loading...

«

»

ივნ 07

წყლის მრიცხველისთვის 100 ლარის გადახდა მოგიწევთ

წყლის მრიცხველისთვის 100 ლარის გადახდა მოგიწევთწლის ბოლომდე, თბილისის მასშტაბით წყლის მრიცხველი 50 000 აბონენტს დაუმონტაჟდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლის ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს თავდაპირველად თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე კერძო სახლებში განახორციელებს. ეს გადაწყვეტილება საპილოტო პროექტის დასრულების შემდეგ მიიღეს, რომლის ფარგლებშიც ისანი-სამგორის რაიონში, “მეტრომშენის” დასახლებაში, 200 ოჯახი უკვე სარგებლობს წყლის ინდივიდუალური მრიცხველით. 

ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მრიცხველის შემდეგ, სულ მალე ყველა ოჯახში კიდევ ერთი, ახლა უკვე წყლის მომხმარების აღმნუსხველი დანადგარი გამოჩნდება, რომელიც თქვენ მიერ მოხმარებულ ყოველ წვეთ წყალს დაითვლის. ყოველ წვეთს თუ არა, ყოველ კუბურ მეტრს, რომლის საფასურიც 26,6 თეთრს შეადგენს. წყლის მიმწოდებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ გამრიცხველიანების პრინციპი მარტივი და სამართლიანია, და კიდევ, ის პოზიტიურად აისახება თბილისში მცხოვრები ყოველი ოჯახის ბიუჯეტზე.

ძნელია არ დაეთანხმო კომპანიას გამრიცხველიანების პროცედურის სიმარტივეში, რადგან ყველაფერი ძალზედ მარტივად არის გადაწყვეტილი – თითოეული აბონენტის აღრიცხვის კვანძის მოწყობა 100 ლარი ჯდება და ეს თანხა აბონენტმა თავად უნდა დაფაროს. აბონენტი საყვედურის სათქმელად პირის გაღებასაც ვერ მოასწრებს, რომ იქვე შეაგებებენ: თუ ფული არ გაქვთ, კომპანია მრიცხველის დამონტაჟების ხარჯებს თავად გაიღებს, მაგრამ აბონენტს ეს თანხა 24 თვეზე გაუნაწილდება და მას მიმდინარე გადასახადთან ერთად დაფარავს.

რაც შეეხება გამრიცხველიანების პოზიტიურ მხარეს, კომპანიისა და ხელისუფლების თანმხვედრი აზრით, მოსახლეობა ამის შემდეგ უფრო ყაირათიანად მოიხმარს წყალს და თავის ბიუჯეტსაც დაზოგავს. მაგალითად, დღეს თუ 4-სულიანი ოჯახი, ფიქსირებული გადასახადის სახით ყოველთვიურად 12,6 ლარს იხდის, მრიცხველის მონტაჟის შემდეგ და წყლის რაციონალურად მოხმარების ფონზე, რაც დღე-ღამეში ერთ სულზე 150 ლიტრია, ოთხსულიან ოჯახს თვეში 4,8 ლარის გადახდა მოუწევს. თუმცა აქვე ავიწყდებათ მრიცხველის მონტაჟის საფასური, რომელიც ისევ აბონენტებს დააწვება ტვირთად.

გიორგი გუგავა (ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი): “როგორც ვიცით, წყლის ბიზნესი რუსებთან ერთად “დაითრია” უგულავას კლანმა. გარდა ტარიფებისა, რომლის მეშვეობითაც ძარცვავენ მოსახლეობას და არანაირი დასაბუთება არ გააჩნიათ, რატომ არის წყლის ტარიფი ასე მაღალი, დამატებითი ხერხი მოიგონეს მოსახლეობისგან ფულის ამოსაღებად. ეს გახლავთ ე.წ. წყლის მრიცხველები, რომელიც საკმაოდ ძვირი დაუჯდება მოსახლეობას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისში 400 000 აბონენტია, მხოლოდ გამრიცხველიანებით სოლიდურ თანახას ამოიღებენ მოსახლეობისგან. როგორც ხედავთ, ეს ძირითადი რესურსები, როგორიც არის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის დისტრიბუცია, მონოპოლიზებულია ქვეყანაში და ამავე დროს გამოყენებულია მოსახლეობის გასაძარცვად.

როდესაც წყლის ტარიფი დგინდებოდა, სემეკის გადაწყვეტილების ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ თითქოს კომპანიამ გაწია გარკვეული და სამომავლოდაც გეგმავდა გარკვეული ხარჯების გაწევას გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დღევანდელ ტარიფში ფორმალურად გამრიცხველიანების ტარიფი უკვე გათვალისწინებულია, მაგრამ ამ თანხას მოსახლეობას ცალკე კიდევ ახდევინებენ. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რაოდენ მძიმე ტვირთად დააწვება გამრიცხველიანების ხარჯები მოსახლეობას, ხალხს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში პურისა და წამლის ფული არ აქვთ.

თუ აბონენტების გამრიცხველიანება გინდა, კეთილი უნდა ინებო შენ, როგორც ოპერატორმა და მრიცხველი საკუთარი ხარჯებით დაუმონტაჟო აბონენტებს. მაღაზიაში თქვენ თქვენი სასწორით ხომ არ დადიხართ? დაახლოებით ასეთი ვითარებაა, როდესაც მრიცხველის ფულს კომპანია აბონენტს ახდევინებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს წყლის ტარიფი მნიშვნელოვნად გაზარდეს, წყალმომარაგება და მომსახურება გაუარესდა. პრაქტიკულად ყოველ დღე, თბილისში რამდენიმე უბანს წყალმომარაგება უწყდება და პასუხისმგებელი ამაზე არავინაა. მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა ცივილურ სამყაროს ვგულისხმობ, ვალდებულება ყოველთვის ორმხირვია. ჩვენთან კი ეს ბალანსი დარღვეულია – მთელი ვალდებულებები აბონენტებს აკისრია, ხოლო კომპანიას, რომელიც რესურსების ოპერირებას ახდენს, მხოლოდ სანქციების დაწესება ევალება. მანამ, სანამ ასეთი დამოკიდებულება იქნება მომხმარებლის მიმართ, მისი უფლებების დაცვაზე საუბარიც ზედმეტია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ქვეყანაში არსებობს კონსტიტუციური ნორმა – კანონი მომხმარებლის უფლებების შესახებ, რომელიც მხოლოდ ფურცელზე დაწერილი კანონია და რეალურად არასდროს სრულდება.

ასეთი წარმატებით თუ განახორციელებენ ყველა ჩანაფიქრს, შესაძლოა კიდევ ერთი მრიცხველი ადამიანებს დაუყენონ, რათა მათ მიერ მოხმარებული ჰაერი აღრიცხონ. არც ამ გადაწყვეტილების დასაბუთება გაუჭირდებათ.”


რედაქციის მინაწერი: ჩვენის მხრივ კიდევ ერთს დავძენთ: ძალიან საინტერესოა, ვინ შემოიტანა ეს მრიცხველები, ჩატარდა თუ არა ტენდერი (იქნებ ვინმე უფრო იაფად გვთავაზობდეს?), ან რა დაუჯდა კომპანიას ის მრიცხველი, რომელიც ახლა 100 ლარად უნდა შემოგვასაღოს?!

ეს კითხვები მით უფრო საინტერესოა, რომ “ავ ენებს” თუ დავუჯერებთ, აღნიშნული მრიცხველები სულ 20-25 ლარი დაჯდა და გვეეჭვება, რომელიმე ჩვენგანს ესიამოვნოს, თუკი ჩვენ ხარჯზე ნაშოვნი 30 მილიონი ლარი გინდ რუსი ბიზნესმენების (როგორც კომპანიის ოფიციალური მფლობელების) და გინდ მისი არაოფიციალური, მაგრამ რეალური პატრონების – ქართველი ჩინოსნების საბანკო ანგარიშებზე დაილექება.

ემა ტუხიაშვილი
წყარო: kvirispalitra.ge