loading...

«

»

სექ 15

Land Rover Discovery-ს ახალი თაობა

Land Rover-ის დიზაინის დირექტორმა – Gerry McGovern-მა, ჟურნალ Car Magazine-თან გამართულ ინტერვიუში – Discovery 4-ის ჩასანაცვლებელ ვერსიაზე ისაუბრა, რომელმაც Discovery–ს ოჯახში უმაღლესი საფეხური უნდა დაიკავოს. მან განაცხადა, რომ სიახლის გამოცემის თარიღად 2016 წელი მოიაზრება.

McGovern-ისავე განცხადებით, ახალი მოდელი – Discovery Sport–ზე უფრო „სათავგადასავლო“ ხასიათითა და ფართე ინტერიერით იქნება გამორჩეული. ასევე იგეგმება – Range Rovers–ის ოჯახის გაფართოებაც. McGovern–მა ახალი – Range Rovers–ები დაასახელა, რომლებიც გამორჩეულნი იქნებიან – Evoque–ზე უფრო რადიკალური ვიზუალით. თუმცა მათგან განსაკუთრებულად გამოჰყო ერთი, რომლის გარეგნობაც კომპანიის დიზაინის შეფმა ფანტასტიკურად შერაცხა.

მართალია – McGovern–ი ჯერ არ აზუსტებს ამ მოდელების წარმოების დაწყების თარიღს, თუმცა დასძინა, რომ ერთი მოდელი – Evoque–სა და Range Rovers Sport–ს შორის დაიკავებს ადგილს. ეს ავტომობილი გამორჩეული იქნება ფართე ინტერიერით და – Discovery–ს მოდელებისთვის დამახასიათებელი პრაქტიკულობით, თუმცა იმავდროულად – შეინარჩუნებს – Range Rovers–ისთვის დამახასიათებელ მდიდრულობასაც.

 

 

 

საინტერესოა, რომ თავის დროზე – Land Rover–მა მოდელი – Discovery გამოუშვა (1989 წ), როგორც – Range Rovers–ის ხელმისაწვდომი ვერსია. ამ ავტომობილის მთავარი დანიშნულება იყო ბრიტანულ ბაზარზე იაპონური უგზოობის ავტომობილების ექსპანსიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. უფრო მეტიც, ახალმა ავტომობილმა ისე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რომ ის ერთ-ერთი მიზეზი გახდა – BMW–ს მიერ Rover–ის ჯგუფის და მასთან ერთად – Land Rover–ის შესყიდვისა (1994 წ). უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ბავარიელების ხელში შეემატა – Land Rover–ის გამას Freelander–ი.

შემდგომ კომპანია – Ford–ის ხელში გადავიდა (2004 წ) და ყველაზე მეტ პოპულარობას – Discovery–მ (მე–3 თაობა გამოიცა 2005 წ–ს) სწორედ – Ford–ის ხელში მიაღწია, რის ხელისშემწყობადაც მძიმე, მაგრამ მტკიცე შასი (T5) მოიაზრება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ავტომობილიც მეტწილად ბავარიელთა ხელში ყოფნისას შეიმუშავეს, მაგრამ მისი საკმაოდ მოუხეშავი გარეგნობა და ინტერიერი, ყველას თვალში ვერ იმსახურებდა მოწონებას. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ მას სუსტი სქესის მომხმარებელმა ზურგი აქცია.

შემდგომ სიტუაცია ნაწილობრივ მე–4 თაობის Discovery–მ გამოაკეთა, რომელსაც ექსტერიერი „დაურბილეს“ და სალონში კი – Range Rovers–ისთვის დამახასიათებელი მდიდრული გარემო შექმნეს, თუმცა ყველა ღირსების მიუხედავად ავტომობილი გლობალურ ბაზარზე მაინც ვერ იქცა დომინანტად. მისი პოპულარობის პიკშიც კი, იგი ვერ ჯობდა გაყიდვებით – BMW X5-ს. შესაძლოა ეს ნაწილობრივ იმის ბრალიც იყო, რომ როცა ბაზარზე ახალი X5 გამოვიდა, Discovery ცოტა არ იყოს მოძველებულ ვერსიად მიიჩნეოდა. ვნახოთ რას მოგვიტანს სიახლე, 2016 წელიც მალე მოგვადგება კარს…

 

 

წყარო: journal.top100.ge