loading...

«

»

იან 07

XVII საუკუნეში დაბეჭდილი ფსალმუნების წიგნი 14 მილიონად გაიყიდა

ნიუ იორკში Sotheby’s აუქციონზე1640 წელს გამოცემული ფსალმუნების წიგნი 14,165 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს წიგნი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ორთოგრაფიული შეცდომაა დაშვებული როგორც ბეჭდვაში, ისე თარგმანში, მას მაინც მიიჩნევენ ნაციონალური იდენტობის სიმბოლოდ.

ფსალმუნების წიგნი მასაჩუსეტსის შტატში 1640 წელს შეზღუდული რაოდენობით დაიბეჭდა და დღემდე მხოლოდ 11–მა მოაღწია, რომელთაგან მხოლოდ 5 ეგზემპლარია დაუზიანებლად შემონახული. ფსალმუნები პირველი ნაბეჭდი წიგნია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა.

ნივთი აუქციონზე ბოსტონის ერთ–ერთმა ეკლესიამ გაიტანა, რათა სარემონტო სამუშაოების ხარჯი დაეფარა. ფსალმუნების წიგნი ამერიკელმა ბიზნესმენმა დევიდ რუბინშტეინმა შეიძინა. აუქციონზე ამ ლოტის საწყისი ფასი 6 მილიონი დოლარი გახლდათ. ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ წიგნი 15–30 მილიონი დოლარის ფარგლებში გაიყიდებოდა. ვარაუდი არ გამართლდა და აუქციონზე ახალი მსოფლიო რეკორდი არ დამყარდა.

ამ წიგნზე ძვირად ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერი “ლესტერის კოდექსია” გაყიდული, რომელშიც 1994 წელს 30,8 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადეს.