არცთუ შორეულ წარსულში, 300 ცხენის ძალა ძრავის სიმძლავრის ის ზღვარი იყო, რომელსაც სუპერ ავტომობილები თუ აღწევდნენ.
1989 წელს, ”ბეემვემ” 300-ცხენისძალიანი V12-ით აღჭურვილი 850i გამოუშვა და ყველა აღტაცებული დატოვა. იმავე წელს, ”ფერარიმ” 348-ს წარმოება დაიწყო, რომლის V8 ასევე 300 ცხენის ძალას იძლეოდა. ”ფორდ მუსტანგის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსია GT კი 2009 წლამდე 300-ცხენისძალიანი V8 აგრეგატით იყო აღჭურვილი.
მოკლედ, 300 ცხენის ძალა დღესაც კი საპატიო ზღვარია, თუმცა მას უკვე ბევრი იოლად აღწევს. და მაინც, ეს სიმძლავრე პატარა ავტომობილებისთვის (არა სარბოლი) წარმოუდგენელია. უფრო სწორედ, წარმოუდგენელი იყო, რადგან იტალიურმა სატუნინგო კომპანია ”რომეო ფერარიმ”, ეს ზღვარი ისეთ პატარა ავტომობილს აათვისებინა, როგორიც ”ფიატ ჩინკვეჩენტოა” (ფიატ 500).