loading...

«

»

მაი 17

ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება

როგორც ცნობილია, ზოოლოგიური პარკი მდებარეობას იცვლის, იგი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. ხვალ ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება. პირველი ბინადრები კი კავკასიაში გავრცელებული ცხოველები – დათვები და მგლები იქნებიან.

გახსნის ოფიციალური ცერემონია ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება. თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. მისი ფართობი 1 ჰექტარზე მეტია. ახალ ტერიტორიაზე (თბილისის ზღვის მიმდებარედ) უკვე გადაყვანილია 4 მგელი და 3 დათვი.

როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე (გმირთა მოედნის მიმდებარედ) ადგილის სიმცირის გამო (5 ჰა) შეუძლებელია შემდგომი განვითარება – ცხოველების კოლექციის გამდიდრება და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალი ტერიტორია (48 ჰა) საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა – დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება.

არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის. დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

“მნიშვნელოვანია, რომ ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან. დათვი ერთ-ერთი პრობლემური სახეობაა საქართველოში – დატყვევებულ დათვებს კერძო პირებთან, ან სხვადასხვა დაწესებულებაში, აუტანელ პირობებში უწევთ არსებობა. ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შევიფარებთ და დავიხსნით გაუსაძლისი ყოფისგან. გარდა ამისა, ვგეგმავთ დაობლებული ბელების ბუნებაში დაბრუნების პროგრამის განხორციელებას. სპეციალურად პატარებისთვის აგებულ ვოლიერში მოხდება ცხოველის რეინტროდუქციისთვის მომზადება მისი ბუნებაში დაბრუნების მიზნით. ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გარემოსდაცვით საქმიანობაში. დიდი მადლობა გერმანიის მთავრობას, რომ მოგვცა ჩვენი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობა”, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები დაიდებენ ბინას. მათი ვოლიერიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით შენდება.

ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

Share Button

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>