loading...

«

»

აგვ 04

ჩვენი პლანეტის მომაჯადოებელი მინერალები

ჩვენი პლანეტა მინერალთა უამრავ ნაირსახეობას მოიცავს, რომლებიც არა მხოლოდ მათი გარეგნული მომაჯადოებლობით იქცევს ადამიანის ყურადღებას, არამედ მათი ღირებულებითაც. ამჯერად კი შესაძლებლობა გაქვთ ზოგიერთ მათგანს თვალი გადაავლოთ და ცოტა რამ შეიტყოთ მათ შესახებ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


კროკოიტი.
კროკოიტი – ტყვიის წითელ მადანს წარმოადგენს, რომელიც ქრომატების კლასის მინერალია, თუმცა იშვიათად მის შემადგენლობაში ვერცხლისა და ცინკის მინარევებიც გვხვდება. პრიზმული კრისტალების მქონე მინერალი რკინის მადნის დაჟანგვისა და დაბალტემპერატურულ ჰიდროტერმალურ ზონებში გვხვდება. მინერალის კრისტალების სიგრძემ შესაძლოა 40 სმ–აც მიაღწიოს (რაც დამოკიდებულია მისი წარმოშობის ადგილმდებარეობაზე). ისინი ალმასის მაგვარი ბრწყინვალებით გამოირჩევიან, რომლებიც მზის სხივების ზემოქმედების შედეგად მქრქალდება. სახელწოდება – კროკოიტი ძველბერძნული სიტყვა – κρόκος–ისგან მომდინარეობს, რაც „ზაფრანა“–ს აღნიშნავს. სანელებლის ამ ნაირსახეობასთან მინერალს ვიზუალური მსგავსებაც აქვს. კროკოიტი კოლექციონერთა შორის დიდ დაინტერესებას იწვევს.


უვაროვიტი
უვაროვიტი ერთ-ერთი უიშვიათესი ძოწის ჯგუფის მინერალია, რომელსაც ზურმუხტივით მწვანე შეფერილობა აქვს (ანუ ზურმუხტისფერია). ეს არის ქრომის მადანი, რაც ფაქტიურად მას მწვანე შეფერილობას აძლევს. ბუნებაში იგი იშვიათად მოიპოვება. მისი არამრავალრიცხოვანი რაოდენობა გვხვდება ესპანეთში, კანადაში, ფინეთში, ნორვეგიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და რუსეთში.


ფლუორიტი
ფლუორიტი – ნახევრადგამჭვირვალე მინერალია. იგი ე.წ. მლხობი შპატი, ფთოროვანი კალციუმია და გამოიყენება: მეტალურგიაში, ქიმიურ მრეწველობასა და კერამიკულ წარმოებაში. დღეს ფლუორიტი ფართო გამოყენებას ჰპოვებს ოპტიკაში, რომელიც ლინზებისთვის საუცხოო მასალად მიიჩნევა.


ჰემატიტი
ჰემატიტი – ბუნებაში ფართოდ გავრცელებული გაუმჭვირვალე, მყარი, მაგრამ ძალზედ მყიფე, რკინის შემცველი მინერალია, რომელიც 70% რკინას შეიცავს. ჰემატიტის კრისტალები რუხი შეფერილობისაა, რომელთაც ნახევრად მეტალის ბრწყინვალება ახლავთ. მისთვის დამახასიათებელია ჭრილებში (ნაოჭებში) წითელი შტრიხები. დამუშავებული ჰემატიტი გარეგნულად წააგავს მორიონს, შავ კაჟს, გაგატს (არა აგატს) ობსიდიანს, მაგრამ მათგან გამოირჩევა მეტალის ბრწყინვალებით. სტრუქტურული სიმტკიცით იგი მსგავს მინერალებთან შედარებით, უფრო მძიმეა. ჰემატიტი გამოიყენება დეკორატიულსა და სხვა სფეროებში.


ტორბერნიტი
გარეგნულად ძალზედ მომხიბვლელი მინერალი – ტორბერნიტი, ასევე ძალზედ საშიშია სასიცოცხლოდ. ტორბერნიტის კრისტალები შეიცავს ურანს (ურანი კი მიეკუთვნება აქტინოიდებს და შესაბამისად რადიოაქტიურია), რამაც შესაძლოა ადამიანი კიბოთი დააავადოს. გარდა ამისა, გახურების შედეგად ტორბერნიტი ნელ–ნელა იწყებს რადონის (რადონი – რადიოაქტიული გაზი) აირის გამყოფას, რაც ჯანმრთელობისთვის ძალზედ საშიშია.


თეთრი ბარიტი, ვანადინიტის კრისტალებით.
მინერალი ბარიტი – ბარიუმის ბუნებრივი სულფატია, რომელსაც ფართოდ იყენებენ მრეწველობაში. ვანადინიტი კი პლანეტის ყველაზე მძიმე მინარალად მოიაზრება, რამდენადაც იგი ტყვიის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. სახელწოდება ვანადინიტი, მას წილად ხვდა სკანდინავიური სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი – „Vanadís“–ის საპატივსაცემოდ. უმჯობესია ვანადინიტის კრისტალის მზის სხივებისგან არიდება, რადგანაც სხივთა ზემოქმედებისას, იგი მუქდება.


ვერცხლისფერი სტიბნიტი – ბარიტით.
სტიბნიტი სტიბიუმის (სურმის) სულფიდია, თუმცაღა იქმნება შთაბეჭდილება, თითოს იგი მაღალი სინჯის ვერცხლისგან შედგება. სწორედ ამ მსგავსების გამო, ერთხელ ამ მასალისგან სუფრის ელიტარული გარნიტური დამზადდა, რაც ძალზედ ცუდი იდეა იყო… სტიბიუმის (სურმის) კრისტალები უძლიერეს მოწამვლას იწვევს. მასზე ტყავით კონტაქტის შემდგომაც, აუცილებელია ტყავის საგულდაგულოდ გარეცხვა საპნით.


ჰალკანტიტი.
მიუხედავად ჰალკანტიტის მომაჯადოებელი სილამაზისა, ეს კრისტალები მომაკვდინებელ საშიშროებასაც მალავენ. წყლიან გარემოში, მინარალში შემავალი სპილენძი იწყებს გახსნას, რაც საშიშროებას უქადის ყველაფერ ცოცხალს. სულ ერთ პაწაწინა ლურჯ კრისტალს ხელეწიფება გაანადგუროს ტბორი – მთელი მისი ფლორითა და ფაუნით. ამდენად, მასთან დამოკიდებულება ძალზე საფრთხილოა.


ლაბრადორიტი.
ლაბრადორიტი — გაბროს ჯგუფის მაგმური ქანია, რომელიც ძირითადად პლაგიოკლაზ ლაბრადორისაგან, ხოლო მცირე დოზით (5-7%) პიროქსენების, მადნეულისა და სხვა მინერალებისაგან შედგება. ლაბრადორიტი მეტწილად მსხვილმარცვლონი შავი ან მუქი ნაცრისფერი ქანია, რომლის ნატეხზე (ან გაპრიალებულ ზედაპირზე) მოცისფრო-მომწვანოდ ბზინავს ლაბრადორის კრისტალები. იგი იმდენად მომხიბვლელია, თითქოს მასზე ჩრდილოეთის ციალია დატანილი. ქანი გამოიყენება შენობების, ძეგლებისა და სხვათა მოსაპირკეთებლად. ლაბრადორიტის საბადოები ცნობილია უკრაინაში, ფინეთში, აშშ-ში, კანადაში.


შავი ოპალი
ოპალი კეთილშობილსა და ძვირადღირებულ ქვებს განეკუთვნება. ინდოელები ოპალს რწმენის, სიყვარულის და შემწყნარებლობის ქვას უწოდებდნენ, რომელიც დადებითი აურით გამოირჩეოდა და ადამიანთა სხვადასხვა დაავადებების განსაკურნად გამოიყენებოდა. ოპალი ზედმეტად მშრალ პირობებში მქრქალი ხდება და შესაძლოა დასკდეს კიდეც. ამდენად, ოპალის ქვას პერიოდულად სუფთა წყალში ავლებენ, ხოლო თუ მისგან საიუველირო ნაკეთობაა დამზადებული, მას ხშირად მოიხმარენ, რათა ქვამ საკვების სახით ადამიანის ორგანიზმიდან აიღოს ტენი. ოპალთა ნაირსახეობიდან ყველაზე ლამაზად მიიჩნევა: შავი, მუქი იისფერი, ლურჯი, მწვანე და შინდისფერი ოპალი. სახელწოდება „შავი“ ოპალი, მინერალმა მისი ძირითადი ფონის შედარებით მუქი ტონის გამო მიიღო. ღირებულებას კი იგი იძენს, რაც უფრო მეტი შეფერილობის ელფერითაა შავთან კომბინირებული.

ყველაზე იშვიათობას, სისხლივით ხასხასა წითელი ოპალი წარმოადგენს, ხოლო ზღაპრულად ძვირფას რარიტეტებს კი განეკუთვნება სამეფო ოპალი, რომელსაც გარეგნულად ნათელი მწვანე შეფრილობა, ხოლო შიგნით სისხლისფერი წითელი ან ბრინჯაოსფერი-ყვითელი სფერო აქვს.


ლურჯი ჰალიტი და სილვიტი.
ჰალიტი, იგივე ქვამარილი, ან ქლოროვანი ნატრიუმი – მინერალია, რომლისგანაც იღებენ სოდას, ქლორს, მწვავე ნატრს, მარილმჟავას და სხვას. ჰალიტი ფართოდ გამოიყენება კვების, კერამიკის, ტყავის მრეწველობაში, მეტალურგიაში, ელექტროტექნიკაში, მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში. სილვიტი – კალიუმის ქლორიდს წარმოადგენს. ქათქათა თეთრი, ან რძისფერი სილვიტი ხშირად ვულკანებში მოიპოვება, ხოლო ლურჯი ჰალიტი დანალექ სახეობებში.


ვისმუტი.
ხელოვნურად გამოყვანილი ვისმუტის კრისტალები, მის მუქ ზედაპირზე არსებული ცისარტყელის ფერთა გამის ელვარებით, ადვილად შესაცნობია. ამგვარ ელვარებას მას ე.წ. მჟავური აბკი აძლევს, რითაც მისი ზედაპირია დაფარული. ცნობისათვის, ვისმუტის ოქსიდ–ქლორიდი გამოიყენება ფრჩხილის ლაქისთვის, რათა ლაქს ელვარება შესძინოს.


თურმალინი.
თურმალინი – ბორ-სილიკატური მინერალის კრისტალია, რომელიც ნახევრადძვირფას ქვებს განეკუთვნება. მისი დასახელება მომდინარეობს სინგალური ენიდან. სიტყვა „თურამალი” ან „თორამალი” გამოიყენებოდა შრილანკაზე მოპოვებული ძვირფასი ქვების დასახელებისას. თურმალინის სახესხვაობათა შორისაა: დრავიტი, შერლი, ელბაიტი და სხვა. დრავიტი მოიპოვება კარინთიაში (ავსტრიის სამხრეთი რეგიონი) და წარმოადგენს მუქ ყვითელ – მოყავისფრო-შავ მინერალს. შერლი არის მოლურჯო მოყავისფრო-შავი შეფერილობის, ელბაიტი (კუნძული ელბა, იტალია) არის ვარდისფერი, მუქი შავი, ღია ლურჯიდან მოლურჯო-მწვანე, სუფთა მწვანე და უფერულიც (აქროიტი) კი. თურმალინის ყველაზე გავრცელებული სახე არის შერლი (95%). თურმალინის კრისტალებით დამზადებულ ნაკეთობებს, სამეფო კარის წარმომადგენელთა სამკაულებს შორის საპატიო ადგილი ეკავა. კრისტალები ასევე გამოიყენება ზოგი ზუსტი ხელსაწყოს დასამზადებლად და რადიოტექნიკაში.


ბაილდონიტი.
ბაილდონიტი იშვიათი კრისტალია, რომელიც მისი უჩვეულო ბრწყინვისა და ხასხასა შეფერილობის გამო, მუდამ ყურადღების ცენტრშია. ამგვარ შეფრილობას მას სპილენძი ანიჭებს, ხოლო ბრწყინვას, მასში შემავალი ტყვიის მაღალი პროცენტულობა.


ოსმიუმი.
ოსმიუმი – მოლურჯო, მოვერცხლისფრო შეფრილობის მაგარი, მყიფე ლითონია, რომელიც პლატინის მადნიდან მოიპოვება. არასასიამოვნო სუნისა და მაღალი სიმკვრივის მქონე ლითონი, რომელიც რაიმე სახის დამუშავებას ძალზედ ძნელად ექვემდებარება, ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და მრეწველობაში, რაც მასზე დიდ მოთხოვნას განაპირობებს. ხოლო ის ფაქტი, რომ იგი ბუნებაში სუფთა სახით არ მოიპოვება, მის ღირებულებას კიდევ უფრო მაღლა სწევს. კერძოდ, ამჟამად ოსმიუმის იზოტოპის 1 გრამი – 20 000 აშშ დოლარს უტოლდება.


მალაქიტი.
მალაქიტი – მწვანე, მოცისფრო, ზოგჯერ მურა შეფერილობის კარბონატების კლასის მინერალია, რომელიც კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. მისი კრისტალები იშვიათია, ჩვეულებრივ იგი გვხვდება ფარულ ან წვრილკრისტალურ რიტმულზოლიანი თირკმლისებრი ნაჟონი აგრეგატების სახით. წარმოიქმნება სპილენძის სულფიდური მადნების დაჟანგვის ზონაში. მალაქიტის მნიშვნელოვანი საბადოებია: ყაზახეთში, აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჩილეში, რუსეთში და სხვ. მალაქიტი ძვირფასი სანახელავო ქვაა, რომელსაც იყენებენ სამკაულად, ხოლო ძველად კი ინტერიერების მოსაპირკეთებლადაც. მალაქიტი ენერგეტიკულად ძლიერი ქვაა და სამკურნალოდაც გამოიყენება. თანამედროვე ლითოთერაპევტები მალაქიტს იყენებენ გულის, პანკრეასის და ელენთის დაავადების, ასთმის, კბილის ტკივილის დროს. მინერალი დადებითად მოქმედებს ჰიპოფიზისა და ეპიფიზის მუშაობაზე. ზოგიერთი ამერიკელი მკურნალის მტკიცებით, მას რადიაციის საწინააღმდეგო გავლენაც აქვს.


აქვამარინი.
აქვამარინი ბერილის სახესხვაობაა. თავად ტერმინი პირველად მე-17 ს–ის დასაწყისში გამოიყენეს. სახელწოდება ლათინური „aqua marina”-სგან მომდინარეობს და „ზღვის წყალს“ აღნიშნავს. მისი შეფერილობა რკინის იონების შემცველობითაა გამოწვეული და მომწვანო-მოცისფრო ელფერი დაკრავს. მზის გავლენის შემთხვევაში იგი შესაძლოა გაღიავდეს. აქვამარინის გარჩევა ჭირს ბუნებრივი ცისფერი ტოპაზისა და სინთეტური კვარცისგან. რაც უფრო ლურჯია აქვამარინი, მით უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე მწვანე შეფერილობისა. მინერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს დიზაინერთა და სამკაულების მოყვარულთა შორის. მინერალის მაღალი სიმკვრივე შესაძლებლობას იძლევა მისგან ნებისმიერი კონფიგურაციის საიუველირო ნაკეთობის დამზადებისა. როგორც ამბობენ, აქვამარინს სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. იგი ორგანიზმის დამცავ ენერგიას აძლიერებს, შველის კანის, ფილტვების დაავადებების დროს. ამცირებს კბილის ტკივილს, ალერგიულ რეაქციებს და დადებითად მოქმედებს კუჭსა და ღვიძლზე. ასევე ეხმარება ადამიანს ზღვის ავადმყოფობის გადალახვაში, სტრესისა და შიშის გაქრობაში. ტიბეტურ და მონღოლურ მედიცინაში აქვამარინი ითვლებოდა კარგ ბიოსტიმულატორად და სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად. იგი ასევე მიიჩნევა ნერვული დაძაბულობის მოხსნისა და სულიერი სიმშვიდის მოპოვების ხელისშემწყობად.


პალასიტი.
პალასიტი – რკინაქვის მეტეორიტის იშვიათი ტიპია. 1977 წ–ს გერმანელმა მეცნიერმა პალასმა, კუნსკამერის მუზეუმს ამ იშვიათი მეტალის ნიმუში გადასცა, რომელიც მან მეტეორიტის ვარდნის ადგილას აღმოაჩინა. სწორედ აქედან მიიღო მან სახელწოდება პალასიტი (ან სხვაგვარად – „პალასის რკინა“). მისი ანალოგი, მათ შორის, რაც ჩვენს პლანეტაზე მოიპოვება, არ არსებობს. სპეციალისტთა შეფასებით, ეს მეტეორიტი რკინა–ნიკელის ფუძეს მოიცავს, რომელსაც ოლივინის (ოლივინი – მოყვითალო მწვანე მინერალი, რომელიც შედის ვულკანური ქანების შემადგენლობაში.) კრისტალების ურიცხვი რაოდენობა ახლავს თან.

 

 

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>