loading...

«

»

მარ 14

თემო სახურია – ,,კოლხური ტომი მოსინიკები”

მოსინიკები ცხოვრობდნენ სამხრეთ კოლხეთში შავი ზღვის სანაპიროზე, ტრაპეზუნტისსა და კერასუნტის დასავლეთით.მათი განსახლების არეალზე ცნობები დაგვიტოვეს ჰეკატე მილეტელმა, სტრაბონმა და სხვამ.ჰეკატე მილეტელის ცნობის თანახმად, მოსინოკები ცხოვრობენ კერასუნტისა და ფარნაკიის მიდამოებში, ხოლო ქსენოფონტეს ცნობით, მოსინოკების ქვეყანა იყო მთაგორიანი, მაგრამ მათ ზღვაც ჰქონდათ; მათი მეზობლები აღმოსავლეთით იყვნენ კოლხები და დრილები, დასავლეთით – მათივე ქვეშევრდომები ხალიბები.

მოსინიკებს იხსენიებს მთელი რიგი ავტორთა, ჰეროდოტე (ძვ.წ. V ს.), ფსევდო-სქილაკსი (ძვ.წ. IV ს.), ევდოქსე როდოსელი (ძვ.წ. III ს.), აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. III ს.), ფსევდო სკიმნოს ქიოსელი (ძვ.წ. II ს.), დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.), დიონიოს პერიეგეტი (II ს.), ეპიფანე კვიპრელი (314-403), ამიანე მარცელინე (IV ს.)… სტეფანე ბიზანტიელი (IV-VII ს.) თუმცა მოსინიკების შესახებ ვრცელ ცნობებს მხოლოდ სტრაბონი და ქსენოფანტე გვაწვდიან.

ბერძენი და რომაელი ავტორების აზრით, მოსინოკების სახელი მომდინარეობს ბერძნული მოსსუნ “ხის კოშკი” და ოიკოს “სახლი” სახელებისგან.ივ. ჯავახიშვილის აზრით, “მოსსვინიკი” არის ქართველური წარმომავლობის სიტყვა: მო-//მა- თავსართია, სსვინ- იგივე რაც ჭან- (ჭანეთი) ფუძე, ხოლო -იკ- არის მრავლობითობის -ხ- სუფიქსის რეფლექსი.ს.ჯანაშია აზრით, სანიგ- ფუძე ამოსავალია მოსინიკ- ფუძისათვის; ამ უკანასკნელში გამოიყოფა მა-/მე-/მო-/მუ- ქართველური პრეფიქსი, სინ-/სან- ძირი და -იკ- სუფიქსი.
მოსინიკები საკმაოდ დაწინურებული ყოფილან მეზობელ ტომებთან შედარებით. ივ. ჯავახიშვილი სტარბონზე დაყრნობით წერს : იმ ქართველი ტომების მიწა-წყალი, რომელნიც შავი ზღვის სამხრეთითა ცხოვრობდნენ, ბუნებრივი თვისებების მიხედვით, ორ ნაწილად იყოფებოდა: ერთი ზღვის სანაპირო იყო, მეორე კიდევ მთა-ადგილები.რასაკვირველია ისინი, ვინც ზღვის ნაპირას ცხოვრობდნენ, უკეთესს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ. აქ ხალხი თევზს იჭერდა, ნაჭერ-ნაჭერად სჭრიდა და ამარილებდა, ზოგს-კი (თევზის ქონს) ყველაფერში ბლომადა ხმარობდნენ ხოლმე. ქსენოფონტეს უკვე IV საუკუნეში ქრ. წ. მოსინიკების სახლებში დიდ ქილებში ჩადებული, დაჭრილი და დამარილებული ზღვის ღორის (დელფინების) ხორცი დახვდა; დოქებში კიდევ ამ თევზის ქონი იყო შენახული, რომელსაც მცხოვრებნი ძროხის ერბოს მაგივრად ხმარობდნენ. თუმცა სახნავი მიწა სამყოფი არა ჰქონიათ იმიტომ, რომ ვაკე ადგილი ძალიან ცოტა იყო, მაგრამ რაკი იქ ნიადაგი ნაყოფიერი და ღონიერია, ქსენოფონტეს და მისს ამხანაგებს სახლებში დიდძალი განიავებული პური დახვდათ, რომელიც მოსინიკების სიტყვით შარშანდელი გამოსავლისა ყოფილა, და ახალი ჯერ კიდევ გაულეწავი პური სდგმიათ. კოლხების სოფლებში ბერძნების ჯარისკაცებმა დიდძალი სურსათი იპოვეს და აუარებელი ფუტკრის სკები ნახეს. ერთი სიტყვით, აქ ხალხი ძალიან მისდევდა მიწის მოქმედებას და კარგი შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ მცხოვრებნი ბევრნი იყვნენ და პური სამყოფი ყველგან არ ყოფილა; კაკლითა და წაბლით ივსებდნენ, თურმე, დანაკლისს; ახლო-მახლო მთები სავსე იყო ხოლმე ამ ხეებით. ქსენოფონტე მოგვითხრობს, რომ მოსსინიკები წაბლს განსაკუთრებით ან მოხარშულსა სჭამდნენ ან არადა პურად გამომცხვარსაო. მიწის მოქმედების გარდა, აქ ღვინის დაყენებასაც მისდევდნენ. იქაური ღვინო, ქსენოფონტეს სიტყვით, უწყლოდ მეტად ცხარე იყო და გემოთი მწკლარტე, წყალ-ნარევი კი სურნელოვანი და სასიამოვნო სასმელიო ჯერ ჰეროდოტეს დროსვე შავი ზღვის ნაპირი, სახელდობრ მაშინდელი კოლხეთი, სელის ქსოვილებით იყო განთქმული. ელინები ამ ქსოვილებს სარდონის ტილოებს ეძახდნენ” ცხადია მოსინიკების დაწინაურება სხვა ტომებთან შედარებით განაპირობა მათმა საცხოვრებელმა ადგილმა, რომელიც სხვა ადგილებთან შედარებით უფრო ნოყიერი იყო, ასევე ზღვის გასწვრივ მდებარეობდა რაც ხელს უწყობდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც თევზჭერით იყვნენ დაკავებულნი, რასაც ადასტურებს ზემოთ მოყვანილი სტრაბონისეული ცნობა.

როგორც ცნობებიდან ჩანს მოსინიკები მხოლოდ თევზაობით არ ირჩენდნენ თავს, მართალია მეტალურგიაში მათი მოძმე ტომი ხალიბები უფრო დაწინაურებულები იყვნენ თუმცა არც მოსინიკები ჩამოუვარდებოდნენ მათ მეტალურგიულ საქმიანობაში.ბერძნების მეცნიერის თქმით, მოსინიკების თითბერს ლაპლაპი გაჰქონდა და მეტის-მეტად თეთრი ყოფილა თურმე. მოსინიკები სპილენძს ტყვიას კი არ ურევდნენ, არამედ ერთგვარ იქაურ მიწას, რომელსაც სპილენძთან ერთად ადნობენ ხოლმე… მოსინიკების ძველი ჭურჭელი საუკეთესო იყო, ეხლანდელი კი ისე კარგი აღარ არისო.როგორც ჩანს ამ პერიოდში ელადაში ხალიბური წარმოების ჭურჭელი უფრო ფასობს ვიდრე მოსინიკების მიერ წარმოებული. თუმცა ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ სიტყვა „თითბრის“ სახელწოდება ევროპულ ენებში (Messing) მოსინიკების სახელიდან მომდინარეობს. ძ.ვ.წ V საუკუნეში სტარბონის ცნობით სოფლები გაშენებული ყოფილა მთების კალთაზე ასევე სტრაბონის გადმოცემით მოსინიკებს სახლები ორსართულიანი სცოდნიათ, ზევით სანოვაგესა და სურსათს ინახავდნენ, ძირს კი თვითონ უცხოვრიათ. როგორც ჩანს ხის სახლები იაფი ჯდებოდა რადგან საკმაოდ იყო მოსინიკების მიწა წყალზე ხე_ტყე, მოსინიკები ასვე ხისგან აგებდნენ ზღუდეებსაც.მოსინიკების შესახებ ასევე საინტერესო ცნობები დაგვიტოვა ქსენოფონტემ, ქსენოფონტე განსაკუთრებით მოსინიკების ქცევას გაუკვირვებია: როცა ისინი მარტოკა იყვნენ ხოლმე, თავი ისე ეჭირათ, თითქოს საზოგადოებაში ყოფილიყვნენ: თავიანთთვის მაღალხმივ ლაპარაკობდნენ თურმე, ხარხარებდნენ, ადგებოდნენ და ცეკვას დაიწყებდნენო.მამაკაცებს ზურგისა და წინა-ტანის კანი ფერადი წამლებითა ჰქონდათ მოხატული. ეტყობა ტანისამოსი ძალიან მოკლე, წამოსასხამის მაგვარი, ჰქონდათ, თორემ სხეული რომ ტანისამოსით დაფარული ჰქონოდათ, მაშინ ტანის მოხატვას რაღა აზრი ექნებოდა.

ქსენოფონტეს აზრით მოსინიკები ყველა ტომებზე უფრო ველური ყოფილან. მოსინიკებს თურმე დაურიდებლად სქესობრივად შეუღლება სწადდათ იმ როსკიპებთან, რომელნიც ელლინებს თან მიჰყავდათ ― ასეთი ზნე ჰქონიათო, დასძენს ბერძენი ისტორიკოსი (ივ.ჯავახიშვილი).ჰეროდოტეს ცნობის თანახმად ტიბარენებს, მაკრონებსა და მოსინიკებს თავზე ხის ჩაფხუტები ეხურათ, იარაღად კიდევ პატარა შუბებს და ფარს ხმარობდნენ ხოლმე. შუბები დიდწვეტიანი იყო, როგორც ჩანს ეს ტომები ბერძენთა შემოტევისას ერთიანდებოდნენ და გაერთიანებული ძალებით ებრძოდნენ.ივანე ჯავახიშვილის თქმით, ყველაზე უკეთესად მოსსინიკები იყვნენ შეიარაღებულნი თითოეულს ტყავგადაკრული დაწნული ფარი ჰქონდა, ხელში 15-წყრთიანი შუბი ეჭირა, რომელსაც თავზე ჯერ ვაშლი ჰქონდა გაკეთებული, მერე შუბი; ყველას პაფლაღონიური რკინის ცულები დაჰქონდა, ტანზე პატარა ნაქსოვი პერანგები ეცვა, რომელიც მუხლებამდისა სწვდებოდა, ხოლო თავზე ტყავის ჩაფხუტები ეხურათ.

მრავალ ათასწლოვან საქართველოს ისტორიის სათავეში მდგომი, კოლხეთის სამეფო შედგებოდა სხვადასხვა, თუმცა ერთი მოდგმის ტომებისაგან, ერთერთი გამორჩეული ტომი გახლდათ სწორედ მოსინიკები.

გამოყენებული ლიტერატურა

1.სტრაბონი გეოგრაფია რედაქტორი: თ.ყაუხჩიშვილი
2.ივანე ჯავახიშვილი “ქართველი ერის ისტორია” ტომი I 1979 წელი
3.ქართველთა აღმნიშვნელი ძველი და ახალი სახელები

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>