loading...

«

»

თებ 27

რატომ სჭირდებათ ზებრებს ზოლები

სწავლულებმა გამოარკვიეს, სინამდვილეში რატომ აქვთ ზებრებს მათთვის დამახასიათებელი შეფერილობა.აღმოჩნდა, რომ შავ-თეთრი ზოლები ნაკლებად იზიდავს მწერებს. ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად სწავლულებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი სამ ჩვეულებრივ ცხენზე. პირველი ცხენი შეღებეს შავად, მეორე – თეთრად, ხოლო მესამე – ზებრის მსგავსად. ყველა მათგანი დაფარული იყო სპეციალური წებოვანი სითხით. შედეგად ყველაზე ნაკლები მწერი აღმოაჩინეს შავ-თეთრზოლებიანი ცხენის ტანზე.

სწავლულები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ ზებრების ზოლები დაცვის თავისებური ფორმაა. მრავალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მტაცებლებს ეს ზოლები არ აშინებთ, პირიქით, სიბნელის დროს, განსაკუთრებით კი მთვარის შუქზე, ასეთი ზოლები ზებრების მტრებისთვის ორიენტირს წარმოადგენს.

იმის დასტურად, რომ ზოლები ზებრებს მწერებისგან იცავენ, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მწერები ყველაზე ხშირად შავი ფერის ცხენებს ეტანებიან, ხოლო ზებრები, გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, შავია თეთრი ზოლებით და არა პირიქით. ემბრიონულ სტადიაზე ზებრების განვითარების კვლევებმა აჩვენა, რომ ჩანასახის ფონური ფერი შავია, თეთრი ზოლები კი – მოგვიანებით უჩნდება.

თუმცა, არის გამონაკლისი. მაგალითად, 2008 წელს ვეტერინარებმა კენიაში აღმოაჩინეს ზებრის აბსოლუტურად თეთრი კვიცი, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა ზოლები. ამავე დროს, ის სულაც არ გრძნობდა თავს არასრულფასოვნად და სავსებით ბუნებრივად იქცეოდა.

წყარო: for.ge