loading...

«

»

აპრ 28

მეცამეტე ზოდიაქო და შესაძლო ცვლილებები ასტროლოგიაში

მცხეთა

ბოლო დროს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია მეცამეტე ზოდიაქოს შესახებ, რომელსაც გველის მჭერი ეწოდება.

ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს, ბუნებრივია, გამოწვეულია იმ სიახლით, რაც შეიძლება მეცამეტე ზოდიაქოს გამოჩენამ გამოიწვიოს. ტრადიციულად, ოდითგანვე ცნობილია 12 ზოდიაქოს ნიშანი და სწორედ მას ეფუძნება ყველა ის ინფორმაცია ასტროლოგიური ინტერპრეტაციის შესახებ, რამაც ჩვენამდე მოაღწია უძველესი ცივილიზაციებიდან. მათ მიერ მოწოდებული ამ ცონდის გარეშე თანამედროვე ასტროლოგია სრულყოფილი ვერ იქნებოდა იმის გამო, რომ ცოდნა, რომელსაც თანამედროვე ასტროლოგია ეფუძნება, დამოკიდებულია ათასწლეულების განმავლობაში მიღებულ დაკვირვებასა და გამოცდილებაზე. ყველა უძველესი ასტროლოგიური “მეცნიერება” ითვალისწინებს 12 ზოდიაქოს ნიშანს, თუმცა, მეცამეტე ზოდიაქოს ანუ გველის მჭერის შესახებ ინფორმაცია უძველესი წყაროებიდან, კერძოდ, მოთოლოგიიდან მოდის და ის ცნობილი იყო ყველა ასტროლოგიური სკოლისთვის. მას საინტერესო მოთოლოგიური ისტორია აქვს, რაც პრომეთეს, იგივე ამირანის მითს მოგვაგონებს.

ის არის ცის ეკვატორის ირგვლივ განთავსებული თანავარსკვლავედი. მისი სახელი მოდის ბერძნული სახელიდან “ოპიუქუსი”, რაც გველის მატარებელს ნიშნავს და, როგორც წესი, ასე გამოისახებოდა: მამაკაცს ხელში უჭირავს გველი, რაც თავისთავად გველის თანავარსკვლავედს განასახიერებს. პირველად მას მოიხსენიებს ბერძენი პოეტი არატუსი ძვ. წ.-ით IV საუკუნეში. რომაული მითოგრაფიის მიხედვით, ფიგურა გამოსახავს მკურნალ ასკლეპიოსს, რომელმაც შეიცნო სიკვდილისგან ხსნის საიდუმლო წამალი, როცა აკვირდებოდა მკურნალი ბალახების მჭამელ გველს. იმისთვის, რომ ასკლეპიოსის აღმოჩენის შედეგად ადამიანი არ გამხდარიყო უკვდავი, ზევსმა მოკლა იგი შეისრული ელვით, თუმცა მოგვიანებით, მისი საქმიანობის პატივისცემის ნიშნად, მისი პორტრეტი მოათავსა სამოთხეში. შუა საუკუნეების ისლამურ ასტრონომიაში თანავარსკვლავედი ცნობილი იყო გველის მომხიბვლელის სახელით (the snake-charmer). ადრეულ რენესანსის პერიოდში ის გამოსახული იყო მორიელთან ერთად, რომელიც მას თითქოს კბენით ემუქრებოდა. ეს ფაქტორი მოგვიანებით გამოყენებული იყო ბიბლიაში – ღმერთის მიერ ედემის ბაღში გველისთვის წარმოთქმულ სიტყვებში.

რატომ წამოიჭრა ეს საკითხი დღეს, რა მნიშვნელობა აქვს მეცამეტე ასტროლოგიურ ნიშანს, რატომ ხდება მისი იგნორირება, თუ მისი ფაქტორი არსებობს, რატომ არ იყენებს და არ იყენებდა მას ძველი ასტროლოგიური სკოლა, გაითვალისწინებენ თუ არა მას მომავალში,

რა ზეგავლენას ახდენდა, ახდენს ან მოახდენს მისი ენერგეტიკა დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებზე და ასტროლოგიურ ინტერპრეტაციებზე, მისი გათვალისწინებით ყველა ზოდიაქოს მატარებელი ადამიანი შეიცვლის თუ არა თავის კუთვნილ ნიშანს და აღმოჩნდება თუ არა სხვა ზოდიაქოში – ამ საკითხებზე გვესაუბრება ასტროლოგი გიორგი რამიშვილი.

– მე ხშირად ვსარგებლობ ზოდიაქოთი და ვითვალისწინებ მას ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სერიოზული ასტროლოგიური სკოლა თავისი ინტერპრეტაციით ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ქართველი მკითხველია მიჩვეული და მას არასერიოზულად განიხილავს. მე მაინტერესებს მეცამეტე ზოდიაქოს მიშვნელობა. საიდან მოდის ის, რა მნიშვნელობა აქვს მის არსებობას თუ იგნორირებას თანამედროვე ასტროლოგიურ ინტერპრეტაციებში?

– ის, ვინც ეჭვს გამოთქვამს მეცამეტე ზოდიაქოს მიმართ, სრულად უვიცია ასტროლოგიაში, რადგან როცა საუბარია ასტროლოგიაზე, ერთმანეთში ურევენ ზოდიაქოს ნიშანს და ზოდიაქოს თანავარსკვლავედს. ასტროლოგია აგებულია ზოდიაქოს ნიშნებზე და მას თანავარსკვლავედთან თითქმის არა აქვს კავშირი. ასტროლოგიაში მოიხმარება მხოლოდ ის კაშკაშა ვარსკვლავები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს ზოდიაქოს ნიშნების უკან ცაზე უძრავი ვარსკვლავების სახით და არ გაითვალისწინება მის უკან თანავარსკვლავედი. 20-21 საუკუნის წინ მათ შორის განსხვავება თითქმის არ იყო. ზოდიაქოს ნიშნის განმარტება ასეთია: ეს არის მზის ხილული მოძრაობა ცაზე წლის განმავლობაში, რომელიც შეადგენს 360-გრადუსიან წრეს და ეს წრე დაყოფილია 12 30-გრადუსიან სექტორად. თითოეულ ამ სექტორს ჰქვია ზოდიაქოს ნიშანი. ტრადიციულად, ითვლება, რომ გაზაფხულის დღეგამტოლობიდან (ანუ 12 ზოდიაქოს წრის დაწყების წერტილი) დაწყებული, პირველ ზოდიაქოს ნიშანს ეწოდა ვერძი, მეორეს – კურო და ა. შ. 12 ზოდიაქოს ტიპი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია. ოცი საუკუნის წინ 12 ზოდიაქოს ნიშნის გასწვრივ იყო ზუსტად იგივე დასახელების 12 თანავარსკვლავედი (ანუ ზოდიაქოს უკან ცაზე თვალით ხილული ვარსკვლავთა კრებული). მათ ეს სახელები შერჩათ დღემდე; მაგრამ გაზაფხულის დღეგამტოლობის წერტილიდან მთლიანად ეკლიფტიკის სიბრტყე, რომელსაც ზოდიაქოს სიბრტყესაც უწოდებენ (თუმცა ეს მიახლოებაა მსგავსება ეკლიფტიკისა და ზოდიაქოს სიბრტყეს შორის), ათვლის წერტილი მოინაცვლებს ცაზე უძრავი ვარსკვლავების მიმართ, რასაც ჰქვია პრეცესია. ასე რომ, ათვლის წერტილი უძრავი არ არის და, ცხადია, შედარებით უძრავი ვარსკვლავების მიმართ ის მოინაცვლებს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

ეს ერთი საკითხია. არის მეორე საკითხიც. თავად სიბრტყე იხრება და არა მარტო ბრუნავს, არამედ ნელ-ნელა სივრცულ ორიენტაციასაც იცვლის უძრავი ვარსკვლავების მიმართ… ისინიც იცვლიან ადგილს, მაგრამ იმდენად ნელა, რომ პირველ მიახლოებაში შეიძლება ჩავთვალოთ უძრავად. ეს სიბრტყე რომ არ იცვლებოდეს და მარტო დღეგამტოლობის წერტილი მონაცვლეობდეს, მაშინ 12 ზოდიაქოს ნიშანი მუდმივად გადაადგილდებოდა იგივე სახელწოდების 12 თანავარსკვლავედის მიმართ და მოხდებოდა წაძვრა მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნებსა და თანავარსკვლავედებს შორის და ორივე დარჩებოდა თორმეტი, თუმცა დაძრული იქნებოდა სივრცეში; დაახლოებით 71 წელიწადში ერთხელ ათვლის სისტემა ერთი გრადუსით გადადის – ხდება წინსწრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ზოდიაქოს ნიშნით გაზაფხულის დგღეგამტოლობის წერტილი გადაინაცვლებს წინ 2160 წელიწადში. მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ფაქტორი აქტიურია. ამიტომ მოხდა ისე, რომ 12 ზოდიაქოს გასწვრივ შეიძლება არა 12, როგორც 21 საუკუნის წინ, არამედ 13 თანავარსკვლავედის დაკვირვება.

ამჟამად ზოდიაქოს სიბრტყე წაძრულია ერთი ზოდიაქოს ნიშანზე მეტით: თუ დააკვირდებით, დღეს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში მზე შედის 21 მარტს, ხოლო ვერძის თანავარსკვლავედში საკმაოდ ჩამორჩენილია და შედის მხოლოდ 14 აპრილს. მაგრამ მთელი ასტროლოგია აგებულია მზისა და პლანეტების მდებარეობაზე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და არ ითვალისწინებს თანავარსკვლავედებს. ამაზე დაყრდნობით, როგორც არ უნდა მოტრიალდეს ზოდიაქოს ანუ ეკლიფტიკის სიბრტყე, მაინც 12 ზოდიაქოს ნიშანი იქნება, თავისი აღწერით და ინფორმაციით.

საერთოდ, მარტო მზის მოძრაობა რომ განვიხილოთ ზოდიაქოს ნიშნებში, კარგად დავინახავთ, რომ 21 მარტს, როცა მზე შევა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, რეალური გაზაფხული დაიწყება და იქ იმყოფება 19 აპრილის ჩათვლით. 20-დან უკვე კუროში გადაინაცვლებს. ამ დროს მზეს აქვს თავისი კონკრეტული სიმაღლე დადამიწისა და კონკრეტული ადგილის მიმართ, ხოლო როცა კუროში გადადის, უფრო მაღლაა და გრძელ ტრაექტორიას შემოხაზავს დღის განმავლობაში. ამ დროს დღე-ღამის ხანგრძლივობა იცვლება: რაკი უფრო მაღლაა, დღის ხანგრძლივობა უფრო დიდია. ეს არის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დალაგებული ინფორმაცია. ასე რომ, როცა მზე და სხვა პლანეტები გადასულია კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანში, ისინი ხასიათდება გარკვეული ასტროლოგიური ენერგეტიკით და მათი ინფორმაცია და აღწერა ამართლებს ცხოვრებაში. ძირითადი ასტროლოგიური ინფორმაცია არ არის დამყარებული თანავარსკვლავედებზე, დამყარებულია ზოდიაქოს ნიშნებზე. ეს არის კონკრეტული ცოდნა, დაფუძნებული კონკრეტულ მდებარეობაზე, რომელიც არ შეცვლილა და არც შეიცვლება. სივრცეში ორიენტირება იცვლება, მაგრამ სივრცეში ჩვენც მასთან ერთად ვმოძრაობთ.

– რა გავლენას ახდენენ თანავარსკვლავედები დედამიწაზე?

– თანავარსკვლავედებიდან მთავარია არა მათი ერთობლიობა ანუ თავად თანავარსკვლავედი, არამედ კონკრეტული ვარსკვლავები, რომლებიც ასტროლოგიაში მეორე და მესამეხარისხოვანი მნიშვნელობისაა. ასტროლოგიაში გადამწყვეტია პლანეტების მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში, მათი ურთიერთდამოკიდებულება და ორიენტაცია ჰორიზონტის მიმართ დედამიწის კონკრეტული წერტილისთვის. ვარსკვლავთა ანუ კონკრეტული კაშკაშა ვარსკვლავების გავლენა (თანავარსკვლავედთა გავლენა საერთოდ არ არსებობს) არის მეორეხარისხოვანი, გამოიყენება ძალიან იშვიათად და მათი მდებარეობა გათვალისწინებული და გადაანგარიშებულია ზოდიაქოს ნიშნების მიმართ. ეს ყველა ასტროლოგმა ძალიან კარგად იცის.

– როგორ გაჩნდა მეცამეტე ზოდიაქოს იდეა?

– როცა აკვირდებიან თვალით ხილულ თანავარსკვლავედებს, რომელთა მოხაზულობა დადგინდა მე-20 საუკუნეში (იგულისხმება მათი თანამედროვე მოხაზულობა. ცის თაღი დაიყო 88 თანავარსკვლავედად), აღმოჩნდა, რომ ეკლიფტიკის სიბრტყეში არის 13 თანავარსკვლავედი. აქედან 12-ს ძველი სახელწოდება აქვს – ზუსტად ზოდიაქოს ნიშნების შასაბამისად. მეცამეტე, რომელმაც, შეიძლება თქვას, თავი შემოყო, აღმოჩნდა გველის მჭერის თანავარსკვლავედი. მისი სახელწოდება, როგორც ყველა დანარჩენის, მოდის მითოლოგიიდან. ასტროლოგიის არმცოდნე ადამიანებმა დაინახეს განსხვავება სახელწოდებებში, თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ ასტროლოგია არ ითვალისწინებს თანავარსკვლავედებს. ამის გამო დაიწყეს ასტროლოგიის კრიტიკა.

– მართებულია თუ არა ფორმულირება, რომ ასტროლოგია, თავისი ინტერპრეტაციების განსახორციელებლად, სამყაროს ცენტრად თვლის დედამიწას, ხოლო ასტრონომია – მზეს და ესეც არის მათი ურთიერთშეუთანხმებლობის საფუძველი?

– არა. ასტრონომიამ, ისევე როგორც ასტროლოგიამ, კარგად იცის, რომ ჩვენთვის ცენტრი არის მზე, რომლის ირგვლივ ვტრიალებთ ყველა; მაგრამ თუ გვინდა, რომ დედამიწაზე მიმდინარე პროცესებს დავაკვირდეთ, ცენტრად უნდა განვიხილოთ დედამიწა – რა გავლენას ახდენს დედამიწაზე მდგომ ადამიანზე პლანეტების ენერგეტიკა. ეს ბუნებრივია. ასტრონომიაშიც არსებობს მსგავსი სიტუაციები. როცა დედამიწის მიმართ გვინდა რაიმეს გამოთვლა, ასეც ვიქცევით. ეს გეოცენტრული სისტემაა და ასეც უნდა განვიხილოთ. ეს არ უარყოფს იმას, რომ დედამიწა გარემოიქცევა მზის მიმართ, თუმცა ხულულად გვეჩვენება, რომ მზე და პლანეტები გარემოიქცევიან ჩვენ გარშემო. მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი ასტროლოგიაში? ჩვენ კარგად ვიცით, რომ პლანეტა მარსი მოძრაობს თითქმის თანაბრად მზის გარშემო, თითქმის წრიულ, ოდნავ ელიფსურ ორბიტაზე, მაგრამ როცა დედამიწიდან ვუყურებთ, ის მოძრაობს სხვადასხვა სიჩქარით – ხან გაჩერდება, ხან ყულფს გააკეთებს, ხან უკან დაბრუნდება და მერე წავა წინ; ამიტომ პლანეტებს, მათი უცნაური მოძრაობის გამო, ისტორიულად ცთომილებს უწოდებენ. ასტროლოგიაში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა პლანეტა გაჩერდება, ის დიდხანს დაჰყურებს დედამიწას. ამიტომ დიდხანსაც ზემოქმედებს მასზე.

– ეს ცვლილებები სტაბილურია?

– ამის გამოთვლა შეიძლება. ჰელიოცენტრული სისტემიდან შეიძლება პლანეტების მოძრაობა გადაიყვანოთ გეოცენტრულ სისტემაზე და ამ მარყუჟებს თავისუფლად დაინახავთ; ასტროლოგია განიხილავს კოსმოსური ფაქტორების გავლენას დედამიწაზე, მაგრამ განიხილავს არა ტრადიციული მეცნიერების, არამედ ოკულტური მეცნიერების მხრიდან. ტრადიციულად მოაზროვნე მეცნიერებს აქვთ მკაცრი დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ, რადგან ის არ აკმაყოფილებს მეცნიერების თანამედროვე განმარტებებს.

– რას ნიშნავს მეცნიერების თანამედროვე განმარტება?

– მეცნიერება თანამედროვე ანუ რენესანსული გაგებით (მეცნიერების თანამედროვე ინტერპრეტაციას სწორედ რენესანსის დროს მიეცა დასაბამი), არის ცოდნის მყარი სისტემა, რომელიც დამყარებულია ლოგიკურ ინფორმაციაზე. საერთოდ, ასტროლოგია ორ რამეს ეფუძნება: სტატისტიკას, რომელიც მეცნიერებაა და მისტიკას, რომელიც ვერასოდეს ვერ იქნება მეცნიერება.

– მისტიკა როგორ აიხსნება?

– ეს არის შემონახული ინფორმაცია, რა რას ნიშნავს, როგორი ზეგავლენებია, რომელიც ვერასოდეს ვერ იქნება თვალხილული. ასე რომ, ასტროლოგია ვერასოდეს ვერ გახდება მეცნიერება.

– თუ არის ტენდენცია, რომ ასტროლოგია და ასტრონომია დაუახლოვდეს ერთმანეთს და იდენტური გახდეს?

– ისინი ვერასოდეს ვერ გახდებიან იდენტური. მათ, ორივეს, თავისი კვლევის საგანი აქვს. მაგრამ ასტროლოგია იყენებს სხვადასხვა მეცნიერებებს: ასტრონომიის, მათემატიკის და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიღწევებსაც. მაგალითად, ითვალისწინებს, საიდან აქვს მიღებული ინფორმაცია არქეოლოგიას. ამიტომ ჩვენი გამოთვლების აპარატი მთლიანად დამოკიდებულია ასტრონომიაზე.

– რომ არ არსებობდეს საუკუნეების მანძილზე დაგროვებული ინფორმაცია ადამიანზე პლანეტების ზეგავლენისა და მათი ინტერპრეტაციის შესახებ, როგორ ინტერპრეტაციას მიმართავდა თანამედროვე ასტროლოგია?

– ძნელი სათქმელია რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ის, რაც არსებობს.

– ეს ძირითადად ეფუძნება ტრადიციულ ინფორმაციას. რა სახის ინტერპრეტაციას იყენებენ თანამედროვე ასტროლოგები?

– თანამედროვე სკოლები არის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, ესპანეთშიც საკმაოდ ძლიერი სკოლაა, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში, ინდოეთში, არაბულ ქვეყნებში, ჩინეთში, იაპონიაში.

– რამდენად თანხვდება ეს ინტერპრეტაციები?

– ინტერპრეტაციებში მსგავსება არის, მაგრამ ტრადიციები სხვადასხვაა. ამიტომ ასტროლოგიური ცონდის გამოყენების დროს ინტერპრეტაციის ერთ-ერთი მთავარი წესი არის ასეთი მიდგომა – გაკეთდეს ერთი ინტერპრტაცია ერთი რომელიმე ქვეყნის ტრადიციის გამოყენებით და მხოლოდ ამის შემდეგ დაემატოს ნიუანსები სხვადასხვა სკოლების ტრადიციიდან.

– რომელ ტრადიციას იყენებს თანამედროვე ასტროლოგია?

– დღეს გავრცელებული თანამედროვე ასტროლოგია იყენებს ევროპის, ისრაელის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებს. ასტროლოგიის ტრადიცია დაახლოებით ძვ. წ. 2500 წლიდან მოდის. ძველი ჩანაწერები შემორჩენილია VI-VII საუკუნეებიდან ძველი წელთაღრიცხვით. ესაა შუამდინარეთის ჩანაწერები. იქ არის, მაგალითად, ვენერას სხვადასხვა მდებარეობა და მათი ინტერპრეტაცია სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით. თანამედროვე სკოლის მსგავსი გარეგნული ეფექტებით არის ინდური სკოლა, მაგრამ მათ ყველაფერი წანაცვლებული აქვთ დაახლოებით 22 გრადუსით, რასაც უწოდებენ აიანამსას. გაუგებარია, რატომ წაანაცვლეს, მაგრამ შედეგები აქვთ უკეთესი.

– 2000 წელს დამთავრდა თევზების 2000-წლიანი პერიოდი. რა იყო მისი დამახასიათებელი ნიშნები?

– ორი ეპოქა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ესაა თევზები, რომელსაც ჩვენ მოვესწარით და ძალიან კარგადაც გვახსოვს. ისტორია ამას მიწვდა და მერწყული, რომელიც უკვე დადგა, ითვლება 2000-იანი წლების მიდამოებში, 90-იან წლებში. მაგრამ მისგან მობერილი სიო უკვე იგრძნობოდა 70-იან წლებში, როცა დადგა ჰიპების პერიოდი. მერწყულის სიმბოლო თავისუფლებაა. დავიწყოთ თავიდან. თევზების სიმბოლო იყო რწმენა, სიყვარული, პატივისცემა და დაკავშირებულია ქრისტესთან, მაგრამ ამავე დროს იყო ბურუსი, ქაოსი, გაუგებრობა. როგორც წესი, ერთმანეთს ებრძოდა იდეალები და გაუგებრობა.

– ასე შეიძლება აიხსნას შუა საუკუნეების პერიოდიც?

– ქრისტეს მოსვლა იყო სიყვარულისა და რწმენის მოტანა ხალხში. როცა ეს ვერ გაიგეს, გაჩნდა ბურუსი, ქაოსი, გაუგებრობა. ეს არის თევზებისთვის დამახასიათებელი კომბინაცია, მაგრამ ეს ბურუსიც გაიფანტა, დიდი სიყვარულით და დიდი ინტუიციით აღორძინების ეპოქაში წამოვიდა ცოდნა.

– თუ არის ეს ნიშან-თვისებები დამახასიათებელი თევზი ადამიანებისთვის?

– გარკვეულწილად და ამახასიათებელია.

– თევზებამდე რა ეპოქა გამოვიარეთ და რა მახასიათებლებით?

– ეს იყო ვერძი – პირდაპირი გამოთქმა შენი აზრისა, პირდაპირ და შეუპოვრად, საკუთარი აზრის დაძალების მიზნით. ასევე რაინდულობა (კარგი გაგებით) და უხეშობა (ცუდი გაგებით)…

– შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ რომის იმპერია ამის სიმბოლური მაგალითია და დაკავშირებულია თუ არა ეს წარმართობასთან?

– არა, ასე მარტივად არ არის საქმე. რომის იმპერია არის ვერძის გადმონაშთი. უკვე თევზები იწყებოდა.

– რომელი ცივილიზაციებია ვერძის კლასიკური მაგალითი?

– ბერძნები არის ვერძის ბოლო გადმონაშთი, მანამდე – ეგვიპტე და შუამდინარეთი. ვერძისთვის იმ ეპოქაში დამახასიათებელი იყო: მე უფრო ძლიერი ვარ, უფრო კარგი იარაღი მაქვს, მოვალ და გაიძულებ, გააკეთო ის, რაც მინდა. თუმცა, მეორე მხრივ, ეს იყო ვაჟკაცობისა და პირდაპირობის ქადაგება.

– რა ეპოქა იყო მანამდე?

– ზოდიაქოს ნიშნები ეპოქების მიხედვით იცვლება საათის ისრის საწინააღმდეგო მომართულებით. ლოგიკურად ვერძამდე იქნებოდა კურო, რომლისთვისაც დამახასიათებელია მიწათმოქმედება, პრაქტიკული საქმიანობა… საერთოდ, ითვლება, რომ ქართული ისტორია მკაფიოდ ჩანს არქეოლოგიური გათხრებით კუროს ეპოქიდან. ხარის გამოსახულება ანუ ხარის კულტი ქართულში ძალიან მნიშვნელოვანია. ის იმ ეპოქიდან მოდის. დამახასიათებელია გამტანობა, საქმის კეთება და თანადგომა, მაგრამ თუ “გააბრაზებ”, საშინელი შედეგები მოჰყვება.

– რა იყო მანამდე?

– მანამდე იყო ტყუპები,რომლისთვისაც დამახასიათებილია კონტაქტი, ურთიერთობა, კომუნიკაბელურობა, ინტელექტუალური განვითარება. მაგრამ ეს აღარ არის ისტორია, გარწმუნებთ.

– აღარ არის?

– არ არის, მაგრამ, არ გვაქვს ინფორმაცია.

– როგორც ცნობილია, ტყუპები ერთადერთი გაორებული ნიშანია.

– სულაც არა. ასევეა თევზები, მშვილდოსანი, ქალწული. დამახასიათებელია გაორება იდეალიზმსა და რეალობას შორის. მაგალითად, მშვილდოსანი აკეთებს და ათასიდან ერთი გამოდის. ესე იგი, ის კონფლიქტშია რეალობასთან. თუმცა, ტყუპები და თევზები ყველაზე მეტად გამოკვეთილია გაორებულ ნიშნებში.

– ახლა ჩვენ უკვე მერწყულის ეპოქაში ვართ. რა ტენდენციები მოჰყვება ამას?

– მერწყულის გარდამავალი პერიოდი მოიცავს 1970-2030 წლებს. მართალია, ჩვენ უკვე მერწყულის ეპოქაში ვართ, მაგრამ 2030 წლიდან დაიწყება მისი სრული გამოვლინება. როცა ეპოქა გადადის მერწყულის ზოდიაქოში, მისი მთავარი მახასიათებელია თავისუფლების ქადაგება. ეს არ ნიშნავს რეალურ თავისუფლებას. იქნება თავისუფლების ქადაგება მთელი 2000 წელი, მაგრამ “დაკაბალება” იქნება ისეთივე დონის. ესე იგი, აქ საუბარია თავისუფლების ქადაგებაზე და არა რეალურ თავისუფლებაზე. ისტორიულად ყოველთვის ასეა – ბოროტება არასოდეს არ კეთდება ბოროტების სახელით. ასე რომ, იქნება არა სიყვარულისა და რწმენის, არამედ თავისუფლების ქადაგება მასობრივი საშუალებებით, რომ ყველაფერი უნდა აიგოს თანასწორუფლებიანობაზე, ურთიერთგაგებაზე და ა.შ.

– მერწყულის შემდეგ რა ნიშანი მოდის, რა მახასიათებლები აქვს მას, საზოგადოების განვითარების რა პოტენციალია მერწყულის შემდეგ?

– მერწყულს მოჰყვება თხის რქა – პრესტიჟის, მოწესრიგებულობის მოთხოვნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რეპუტაციის ეგიდით, სერიოზულად, საფუძვლიანად…

– რა მდგომარეობაშია ამჟამად ქართული ასტროლოგია?

– კუსტარულში – ხუმრობით. ქართულ ასტროლოგიას დიდი ისტორია აქვს. ნახეთ ზოდიაქოს განსაზღვრება ვიკიპედიაში – იქ მოთავსებულია მცხეთის სვეტიცხოვლის ფრესკა ქრისტეს გამოსახულებით, ირგვლივ თორმეტი ზოდიაქოს ნიშნით ერთ წრეში და მეორე, შიდა წრეში, ათი მთავარანგელოზის, ქერუბიმის, სერაფიმისა და ერთი ცეცხლოვანი რგოლის გამოსახულებით. ეს რომ ყოფილიყო 12 მოციქულის ფიგურა, მაშინ ეს იქნებოდა 12 ზოდიაქოსა და 12 მოციქულის ერთად გამოსახვის ერთადერთი პრეცედენტი. თუმცა, ფაქტია, რომ მათ ფრთები აქვთ. ამ ფრესკის ინტერპრეტაცია რთულია. თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ერთად განთავსებას და რა დანიშნულებისაა ცეცხლოვანი რგოლების გამოსახულება – უცნობია.

ქეთევან ჭარხალაშვილი

სტატიის მისამართი: http://24saati.ge