტილი დახვდა, მამის ოთახში დამწვრის სუნი იდგა. ბედის ირონიით, აალებული მამაკაცი, რომელსაც, არავინ იცის, საიდან წაეკიდა ცეცხლი, მეხანძრე იყო.

1990 წელს ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში, საოპერაციო მაგიდაზე მოულოდნელად ცეცხლი წაეკიდა 26 წლის ემილია ერნავდეს. ახალგაზრდა ქალი ისე სწრაფად დაიწვა, რომ საოპერაციოში მყოფმა ექიმებმა გონს მოსვლა ვერ მოასწრეს. 1950 წელს მექსიკის სასამართლომ მარიო ოროსკო დაადანაშაულა უამრავი ადამიანის თვალწინ ცოლის, სასტუმროს მეპატრონის, მკვლელობაში. იმ საღამოს სასადილო დარბაზში სუფრას უსხდნენ კლიენტები – ადგილობრივი გარნიზონის ჯარისკაცები და გამვლელი ვაჭრები. მარიო ბუხარში დინჯად ატრიალებდა შანფურზე წამოგებულ ბატს, ახალგაზრდა მოსამსახურე ღიმილით ემსახურებოდა სტუმრებს, დიასახლისი, სინიორა მანოლი კი დიდ სავარძელში იჯდა და თვალყურს ადევნებდა ყველაფერს. უეცრად ქალმა წამოიყვირა. სანამ ხმას ამოიღებდნენ, მანოლი ცეცხლის ალში გაეხვია. ორიოდ წამის შემდეგ სავარძელზე მისი სამოსი და ფერფლი ეყარა…

ყველაზე სენსაციური მაინც 1960 წელს მომხდარი ამბავი იყო. აშშ-ში, კენტუკის შტატში, პიკვილის მახლობლად, გზაზე ნახეს მანქანა. მასში 5 მამაკაცის დამწვარი ცხედარი აღმოჩნდა. არც ერთს არ ეტყობოდა მანქანიდან გადმოსვლის მცდელობა. საკვირველი ისიც იყო, მანქანაში სხვა დამწვარი არაფერი იყო.

საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს ბევრ კუთხეში მომხდარა აალება, ზოგზე პრესაში იწერებოდა, ზოგსაც ზეპირად გადასცემდნენ ერთმანეთს.
50-იანი წლების ბოლოს, ერთ დისკოთეკაზე 19 წლის მეიბლი ენდრიუსი და მისი მეგობარი ბილი კლიფორდი თავდავიწყებით ცეკვავდნენ. ანაზდად გოგონას ცეცხლი მოედო. გვერდით მყოფებმა ვერაფერი უშველეს – მეიბლი წამში დაიფერფლა. როგორც ბილიმ თქვა, თითქოს გოგონას შიგნიდან გამოვარდა ალი… შარშან მონღოლეთში უცნაური ამბავი მოხდა: ორი მწყემსი ფარას მირეკავდა. უეცრად ერთ-ერთი აალდა და თვალის დახამხამებაში შავ ფისად იქცა. ტანსაცმელი ხელუხლებელი დარჩა. მეორე მწყემსს განზრახ მკვლელობა დააბრალეს და ციხეში ჩასვეს. მეორე დღეს, როცა მოსამართლე საკანში მის სანახავად მივიდა, გაშეშდა – პატიმრის მაგიერ საწოლზე ძვლები და ხორცის ნაგლეჯები ეყარა. სამოსს და ლოგინს ცეცხლი არც მიჰკარებოდა.

გასულ საუკუნეებში ფიქრობდნენ, რომ უმეტესად ალი ეკიდებოდათ მსმელ, სპირტით გაჟღენთილ ადამიანებს ან მწეველებს, რომლებსაც შემთხვევით დაეცემოდათ ტანსაცმელზე ნაპერწკალი. ეს, რა თქმა უნდა, დილეტანტური მოსაზრება იყო.

XX საუკუნის მეორე ნახევარში აღინუსხა აალების 200-ზე მეტი შემთხვევა. მათი ანალიზის შედეგად ამ პროცესის დამახასიათებელი თავისებურებები დადგინდა – აალება წუთებში, ზოგჯერ წამებში ხდება. უმეტეს შემთხვევაში ცხედრების ტანსაცმელი დამწვარი არ არის, რაც იმას მიანიშნებს, რომ აალება სხეულის შიგნით ხდება, თორემ პირველ რიგში სწორედ ტანსაცმელი დაიწვებოდა. ზოგჯერ დაწვას გადაურჩება ხოლმე სხეულის რომელიმე ნაწილი, ვთქვათ, მკლავები, თითები.

მეცნიერთა ვარაუდით, უჯრედებში უცნობი ენერგეტიკული პროცესები ვითარდება, რომლებიც სიძლიერით უტოლდება ცივ თერმობირთვულ რეაქციას, თავად უჯრედი კი ნამდვილი ბირთვული რეაქტორია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ორგანიზმს შეუძლია შექმნას თავისთვის საჭირო ქიმიური ელემენტები.

რამდენიმე თვის წინ ინდოეთში თვითაალების შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ფაქტი 3 თვის რაჰულს დაემართა. როგორც ექიმები და ოჯახის წევრები იუწყებიან პატარას მსგავსი შემთხვევა მეოთხედ ჰქონდა. ვერცერთმა ექიმმა ბავშვის ამ უცნაურ მოვლენას ახსნა ვერ მოუძებნა. თუმცა მედიკოსების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ცეცხლი ჩნდება, კანიდან გამომავალი ცხელი გაზების გამო.

ექიმებმა იმ საწოლის გვერდით სადაც პატარა იწვა ცეცხლმაქრი და სათლით წყალიც კი დადგეს, რათა სწრაფი რეაგირება მოეხდინათ ფაქტის განმეორების შემთხვევაში. აგრეთვე მედიკოსებმა პირობა მისცეს მშობლებს, რომ ასწავლიდნენ მათ ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედებას. ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მშობლებს ბავშვის მზისგან დაცვა მოსთხოვეს. თუ როგორია ბავშვის ამჟამინდელი  ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

 

 

წყარო: კვირის პალიტრა, 24smi.org, biblioteka-books.blogspot.com

2 comments

  1. avatar
    ნინო

    avatarვაიმე რა ცოდოა *UNKNOWN*

  2. avatar
    Tornike123

    avatarსაინტერესოა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>