loading...

«

»

აპრ 14

ტრაქტატი სიკვდილზე ანუ გაწბილებული ათეისტი

„ტრაქტატი სიკვდილზე

ამბავი ამა ქვეყნისა, რომელიც დაიწყო იმაზე უწინ, ვიდრე თავად ცხოვრება. განპირობებულ არსებითობას მხოლოდ სულიერი საწყისის მქონე ქმნილება თუ დაარღვევს. წესი, წარმოშობილი უთვალავი ცნებიდან ქმნის იმ განუწყვეტელ ჯაჭვს, სადაც სიკვდილი მხოლოდ ამ ჯაჭვის განტმკიცებას მსახურობს.

საფეხურებებად ქცეული ყოფიერი ეტაპები მხოლოდ და მხოლოდ ნაბიჯია სხვა განზომილებაში გადასასვლელად და რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით სულ ზედა ნაწილს, მით უფრო ვინთქმებით გაურკვევლობაში.

სიცოცხლისა და სიკვდილის ურთიერთქმედება მხოლოდ ნათელი მაგალითია მათი უერთმანეთოდ არსებობის შეუძლებლობისა.

იყავი სიცოცხლის შვილი და თავად ატარე სიკვდილი პირმშოდ!
მანამდე კი, სანამ ბოლო საფეხურამდე მიხვალ, ბაწრად შემოირტყი ყელზე ცოდვანი.
სრულქმნილ იყავ ადამიანო და თავად დაჰგმე შენი სახება.

…“

– რას წერ?

– ტრაქტატს სიკვდილზე.

– როგორ ვერაფრით ისწავლე სიცოცხლე.

მიყურებს საშინელი თანაგრძნობით და ლამისაა შევიძულო ამის გამო.
არ უხდება ქალს შემწყნარებლობა, ეს მამაკაცისთვის ხშირად დამცირების ტოლფასია. ახლაც, მინდა შეაძრწუნოს ჩემმა არჩეულმა თემამ, დავინახო მის თვალებში არსებული მოწიწება ჩემი პიროვნებისადმი, სანაცვლოდ კი.. შეცოდებას ვიღებ მხოლოდ.
– ტრენინგზე არ დაგაგვიანდეს, ხომ იცი, დღეს ადრე იწყებენ.

უხალისოდ მშორდება და მსუბუქი ნაბიჯებით ოთახიდან გადის.
არ ვიცი რა მომწონს მასში, ალბათ ეს გაურკვევლობა თუ მხიბლავს. შვენის, როცა არაფერი აქვს გამოსამზეურებელი და მაინც რაღაცით გიზიდავს თავისკენ.
ალგორითმების სიყვარულს დააბრალა მისით რომ დავინტერესდი. არადა, როგორ მეთქვა რომ ქვეყნად ყველაზე მარტივი ამოცანაა და ზუსტად ამის გამო მომწონს.
დიახ, მისი უბრალოება მარწმუნებს, რომ ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს, უბრალოდ კარგად მოძებნაა საჭირო.

ბოლო ხანებია ჩემზე წუხს. ამბობს, თვალები ჩაგიცვივდა, ისე გახდიო.
არ ვიცი როგორ ვუთხრა, რომ ასე მგონია, შიგნიდან მღრღნის რაღაც.
ისეთ წერტილს მივაღწიე, როცა არაფერი გრჩება გარდა იმისა, რომ თავქვე დაეშვა. ასეც მომივიდა, ჯერ სამსახურიდან წამოვედი საკუთარი სურვილით, მერე მასთან ნაკლები დროის გატარება დავიწყე. ერთთავად ჩემს ნაწერებში გადავეშვი და, როგორც თვითონ ამბობს, ჭამაც კი აღარ მახსენდება.

ადამიანურობა ისეთი სამკაულია, რომელიც არ იცვლის ფერს დიდხანს ტარების დროსაც კი. ასეთი საგანძური აქვს მის მზერას. რაც უფრო დიდ დროს ვატარებ მის თვალებთან, მით უფრო მჯერა გადარჩენის.

რას ვუფრთხი? კუდში ადევნებულ წერას. ალბათ ესაა მთელი ჩემი საკუთრება, რომელიც ცხოვრებისეულ სიტკბოებას არაფრით უშვებს ჩემამდე.

მართალია, ახლა უნდა ავდგე და წავიდე ტრენინგებზე.

უცხო ადამიანებს ვერ ვიტან, სპეციალური კურსი რომ არა ალბათ არც კი მივიდოდი. მარტო ოთხი კაცი ვართ (ტრენინგის ხელმძღვანელს თუ არ ჩავთვლით) და ისიც ხელოვნებისგან გარეკილები.

*  *  *

– ამდენხნიანი პაუზის შემდეგ ისევ წერა დავიწყე.

ყველა ტაშს უკრავს და გაღიმებული წითური ქალბატონი თავშეკავებული ღიმილით გვიყურებს. მზერას ჩემზე აჩერებს, რადგან ერთადერთი ვარ, რომელიც გაუნძრევლად ზის.
– თქვენ არ მილოცავთ?

გათამამებული სახით მაკვირდება უკვე და წარბებს მსუბუქად სწევს მაღლა.
– განიძარცვებით უფრო მეტად, ეს კი რა მოსალოცია.

მშვიდი ვარ, როგორც არასდროს და ჯიბიდან დაჭმუჭნულ სიგარეტის კოლოფს ვიღებ.

– აბა, თქვენ რისთვის წერთ?

არ ცხრება და უფრო მეტი პატივმოყვარეობა ეძალება ხმაში.
– მომიტევეთ, მე ჩემი თავი მებევრება.

– შიზოფრენია, პატივცემულო?

საუბარში ერთვება სათვალეწამოკოსებული დაბალი კაცი და მლიქვნელურად ხითხითებს.
– ოჰ, რა მოსატანია ბიპოლარული აშლილობები, როცა გრძნობათა სიუხვე თავისთავად არის ფსიქიკის ყველაზე ძლიერი დამანგრეველი.

– აზვიადებთ.

ხმადაბლა, თუმცა მტკიცეთ მპასუხობს წეღანდელი ქალბატონი და თავის მღვრიე თვალებს ჩემს სხეულზე აჩერებს. ეტყობა შესამჩნევად.

– მინდა გითხრათ, რომ ხელოვნების დეფინიცია იმდენად სუბიექტური რამ არის, რომ არაფრით არ უნდა მოხდეს მათი ერთაზროვნად აღქმა. ეს ტოლი იქნება კონფორმიზმის ყველაზე ნათელი გამოხატულებისა.

ტრენინგის ხელმძღვანელი ერთვება დიალოგში.

ყველაზე მეტად ეს ოფიციალურობა მიკარგავს ინტერესს ამ ადამიანების მიმართ. გაურკვეველი წარმოშობის ზიზღიც კი მიპყრობს.

– სიკვდილის ტრაქტატის წერა დავიწყე.

თემის შეცვლა მინდა, თორემ აპათია იზრდება ჩემს განწყობაში.

– და რას მიაკვლიეთ?

– მივხვდი, რომ ყველაზე რეალური სიკვდილის ფენომენია და მისი მექანიზმი იმდენად ზუსტია, რომ შემქმნელის უნიკალურობაზე მეტყველებს.

– ღმერთის გწამთ?

– როგორ, თქვენ რამე უკეთესი ტყუილი იპოვეთ?

ცინიზმსაც განწყობა სჭირდება. ვგრძნობ, როგორ მექუფრება სახე და ვდგები.
– უკვე მიდიხართ?

მეკითხება ფსიქოლოგი გულწრფელი ინტერესით.

– მომდევნო შეხვედრამდე.

ვუღიმი იქ მყოფთ და ფეხარევით გამოვდივარ.

არ მიხდება ეს გამოზომილი თავაზიანობა და არც ეს მანერულობა. ეგ კი არადა, მართლა ისე გავხდი, რომ ჰალსტუხი ყულფივით მკიდია კისერზე.

ტრაქტატი.. სიკვდილის წერაა ჩემი თანმდევი, ოღონდ არა ისეთი, დაბადებიდან აკიდებული, არამედ უფრო გამოგონილი ჩემს მიერ. ცხოვრებაში ხანდახან ჩვენი ფანტაზია ხომ უფრო რეალურია, ვიდრე თავად ყოფითი კონფიგურაციები.

გარეთ ცივა და გვიანდელი შემოდგომის წვიმა მოდის თავაშვებული სითამამით.
არ ვიცი რატომ მახსენდები ახლა, ანდაც არც ვაღიარებ..

„- სისულელეა წერო იმაზე, რაც გაწუხებს. ეს იგივეა რომ სახლშიც ის გეცვას, რაც სტუმრად.

– გამოდის, რომ ნაწერები სხვებისთვის იქმნება და უბრალო ექსპონატებია?

– არა, გამოდის რომ მწერალის ფანტაზია იმაზე ძლიერია, ვიდრე მის გარშემო არსებული სიტუაცია.

– მოიგონო ტკივილი, როცა ქვეყნად ამდენი გასაჭირია…

– ნუ მებანალურები, ასეთ დროს წყალობას არ გავცემ.

საოცრად უკრავს როიალზე. თხელ თითებს მქუხარედ ავლებს კლავიშებს და ისეთი გზნებით ეცემა მელოდიის თავდავიწყებას, რომ მგონია, სულ სხვაგან გადადის განცდებით.
– პიანისტი და მწერალი შეხვდნენ ერთმანეთს, ხოდა…

– ამაზე არასოდეს დაწერო.

– რატომ?

– ვეღარ გავიგებ შენი ფანტაზია ვარ თუ ტკივილი.

ვჩუმდები. სულ ასე მემართება, როცა ზუსტად იმას ამბობს, რის თქმასაც საკუთარ თავს ვერ ვუბედავ.

– ყოველთვის წვიმს ჩემთვის მნიშვნელოვან დღეებში.

აგრძელებს ჩემს სიჩუმეს თითქოს განგებ მოფიქრებული ფრაზით და ჩემს თვალებს ეძებს.

– უხდებათ კლავიშებს შენი თითების მსუბუქი თრთოლვა..

ვდგები და მის სხეულთან ვიხრები. მის თოვლისფერ თითებს ხელისგულში ვიმწყვდევ და ვცდილობ ვეზიარო მასში ჩაბუდებულ ჰარმონიულ მელოდიურობას.

– ოდესმე დამწერ, ვიცი.

– ოდესმემდე ყველაზე დიდი ოდესმეა.

– სიტყვებით თამაშით ცხოვრებას ვერ შეიმსუბუქებ და იცი რა? ცოდვები როცა დაგახრჩობს მაშინ მეტკინები ყველაზე მეტად.

მისი ყველაზე დიდი ხიბლია ეს თანშობილი სევდა. უხდება მელანქოლიის მსუბუქი საბურველი მის გიშრისებრ თვალებს. თავადაც პირველყოფილი ცოდვასავით მრავალმხრივია. თან თითქოს გულუბრყვილოა, თანაც კი ყველაზე მაცდუნებელი.

– არ მინდა გეტკინოს. ჯობია მხოლოდ ფანტაზიით წერო.

– არასოდეს მითხრა რომ ჩემი კარგად ყოფნა გსურს. არ არსებობს ასეთი რამ, თუკი შენ წახვალ და ბედნიერებას მისურვებ ეს ყველაზე დიდი წყევლა იქნება ჩემთვის.

– დეპრესიისკენ ხარ მიდრეკილი.

– შენ კი სიკვდილივით გარდაუვალი ხარ.

ფანჯრებს მიღმა წვიმდა წყვეტილად. რაღაც არაამქვეყნიული აუჩქარებლობითა და დისჰარმონიული მანერულობით.

ყოველთვის წვიმს შენკენ, როცა შენთან ვარ..“

და ახლა, რაღა ბედენაა ეს წვიმა, როცა სახლში სხვა ქალი მელოდება.
არა, მე რა ხანია აღარ გაღმერთებ, უბრალოდ ათეისტის შესაშური გაწბილება დამაქვს ჩაცვენილი თვალებით.

არ ვითვლი რა დრო გავიდა. შენ ბედნიერებით დამწყევლე და მე კი გწერ.. ყოველდღე ვწერ ერთი მიზნით, რომ რამენაირად აღვადგინო შენი სახება სიტყვებით მაინც.
როგორი მშვიდი ვარ უშენოდ, ახლა მიტირე..

„ტრაქტატი სიკვდილზე

…ირჩევ ერთხელ და კვდები მრავალჯერ, ანდაც იმდენად იჯერებ ამ ყველაფერს, რომ ყოველ ჯერზე როცა სიკვდილის ავისმომასწავებელი წინათგრძნობა გიპყრობს, შენ ცდილობ უმალ ეზიარო მას და გასცდე! ყოველივეს გადააბიჯო და შემაშფოთებელი აღტკინებით მიიღო დაბადებიდან დაპირებული იმქვეყნიერება.

გონიერებას სცდება რწმენა, რამეთუ გონის სრული დაბინდვაა ფანატიკური შეგრძნება საკუთარი მოსაზრებისა.

ინფანტილურობაა ამ ყოველივეზე წერა, რადგან შეუძლებელია სრულად სწვდე იმას, რაც ყველაფრის მიღმაა, მაგრამ საკუთარსავე სხეულში გამოკეტილი.
ვამბობ, – გადატენეთ დამბაჩა, მე უამრავჯერ უნდა მოვკვდე!“

– დაამთავრე?

– კი, დღეს ტრენინგის ბოლო კურსი იყო.

ვიტყუები და შეგრილებულ ჩაის ვსვამ.

– მაგაზე არ ვამბობ. შენს ტრაქტატზე გეუბნები.

– განა შესაძლებელია დაასრულო სიკვდილზე წერა ისე, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობდე?

– მგონი გიშველეს იმ კურსებმა. ცინიზმი შენი ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა.
შენს მერე შეცვლილს მიცნობს და ხასიათი ჰგონია ჩემი დეპრესია.

– კიდევ ერთი ფინჯანი ჩაი მინდა, ჩემს კაბინეტში გამომიტანე.

ვდგები ისე, რომ მის თვალებს არ გადავაწყდე.

მიყვარს მისი უბრალოება, რადგან ეს უფრო მეტად უსვამს ხაზს შენს განსაკუთრებულობას.
ალბათ ჩამოყალიბებული იდიოტი ვარ, რომ სხვა ქალი შევიყვარე იმისთვის, რომ ასე შენ მყოლოდი მუდამ გვერდით.

მის სხეულს შენი ღალატის სუნი აქვს და ყოველღამე, როცა მე წერას თავს ვანებებ, შენგან დატოვებულ ტკივილებს მის ვნებაში ვახრჩობ.
დეპრესია ჩემი ქრონიკული მდგომარეობაა მას მერე, რაც უბრალოდ წახვედი.
საოცარია, მხოლოდ შენ შეგეძლო ასეთი განსხვავებული ყოფილიყავი და მაინც ასე ჩვეულებრივად გაგეხურა კარი.

არა, მე აღარ გაღმერთებ, მხოლოდ შენგან გაწბილებული ათეისტი ვარ.

„- ავადმყოფობაა ასე ყოფნა. რამე სახე და ფორმა უნდა მიეცეს ურთიერთობას.

– არ გიცნობ ასეთს.

– არც მაძლევ საშუალებასა და დროს რომ გამიცნო. მისმინე.. მე არასოდეს მიგატოვებ-თქო, გითხარი. ასეც არის, მაგრამ ერთი იცოდე. – მე არ მიგატოვებ, მაგრამ შენ თუ მაიძულებ მე წავალ.

– მერე ჩემი ქცევები ჩემს გულჩვილობას არ დააბრალო…

ვგრძნობ, როგორ ტკივა არჩევანი და მაინც ბოლომდე მივყვები.
ალბათ ფიქრობს, რომ მის სიყვარულზე მეტად უმისობა შემიძლია.
რა უნიათოა ახლა ჩემი სიძლიერე, როცა მისი სისუსტე მჯაბნის.“

ტრაქტატის ბოლოს მინაწერი: „სიცოცხლე მხოლოდ ბილიკია სიკვდილამდე, მაშინ როცა გრძნობა ასაზრდოებს ყოველგვარ ბიოენერგიულ ქმედებას.

მე ვერასოდეს შეგიყვარებ სიცოცხლესავით, რადგან სიკვდილივით გარდაუვალი ხარ და… ამიტომაც გიშვებ.”