“სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში საქართველო დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნიდან უსაფრთხო სახელმწიფოდ გარდაიქმნა.
ამჟამად თბილისი შეიძლება მიჩნეულ იყოს დასავლეთის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად,” – ასეთი დასკვნა გააკეთა ტილბურგის უნივერსიტეტის ვიქტიმოლოგიისა (დანაშაულის მსხვერპლი) და ადამიანის უსაფრთხოების პროფესორმა იან ვან დაიკმა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანალიზის შემდეგ.
კვლევა ”დანაშაულებათა კვლევა საქართველოში” 2010 წლის გაზაფხულზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა. კვლევის ტექნიკური ნაწილი განახორციელა კომპანია ”გორბი”-მ. საბოლოო ანალიზი კი მოამზადა ვიქტიმილოგიისა და ადამიანის უსაფრთხოების პროფესორმა იან ვან დაიკმა.
კვლევისას გამოყენებული იყო ”დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა საერთაშორისო კვლევის” (ICVS) მსგავსი შეკითხვები. გარდა ამისა, შეკითხვების ნაწილი აღებული იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოების ევროპული კვლევიდან (SASU), რომელიც 2013 წლისათვის ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში უნდა ჩატარდეს.