loading...

«

»

მარ 15

თემო სახურია – ,,თამარ მეფის საფლავის საიდუმლო“

საქართველოში ბევრი ლეგენდა არსებობს თამარ მეფის  საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ. მათი უმრავლესობა მხოლოდ ხალხური წარმოშობისაა და არანაირი კავშირი არ აქვს ისტორიული სინამდვილესთან. ოფიციალური ქართული ისტორიოგრაფია ცალსახად და ნათლად აფიქსირებს თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელს.

თამარ მეფის თანამედროვე ისტორიკოსების შრომებიდან ჩვენამდე მხოლოდ სამი მათგანის ნაშრომმა მოაღწია ესენია ,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ ,,ცხოვრება   მეფეთ-მეფისა  თამარისი“ ,,ლაშა გიორგის მემატიანე“ სწორედ ამ წყაროებზე დაყრნობით ოფიციალური ქართულ ისტორიოგრაფიაში თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელად გელათის მონასტერია მიჩნეული.

ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, რომდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა.  მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს, ხალხი ეკლესიაში ლოცულობდა მეფის ჯამრთელობისთვის, მკურნალები კი ყველაფერს აკეთებდნენ მეფის გადასარჩენად მაგრამ ამაოდ. თამარ მეფე გარდაიცვალა 1215 წელს.   ზოგი მეცნიერი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად სხვა წელს მიიჩნევს. დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება. როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ თამარ მეფე ჯერ მცხეთაში დაასვენეს, მცხეთიდან კი გელათის მონასტერში გადაასვენეს. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ გვაუწყებს „აღმოიყარნეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათსა დაამკვიდრეს თავისსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულ პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა. “მსგავსი ცნობა დაგვიტოვა „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“–ს ავტორმა ,,ამისთვისცა მოხესნა რისხვით მოწყალემან ღმერთმან სამკვიდრებელსა თვისსა, და მიიცვალა მეფე თამარ ხმელსა (ი.გ. ტაბახმელა) დგომასა შინა. მოიწია მწუხარება დიდი და მიუთხრობელი მკვიდრთა საქართველოსათა. და ძნელად გამწარებულნი იტყებდეს და ისხმიდიან თავსა ნაცარსა და მტუერსა ათაბაგი და ყოველნი და წაიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათსა და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა ძესა თავისსა ლაშას“ ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეც იზიარებს ზემოთ მოცემულ ისტორიულ ცნობას. „ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“: „მეფესა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნი და მეფენი… დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“ თამარ მეფის გელათში დაკრძალვაზე მიუთითებენ ასევე ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბაგრატიონი და თეიმურაზ ბაგრატიონი. როგორც ამ ისტორიული წყაროებიდან ჩანს თამარ მეფის საფლავი არის გელათში.

„სამი ისტორიკოსი – ორი თამარ მეფის თანამედროვე , მისი შვილი ლაშა-გიორგის დროინდელი ქართველი ისტორიკოსი და შემდეგ ვახუშტი ბაგრატიონი წერენ, რომ თამარი დაკრძალეს გელათში, რა ვუყოთ ახლა ამას? რა ვქნათ ასე წერენ ეს ისტორიკოსები და შემდეგ წამოვიდა ხალხური გადმოცემები. მაშინ როდესაც თამარი გარდაიცვალა, მისი საფლავი დასამალი და შორს წასაღები არაფერი არ ჰქონდათ, რადგან საქართველო იყო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო მახლობელ აღმოსავლეთში. შემდეგ როდესაც საქართველო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა დაიწყო ამაზე ლეგენდების მოგონება, რომ ისე დამარხეს, რომ არავის სცოდნოდა სად იყო, სად არის და როგორ არის. და არის გელათში თამარის ეკლბერი, ის საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა ეს თორემ იქ მას თავისი მომვლელი ჰყავდა რომელსაც უხდიდნენ გარკვეულ გასამრჯელოს.“ -განაცხადა მარიკა ლორთქიფანიძემ პირველ რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში. ამ მოსაზრებას იზიარებს მთელი რიგი ქართველი ისტორიკოსებისა, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია წერს: ,,ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ თამარ მეფე სად არის დასაფლავებული, ვინაიდან წერილობითი წყაროები გვაძლევს ამის პირდაპირ ცნობას რომ თამარ მეფე არის გელათში დასაფლავებული, რაც შეეხება ასეთი ვარაუდები იმ პერიოდის ისტორიული საქართველოს ყველა რეგიონში მიუთითებენ ადგილს, ტაძარს, სადაც შესაძლებელია თამარის საფლავი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, დანამდვილებით ერთი რამ თამარ მეფის ორივე ისტორიკოსი. ასევე ლაშა-გიორგის უცნობი მემატიანე  პირდაპირ მიუთითებას, რომ თამარი დასაფლავებულია გელათში. მეტიც XII საუკუნის 70-იან წლებამდე კონკრეტულად ქართულმა საზოგადოებამ იცოდა სად იყო დასაფლავებული თამარი ვინაიდან განწესებული იყო თამარის საფლავის მწირველი, ასე, რომ ეს საკითხი ვფიქრობ , რომ აზრთა სხვადასხვა მეცნიერებს შორის არ იწვევს“.

თამარ მეფის საფლავი რომ გელათშია ამას ადასტურებს თამარის ეპოქის შემდეგ მოღვაწე ისტორიკოსთა ცნობებიც. საინტერესო ისტორიული ცნობაა დაცული 1260–1267 წლებში დავით ნარინის მეუღლის მიერ გელათის მონასტრისადმი შეწირულ სიგელში. სიგელში დედოფალი აღნიშნავს ,,და თვით იგი სიგელი და ბეღესგან ჩემთვის მოცემული დაწერილი დავსდევ მონასტერსა შინა, კითხვითა, მოხსენებით და მოწიწებითა დიდისა მოძღვართ–მოძღვრისა, დავითისა მწირველისა ანტონისითა, დიდისა მონასტრისა წინამძღვრისა, პატრონთა მწირველისა იოვანესითა, პატრონთა გამზრდელისა, თამარის მწირველისათა ილარიონ ფავლენისათა“ როგორც ამ ცნობიდან ჩანს მეფის საფლავი გელათშია და მას მწირველიც ყავს ილარიონ ფავლენი თუმცა სხვა ცნობები ილარიონ ფავლენის ვინაობის შესახებ არ მოგვეპოვება, ამ ცნობაზე დაყრნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ ილარიონ ფავნელი მოღვაწეობდა გელათის მონასტერში და იყო მწირველი თამარ მეფის საფლავზე. ასევე ამ ცნობიდან ჩანს რომ მეფე დავითის საფლავსაც ყავდა მწირველი ანტონი, როგორც ჩანს ეს ერდგვარი ტრადიცია იყო ქართულ ეკლესიაში. როცა წმინდა მეფეთა განსასვენებელს ემსახურებოდნენ სასულიერო პირები.

XVII საუკუნეში მოღვაწე მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძე წერს ,,წაასვეს მამა–პაპათ სამკვიდროს საფლავსა გელათ–ქუთათისისა და მიაბარეს საფლავსა და ს(ა)ხლსა ყველა წმიდისა პატიოსანი მეფეთმეფე თამარი “როგორც ამ ისტორიული ცნობებიდან ირკვევა XVII საუკუნის ქართული საზოგადოებისთვის თამარ მეფის საფლავი ისევ გელათშია. ასევე გელათის მონასტრზე საუბრისას თამარ მეფის საფლავს გელათში მოიხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონი იგი წერს : ,,ეკლესია ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა… აღაშენა აღმაშენებელმან დავით მეფემან და უწოდა სასუფეველს გენაათა და აწ უწოდებენ გელათს… ამას შინა დაფლულ არიან აღმაშენებელი, გიორგი, თამარ, ლასა, რუსუდან, დავით, დავით და სხვანიცა.და აწინდელი მეფენი შემდგომად განყოფისა იფლვიან იმერთანი“.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული წყაროები ნათელს ფენენ თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობას, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელნი ცდილობდნენ თამარის საფლავის ადგილმდებარეობად თავიანთი კუთხე განესაზღვრად. დიდი ქართველის ვაჟა ფშაველას მოსაზრებით თამარ მეფის საფლავი ფშავში იყო. „სახალხო ფურცელის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ფ. სხვიტორელის წერილის საპასუხოდ დიდი ვაჟა წერს: ,,პატივცემულ ავტორის მოყვანილი ცნობები მე ადრე მაქვს მწერლობაში აღნიშნული, თუმცა ისე დასაბუთებული არა, როგორც ბ.სხვიტორელს; მას უკვე ხელთ უგდია წერილობითი საბუთი, დოკუმენტი თამარის საფლავის არსებობისა ფშავში, რაც მე დიდი ხანია მწამს და მჯერა და არადროს არ ვეთანხმებოდი ჩვენი მემატიანის ცნობას, ვითომცდა თამარის სავანე გელათში იყოს. მოხარული ვარ, რომ ჩემი აპრიორული მსჯელობა და ფიქრები ფაქტებით მტკიცდება, ეს ძალიან კარგი. ხოლო ამ წერილის მიზანი სრულიად სხვაა და არა იმის დამტკიცება, რომ თამარის საფლავი მართლა ფშავშია“, თუმცა ამ მოსაზრებამ გავითარება ვერ პოვა ქართულ ისტორიოგრაფიაში. ასევე საინტერესოა ცნობაა დაცული საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ დოკუმენტურ მასალაში სადაც აღმოჩნდა ფრანგი ჯვაროსნის – დე ბუას წერილი, ფრანგი რაინდი ბეზანსონის არქიეპისკოპოს ამადე დე ტრემლეს ატყობინებდა „გავიგეთ და სანდო მაცნეთა წყალობით ჭეშმარიტად მივითვალეთ, რომ ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რომელთაც გეორგენებს (ქართველებს) უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეგონებულნი, უთვალავი მეომრით უშიშრად აღსდგენ ურწმუნოთა წინააღმდეგ. მათი თექვსმეტი წლის მეფე მსგავსია ალექსანდრესი (მაკედონელისა) შემართებითა და მოკრძალებით, რწმენით კი – არა. ამ ახალგაზრდას მოაქვს დედამისის – უძლიერესი დედოფლის თამარის ძვლები, ვინაიდან (თამარს) მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, იერუსალიმში წასულიყო და მისი ძვლები უფლის საფლავის ახლო დაეკრძალა. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად“. ამ დოკუმენტის ქართული თარგმანი 1929 წელს ზურაბ ავალიშვილმა გამოაქვეყნა პარიზში. თუმცა როგორც ამბობენ თვითონ ბატონ ზურაბსაც არ სჯეროდა ფრანგი ჯვაროსანის ამ ცნობის.

XX საუკუნეშიც არ განელებულა ქართველების მხრიდან თამარ მეფის საფლავის ადგილმდეობარეობაზე ინტერესი, ექვთიმე თაყაიშვილმა 1920 წლის ივლისში ალექსანდრე ჯავახიშვილთან ერთად გელათში არქეოლოგიური გათხრები აწარმოა. სამეცნიერო ლიტერატურაში ადრე მითითებული იყო 1919 წელი, თუმცა ხელნაწერთა ინსტიტუტში ექვთიმე თაყაიშვილის ფონდში დაცულ შავ ჩანაწერს აწერია „გელათი, 1920 წელი. 26 ივლისი. არქეოლოგიური გათხრები მალევე შეჩერდა მიზეზი ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. თუმცა როგორც როგორც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1920 წლის 18 ივლისს დიმიტრი შევარდნაძისთვის გაგზავნილი ბარათიდან ირკვევა, ქუთაისის მიტროპოლიტს, იქაურ სამიტროპოლიტო წევრის თანდასწრებით „ცნობისმოყვარეებისათვის ეგრეთ წოდებული თამარის საფლავი აეხადა, მაგრამ გამოკვლევა თავის თავზე ვეღარ ეკისრა და დაეხურა“. ამის შემდეგ მიტროპოლიტს მეცნიერებისთვის უთხოვია დახმარება. ექვთიმე თაყაიშვილი წერს: „მერე ჩვენ გვთხოვა, მოდით და გამოვიკვლიოთ. მოდის კომისია: მე, კეკელიძე, სამიტროპოლიტო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე ჯავახიშვილი (როგორც ანთროპოლოგი) და შენ გთხოვთ, როგორც სამხატვრო საზოგადოების წარმომადგენელს და მხატვარს, უსათუოდ მონაწილეობა მიიღო შენებრ ენერგიული. საფლავს, როდესაც ავხდით, ყველაფერი ისე უნდა ჩაიხატოს, როგორც გამოჩნდება და ამის მასალაც უნდა წამოიღოთ“. თამარის საფლავად მიჩნეულ სამარხში თამარ მეფის ნაცვლად, სხვა ოთხი მიცვალებული აღმოჩნდა დაკრძალული. აქედან ერთი ქალია (ალექსანდრე მეფის მეუღლე უნდა იყოს), ორი – ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი – ბავშვი.

ჩვენი აზრით, თუ თამარ მეფის გადასვენების ვერსიას სარწმუნოდ მივიჩნევთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საიდუმლოდ მოხდა მონღოლების შემოსევის წინ. ეს ფაქტი საქართველოში არ გახმაურებულა და ქართველ ისტორიკოსებს ამის შესახებ არანაირი ისტორიული ცნობა არ დაუტოვებიათ. ქართულ ოფიციალურ ისტორიოგრაფიაზე დაყრნობით კი თამარ მეფის საფლავი გელათის მონატერშია.

 

გამოყენებულ ლიტერატურა:

  • ,,ისტორიანი” 2012 N 6
  • ჟურნალი „თბილისელები“, 11 ნოემბერი, 2009 წელი
  • სტორიანი და აზმანი შარავანდეთთანი, ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959
  • ვაჟა ფშაველა ,, თამარის საფლავის გამო“1915 წ
  • პირველი რადიო ,,სომხები და იტალიელები ქობაირში ტამარ მეფის საფლავს ეძებენ“ 2013.10.26.
  • თამარ მეფის დროინდელი მატიანე („ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი“)
Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>