loading...

«

»

აპრ 18

წითელი პარასკევი – იესო ქრისტეს წმიდა ვნებათა ხსენება

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევნილება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.

გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. მოხდება ტაძარში ერთხელ შემოტარება და მას ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ.

შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა და მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი – მხოლოდ პურსა და წყალს. მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასქასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

აღდგომას მორწმუნეები ერთმანეთს ულოცავენ ამ სიტყვებით: “ქრისტე აღსდგა”. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: “ქრისტე აღსდგა”. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: “როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო”. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

გარდა ამისა, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

დავით გურამიშვილი

მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;
მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;
ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,
ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,
ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;
დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;
წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.
თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:
დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?
მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;
ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,
პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, – ჭამე, სვი ესო.
ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!
მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;
რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!
ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.
ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

წყარო: ამბები.გე

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>