loading...

«

»

ივნ 09

გუგლის თვითმავალი ავტომობილი

წელს გუგლი საკუთარი თვითმავალი ავტომობილის შემუშავებას იწყებს და შემდგომ ამ ტიპის ავტომობილების საგზაო ტესტირებას გეგმავს. ამერიკულ კომპანიას უკვე რამდენიმე პროტოტიპი დამზადებულიც აქვს, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტომობილს თავზე განთავსებულია სენსორებითა და რადარებით აღჭურვილი კომპლექსური სისტემა, რომელიც არამარტო მანქანის მართვაში იღებს მონაწილეობას, არამედ გარემოსაც აკონტროლებს. სისტემა საგზაო ნიშნებს კითხულობს და აფიქსირებს ნებისმიერი, პოტენციური საფრთხის შემცველ ვითარებას. რადარი ავტომობილის 274 მეტრის რადიუსზე ახერხებს გარემოს სკანირებას. ტესტებისთვის ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ-ის ნიშნულზეა შეზღუდული.

მინიმალური კომფორტის მქონე საცდელ ავტომობილებს, რომელთაც სრულად აკონტროლებს ელექტრონიკა, ჯერ სახელი არ აქვთ. მათ სალონში არც საჭეა და არც სატერფულები, მხოლოდ ორი სავარძელია განთავსებული. ამასთან, მბიძგველ ძალასაც მას ელექტროძრავი ანიჭებს. სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს გუგლი ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

პროტოტიპები იმგვარადაა შემუშავებული, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი სწრაფი გადაკეთება და ტესტების პროცესში დაბრუნება იყოს შესაძლებელი. გუგლი არ მალავს, რომ ავტონომიური ავტომობილების სერიულ წარმოებას აპირებს. ამგვარი ავტომობილი, შესაბამისი მარშრუტის არჩევის შემდეგ, ღილაკზე დაჭერისთანავე დაიწყებს მოძრაობას და უსაფრთხოდ მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე.

როგორც გუგლის თვითმავალი ავტომობილების პროექტის ავტორი – Chris Urmson-ი განმარტავს: „ჩვენი მიზანია იმგვარი ავტონომიური ავტომობილის შემუშავება, რომელიც ნებისმიერ დონეზე, გადატვირთული გზის შემთხვევაშიც, უსაფრთხოდ მიგიყვანთ სასურველ ადგილზე. წარმოიდგინეთ, რომ ქალაქის ცენტრში მოძრაობთ და 20 წუთით ადრე იკავებთ პარკირების ადგილს. ამასთან, შეგიძლიათ წიგნი იკითხოთ, გაერთოთ, რაც გინდათ, აკეთოთ და სულაც არ იქნება საჭირო ავტომობილის კონტროლი.“

გუგლი საწყის ეტაპზე 100 ეგზემპლარი სატესტო თვითმავალი ავტომობილის დამზადებას გეგმავს, რომელთა ტესტირებაც ზაფხულში დაიწყება. ეს ავტომობილები მართვის ჩვეულებრივი სისტემებითაც აღიჭურვება, რათა ელექტრონული მართვის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მათი მექანიკური მართვა. თუ ტესტები წარმატებულად ჩატარდება, მაშინ მათი ექსპლუატაციის ლიცენზია გაიცემა კალიფორნიაში.