loading...

«

»

აპრ 04

შხამიანი ყვავილები

თქვენ გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ შეიძლება მოკლა საყვარელი ადამიანი? მე კი უკანასკნელი ორი თვეა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.

მეტი სიცხადისთვის და ალტერნატიული ვარიანტების განხილვისთვის მთელ ჩემი დროისა და ფიქრის მარაგს ვხარჯავ.

ახლაც, აყროლებული სიგარეტით ხელში ძველებურ საბეჭდ მანქანაზე ვწერ ამ ყველაფერს და წინასწარ გული მიწუხს იმის გაფიქრებაზე, თუ რა იქნება ამ ღამესაც რომ ვერ დავიძინო. უფრო მეტად გასაგები, რომ გავხადო ჩემი აბდაუბდა, ვეცდები ავხსნა საგნების თანმიმდევრობა. ეს ცოტა ძნელია, რადგან არსებული სიტუაცია ზუსტად იმის ასახვაა, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ და საკუთარ თავზე საუბარი კი მეტად მეზარება იმისთვის, რომ ამაზე დიდხანს შევყოვნდე. ერთადერთი, რაც ახლა მაღელვებს გუშინდელს მერე დაკარგული ძილია. თითქმის ორმოცდარვა საათი ხდება, რაც ვერაფრით ვახერხებ დაძინებას და უკვე უცნაური შეგრძნებებიც მეუფლება ამის გამო.

თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია იმისთვის, რომ ტელევიზორთან წინანდელზე უფრო დიდხანს შემოვრჩი, მაგრამ როცა დამათენდა თავზე და წინა საღამოს დალეულმა არაყმა ვერაფერი მომიხერხა, მაშინვე ცუდად მენიშნა. დღეც ერთთავად უაზროდ გავატარე, თითქმის ორი კოლოფი სიგარეტი მოვწიე, არც ლუდი დამიკლია, თუმცა ძილის წინ წამოსული მოთენთილობა მაინც არ მომკარებია.

ახლა კი, ვზივარ სახელურებმორყეულ სავარძელში და ცალკე გაბრუებული რეალობა მახვევია გარს და ცალკე მგონია, რომ კანი ცელოფანის მსგავსი მიხდება და თანდათან მეჭმუჭნება. თვალების სიმშრალესა და ნიკაპისკენ დახრილ მიმიკებზე საუბარიც კი არ ღირს.
მოკლედ, უჩვეულოდ გატარებული ჩემი ორი თვე შეიძლება ითქვას, რომ თავის პიკს უახლოვდება და სამსახურიდან წამოსვლის მერე ნამდვილ ბომჟს ვგავარ. ჩემი პროფესიული ამბები აქ მოსატანი ნამდვილად არ არის, ამიტომაც მასზე არ შევჩერდები. ძირითადი ფაქტი, რომ მე უსაქმური, მწეველი და ალკოჰოლის მოყვარული კაცი ვარ, უკვე აღინიშნა.
არა, საქმე მთლად ისე ცუდადაც არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება აღიქვას ადამიანმა. ჯერ კიდევ მაქვს შერჩენილი ღირსებისა და კაცური თავმოყვარეობის გარკვეული დოზა და ამის ფონზე უმუშევრობა დროებითი პრობლემაა.

რაც შეეხება საკითხს, თავში ვახსენე, გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ საყვარელი ადამიანი მოკლათ? ან თუ კი, მაშინ რატომ?

სარა არაჩვეულებრივი ქალია (ჩემს მეუღლეზე მაქვს საუბარი). როცა პირველად სტივის დღეობაზე შევხვდით ერთმანეთს, ჯერ კიდევ კოლეჯის მოსწავლე იყო. მახსოვს, როგორ მოვხიბლე ჩემი საუბრებით და ბოლოს იმდენი მოვახერხე, რომ მასზე ჯვარიც კი დავიწერე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ყავისფერნაწნავიანი გოგო ჩემს გვერდით უნდა წოლილიყო, თანაც ყოველღამე. დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია ასაკის მიუხედავად (ამ შემთხვევაში მისი მცირე ასაკი ვიგულისხმე) და ბოლო-ბოლო ჩემთან გადმოვიყვანე, სადაც მშობლების დაღუპვის მერე მარტო გამქონდა ცხოვრებისეული, ერთფეროვანი ყოველდღიურობა.

სარას პროტესტი არ გამოუხატავს, პირიქით, მომეჩვენა რომ მოეწონა ქალაქგარეთ მდებარე ორსართულიანი სახლი და ეგ კი არადა, რამდენიმე თვეში ჩემგან უყურადღებოდ მიგდებული ეზოც კი ააყვავა. სიმართლე რომ ითქვას, არ მიყვარს ყვავილები, მუდამ გასვენებებს მახსენებს და ესეც რომ არა, საკმაოდ ალერგიული ვარ.

ხოდა, თემას რომ დავუბრუნდეთ, ზუსტად ეს ორი დღეა, რაც არ მძინავს, სახლში სრულებით მარტო ვარ. სარა მშობლების სანახავად წავიდა „უიკენდზე“ და უძილობასთან საბრძოლველად უპასუხისმგებლოდ მიმაგდო. არა, მასზე არ ვბრაზობ, სიგარეტიც ბლომად მიყიდა წასვლამდე და კარშიც იმდენი მკოცნა, მეგონა სამუდამოდ აპირებდა ჩემს დატოვებას.
ჯანდაბა, რა უცნაური ახირებაა წერო საბეჭდ მანქანაზე ამ ოცდამეერთე საუკუნეში. თუმცა მაინც ჯიუტად არ ვიშლი ჩემს ჩვევას. კომპიუტერის კომფორტი მაშინებს, უნდა ვაღიარო. ერთხელ დაწერილს, რომ წაშლი, ასეთ დროს მწერალს თავი ღმერთიც შეიძლება ეგონოს. მე მართალია შორს ვარ ორივესგან, მაგრამ სიგარეტისგან აყროლებული თითებით რაღაცის წერას მაინც ვცდილობ.

ახლა კი, როცა მეტ-ნაკლებად მიმოვიხილე ჩემი და სარას თემა, მინდა გამოვტყდე ერთ, თითქოს სამარცხვინო, თუმცა ჩემთვის უფრო საგანგაშო საკითხზე.

ბოლო ორი თვეა ცუდი სიზმრები მაწუხებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, მესიზმრება, თითქოს სარას ვკლავ. რაც შეეხება სიუჟეტს, აქ სრული მრავალფეროვნებაა. ხან ჩემს ძვირფას მეუღლეს დანით ყელს ვუფატრავ, ხან ფანჯრიდან ვაგდებ (და გაითვალისწინეთ, რომ დახურული ფანჯრიდან) ხან გატეხილი ბოთლით მუცელში ვაყენებ სასიკვდილო ჭრილობას, ხანაც ვუსაფრდები და კიბიდან ვაგორებ. დამეთანხმებით, ფანტაზიას ნამდვილად არ უჩივის ჩემი ქვეცნობიერი, როდესაც მე დამშვიდების იმედით ვდებ თავს ბალიშზე, მაგრამ დალახვროს ეშმაკმა, რაღაც ხომ უნდა იყოს ამ ჯანდაბა თავში? ისე როგორ შეიძლება ლამის ყოველღამე ნახულობდე მსგავს სიზმრებს?

მიხარია, რომ სარა მშობლების სანახავად წავიდა. ეს უძილობა მგონი ფარული შიშის შედეგია. ბოლოსდაბოლოს დაიღალა ჩემი გონება მსგავსი სიზმრებით და ასეთი გამოსავალი იპოვა, მაგრამ ის კი ვერ გაითვალისწინა ამ იდიოტმა, რომ უძილობისგან სარა არა, მაგრამ მე კი ნამდვილად მოვკვდები.

ახალ ღერს ვუკიდებ და ფურცელსაც ვცვლი საბეჭდ მანქანაში (სიზუსტისადმი სიყვარული ბავშვობიდან მაქვს, დედის მიერ აკურატულად დალაგებული პერანგები ახლაც თვალწინ მიდგას, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ ხუთი-ექვსი წლის თუ ვიქნებოდი). და იმას ვამბობდი, რომ სარას შორს ყოფნა უფრო მამშვიდებს, გულუბრყვილოდ მგონია, რომ პასუხებს ვიპოვნი მის მოსვლამდე, თუ საიდან იღებენ სათავეს ეს სიზმრები და სურვილები.

როცა ვახსენე, სურვილები-თქო, არ გადამიჭარბებია. მახსოვს ერთ-ერთი სექსის დროს, იმდენად მოვუჭირე ყელზე ხელი, რომ საწყალი სარა ახროტინდა უჰაერობისგან. საშინელი ვნების აგონიაში ძლივს შევიგრძენი მისი ხელების ბრახუნი ზურგზე და მივხვდი რომ ვახრჩობდი. მართალია დამიჯერა, რომ არაფერი მახსოვდა და ვერც ვხვდებოდი რას ჩავდიოდი (და მე სულაც არ მომიტყუებია ის), მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე დღე არაფრით გამეკარა. ამაზე ბევრი არ მიფიქრია, ისედაც დაღლილი ვიყავი სამსახურში არსებული პრობლემებით და როგორც ყველა მამაკაცს, გულის სიღრმეში, რაღაც წამის მეასედით, მესიამოვნა კიდეც ჩემი ველურობა ლოგინში.
ეს ფაქტი დავიწყებას მიეცემოდა სრულად, რომ არა კიდევ ერთი შემთხვევა. მახსოვს, სტუმრად ვაპირებდით წასვლას, მე ცოტა უხასიათოდ ვიყავი და სარას ღიღინი ნერვებს მიშლიდა. იმ საღამოს უჩვეულოდ ხალისიანი იყო და სულ ერთსა და იმავე ამაზრზენ სიმღერას იმეორებდა.
თავიდან ვეცადე გავრიდებოდი, ჩემს კაბინეტში გამოვიკეტე და საბეჭდ მანქანას მივუჯექი. თითები თავისით დარბოდნენ კლავიშებზე, რაღაც მწერლურ ჟინსა თუ წერას ავეტანე და იმდენად სწრაფად ვბეჭდავდი, რომ დასასრულს დაბუჟებული თითის ბალიშები ყრუდ მტკიოდა.

როცა წერას მოვრჩი, მივხვდი რომ გონზე არ ვიყავი რა ჯანდაბას ვწერდი ამდენ ხანს. სწორედ ამ დროს სარამ დამიძახა, წასვლის დროაო და ნაწერის მხოლოდ გადაკითხვა მოვახერხე. ადგილზე გავქვავდი, როცა წუთის წინ დაწერილი ფრაზები ვერც კი ვიცანი. ტექსტში დეტალურად მქონდა განხილული, როგორ გადავტეხდი შუაზე დისკს და როგორ გამეტებით დავუსვამდი სახეზე ჩემს ცოლს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დისკზე სწორედ ის სიმღერა იყო ჩაწერილი, რომელსაც მთელი საღამო ღიღინებდა სარა…

მართლაც რომ შევკრთი, არ ვიცოდი რა მეღონა. ისევ მომწვდა ცოლის ხმა, რომელიც მაჩქარებდა და ფურცელი იქვე მივაგდე. რაღაც ზიზღიც კი დამეუფლა მის მიმართ და მომინდა საერთოდ გადამევიწყებინა მისი არსებობდა.

მეგობრებთან შეხვედრამ განწყობა საგრძნობლად გამომიკეთა, მაგრამ წამოსვლისას ლამის ალერგიული შოკი დამემართა, რადგან ერთ-ერთმა სტუმარმა ფაქტობრივად ცხვირწინ ამიფრიალა, რომელიღაც ჭრელ-ჭრელი ყვავილები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მათი ატანა არ მაქვს და გარდა ამისა, საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობაც მაქვს.

სარამ ხელკავი გამომდო და გამარიდა ამ ჩემთვის მხუთავ წარმონაქმნებს.
შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩემგან მიგდებული და მივიწყებული ნაწერი სარას ხელში აღმოჩნდა და ამის შესახებ მე მისგან სულაც არ გამიგია. დიახ, უბრალოდ, როცა შევბრუნდი კაბინეტში (და ეს მეორე დღეს მოხდა, რადგან წინა ღამეს საკმაოდ ნასვამი მოვბრუნდი შინ) იგი სანაგვე ყუთში დამხვდა ჩაგდებული, ფრიად დაჭმუჭნულ მდგომარეობაში. მე კი შემიძლია დავიფიცო, რომ იმდენად შემძაგდა წერის დასასრულს იგი, რომ სრულებით უგულისყუროდ მივაგდე მაგიდაზე.

ყველაზე მეტად მაინც სარას ურეაქციობამ გამაოცა. რა თქმა უნდა, აქ იმას ვგულისხმობ, რომ ასე ცივსისხლიანად მოისროლა ჩემი სასტიკი ჩანაწერი, რომელიც არამც და არამც არ იყო რომანტიკული ხასიათის. შესაძლოა, არც კი წაუკითხავს-თქო, ესეც კი ვიფიქრე მაშინ, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ეს ჩემი მხრიდან საშინელ გულუბრყვილობაზე მიუთითებს მხოლოდ.
ამ ორი მოვლენის შეჯამების მერე, ხშირად მომინდა დამესვა კითხვა ყველასთვის, თუ რა კავშირია საყვარელ არსებასა და მკვლელობას შორის? ის ფაქტი, რომ ჩემი სიტუაცია რომანტიკულ და ფილოსოფიურ სარჩულს არ ატარებს, აქამდე უნდა მიმხვდარიყო თითოეული თქვენგანი. ჩემი მხრიდან, ეს შემაშფოთებელი ფაქტია სრულ უძილობაში გადასული და ამისგან გამოწვეული სახსრების დაჭიმულობა მაიძულებს ორად მოკეცილმა ვწერო ეს ტექსტი საბეჭდ მანქანაზე.

ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს სარა აღარასოდეს მობრუნდეს ჩემთან? მართლაც, რომ გამოსამშვიდობებელ კოცნას ჰგავდა მისი წასვლისწინა ამბორი. იქნებ ბოლოსდაბოლოს მიხვდა რაიმეს და ჩემგან თავის დაღწევა გადაწყვიტა.  სამართლიანობის გამო ღირს იმის აღნიშნა, რომ მეუღლე საკმაოდ კარგი ვარ (აყროლებული სიგარეტი და ხანდახან დალევა რა მოსატანია აქ). თავის დროზე ფინანსური პრობლემა რომ არ მქონოდა და სამუშაოს ძებნაში არ მეხარჯა დრო, შესაძლოა არც თუ ისე ურიგო მწერალიც გამოვსულიყავი, ან ვინმე კუდაბზიკა ესსეისტი. ამის ნაცვლად კი, უმუშევარი და უძილო ვწერ ამ აბდაუბდას და ვნატრობ სახლში არ მობრუნდეს ცოლი, რომლის მოკვლის ახალ-ახალ ვერსიებს ვნახულობ ყოველღამე სიზმრად.
ვერაფერს იტყვი, საკმაოდ საინტერესო ისტორიაა, მწერალი რომ ვიყო უთუოდ დავწერდი კიდეც, ანდაც ვინ იცის. თუკი ზოგიერთი იპოქონდრიკი კომპიუტერულ მოდას აყოლია და თავი პეროს მფლობელი ჰგონია, ვინ დაუშლის ექსცენტრიკულ (ანუ მე) არსებას მწერლური ჭიის გახარებას?
როგორც უნდა იყოს, ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა, ანდაც იმდენად გვიანი რომ არ ღირს.
მთავარი კითხვა კი მაინც ღიად დარჩა. რელიგიური განხილვაც მინდოდა ამ საკითხის, მაგრამ რაღაცნაირად ვიფიქრე რწმენა არ მეყოფა-თქო, მაგრამ ჯანდაბას ჩემი თავიც, გადმოვალაგებ ზოგიერთ მოსაზრებას.

თუკი ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ და თანაც მოკვდავნი, მაშ, რა გამოდის? რომ იგი ყოველდღე გვკლავს ჩვენ, და გაისმის ისევ იგივე, საკრალური კითხვა, რატომ?
იქნებ აქ არის დამალული ის ჭეშმარიტება, რომელიც ჩემს სიტუაციასაც მიესადაგება (ო, არა, ჯერ კიდევ არ ვარ იმდენად უძილო, რომ თავი ღმერთს გავუტოლო), ხომ შესაძლოა ეს დიდი გრძნობის გამოძახილი იყოს, ანუ სურვილი იმისა, რომ საყვარელ ადამიანს შეუმსუბუქო ტკივილი, არ გაწირო სააქაოსთვის?

მართალია, ეს რაღაც შეთითხნილ მიზეზს ჰგავს. ჯერ ერთი, სარა სულაც არ არის უბედური და მეორეც ერთი, ის ათეისტია.

რამდენიმე ვარიანტი უშნოდ დაფუთფუთებს ახლა ჩემს თავში. ასე მგონია, ისინი მატლებივით გამიღრღნიან ტვინს და ბოლოს და ბოლოს ჩემს ცოლს არა, მაგრამ ჩემს შუბლს კი გავიხვრეტ სანადირო თოფით.

საღამო ხანი მოახლოვდა უკვე, წესით თუ მოსვლაა, ახლა უნდა მობრუნდეს. მე კვლავ არ მეძინება და იმდენად გაშტერებული მზერა მაქვს, რომ ფურცელზე ასოები იდღაბნება.
საერთოდ, ამბობენ ყველაფერი კომერციააო. ხოდა მეც ავდგები და ამ ჩემს სიზმრებს დავწერ წიგნად. მგონი კარგი იდეაა, იშოვო საკუთარ ტკივილზე ფული! (ყველანი სხვის ტკივილზე მდიდრდებიან და მე საკუთარზე თუ მოვინდომე რა არის ამაში ცუდი?!). აღვწერ თითოეულ მათგანს და ვუწოდებ ასე – „ათასერთი გზა, თუ როგორ უნდა მოკლა მეუღლე“, ანდაც „ჰყვარობდე და კლავდე“. პირველი უფრო მარკეტინგული ხასიათისაა უდავოდ, ხოლო მეორე ვერტერის ვნებებს წააგავს გოეთეს რომანტიკული ნაწერიდან. რაც არ უნდა იყოს იდეაა, მართალია გათიშულ გონებაზე მოსული, მაგრამ გადახედვად ღირს.

…ოჰო, მგონი კარი გაიღო, ან უძილობისგან ჰალუცინაციები დამეწყო. სავარაუდოდ, სარა მოვიდა. არადა გეფიცებით, არ მინდოდა მოსულიყო. საშინლად გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ და არ მინდა ის ჩავიდინო, რაც საღ აზროვნებაზე მიუღებელი იქნება ჩემთვის.
და დასასრულს, ჩემი კითხვა რჩება თქვენთვის გასააზრებლად: გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ შეიძლება მოკლათ საყვარელი ადამიანი? *  *  *- არ გელოდი, სარა.

– რას დამსგავსებიხარ, რა გჭირს?

– უძილობა, ახლაც ზემოთ ვწერდი, ვიფიქრე რული მომერევა-თქო, მაგრამ…

– დარწმუნებული ვარ უჭმელიც იქნები. დაჯექი სამზარეულოში, გამოვიცვლი და მოვალ ახლავე.სარა საძინებელში ავიდა და სანამ მოწესრიგდებოდა, ქმრის კაბინეტის შეღებულ კარს მოჰკრა თვალი. მას ინტერესმა სძლია და ფრთხილად შეაბიჯა შიგნით.
აყროლებული სიგარეტის სუნისგან ოთახი უფრო საძაგელი ეჩვენა. ბოლო ფურცელი ჯერ კიდევ არ იყო ამოღებული საბეჭდი მანქანიდან და ბოლოში დაწერილი შეკითხვაც საკმაოდ მაცდუნებლად მოსჩანდა.

სარამ, ისე რომ სკამზე არ ჩამომჯდარა, რამდენიმე სიტყვა მიუწერა ტექსტს და უხმოდ დატოვა ოთახი.კაცი მაგიდას უჯდა და გრძნობდა ცოლის ლოდინში, როგორ აკიმარებდა. როგორც იქნა, მგონი მართლაც ერეოდა ძილი. ეტყობა ქალის დაბრუნება მისთვის მოდუნების ტოლფასი იყო და ერთიანად მოაწვა დაღლილობა.

სარა მშვიდი ნაბიჯებით შემოვიდა სამზარეულოში და ქმარს ცხვირწინ ააფარა ეზოში მოკრეფილი ყვავილები…მძიმე სხეული ჰქონდა კაცს, მან ძლივ-ძლივობით მიათრია ეზოში ქმრის გვამი და პირდაპირ ყვავილების ბუჩქებში მიაგდო.

– რა დაუდევარია კაცი, დათვრება, ფეხს წამოკრავს და პირდაპირ გაიშოტება შუა ეზოში. საწყალი, ყვავილებში დაეცა და გაიგუდა კიდეც ალერგიული შოკისგან.

სარამ ხელები დაიფერთხა და სახლისკენ აიღო გეზი. საბეჭდ მანქანაში ჯერ კიდევ იყო ჩატოვებული ფურცელი და კაცის კითხვაზე მისი ცოლის საპასუხო მინაწერი :

„ხანდახან მანამ უნდა მოკლა ადამიანი, სანამ იგი მოგკლავს შენ.“

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>