loading...

«

»

ივნ 24

მშობლები და შვილები

მშობლები და შვილები

დედაშვილური კავშირი
დედაშვილობა საოცარი ფენომენია. დედაშვილური კავშირი მძლეთამძლეა. როგორ მოვიქცეთ, რომ ის არასოდეს დაირღვეს? გაიხსენეთ, პატარას დაბადებისთანავე რა აზრმა გაგიელვათ გონებაში: “მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა!..” მაგრამ შეცდით, ყველაფერი ახლა იწყება! იწყება სრულიად ახალი ცხოვრება – ცხოვრება შვილთან ერთად. ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში მთავარი ამოცანაა ძუძუთი კვება. დედის რძე – ეს არის ფასდაუდებელი საჩუქარი, უნიკალური საკვები და წამალი თქვენი პატარასთვის. კვების მთავარი წესი ასეთია: ბავშვს აჭამეთ, როცა უნდა და რამდენიც უნდა. რძის სიმცირის შემთხვევაში ბავშვი რაც შეიძლება ხშირად უნდა მიიწვინოთ მკერდზე, ისე, რომ ადვილად მისწვდეს ძუძუსთავს და მის ირვლივ მდებარე არეს – ორეოლას.

“შეწყვიტეთ შფოთვა და დაიწყეთ ცხოვრება!” – ამბობდა დეილ კარნეგი. სხვაგვარად ძუძუთი კვებას ვერ მოაწესრიგებთ. ვერც ბევრ სხვა რამეს მოახერხებთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს. თქვენს ნაცვლად ამას ვერავინ გააკეთებს. იძინეთ, დაისვენეთ, ისეირნეთ. თქვენ დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ბავშვის წინაშე, ამიტომ ბევრი ენერგია გჭირდებათ. შეეცადეთ, ჩვილი ბუნებრივად შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ნუ დაივიწყებთ მის ასაკობრივ თავისებურებებს. იმისთვის, რომ პატარა ორგანულად შეერწყას ახალ სამყაროს, პირველ ხანებში მოარიდეთ ხალხმრავლობას, ხმაურს. გამონახეთ დრო თქვენი შეგრძნებებისა და განცდების, ახალი ემოციებისა და დაკვირვებების ჩასაწერად. თუნდაც დღეში 15 წუთი. ეს არც ისე ბევრია. სამაგიეროდ, შემდგომში განუმეორებელ წუთებს გაგახსენებთ. ათი წლის შემდეგ მეუღლესა და უკვე წამოზრდილ შვილთან ერთად საოცარი განცდით წაიკითხავთ თქვენი ოჯახისთვის უძვირფასეს მოგონებებს. ეს კიდევ უფრო გაამყარებს შვილის მშობლებთან ფსიქოლოგიურ კავშირს. აწარმოეთ ჩანაწერები ბავშვის შესახებ, სადაც აღნუსხავთ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობისა და განვითარების შესახებ, ჩაიწერთ, როგორ უყალიბდებოდა ჩვევები, თვისებები, ხასიათი. მოაწესრიგეთ ურთიერთობა მეუღლის მშობლებთან, განურჩევლად იმისა, ცხოვრობთ თუ არა მათთან ერთად. რა გამაღიზიანებელიც არ უნდა გეჩვენებოდეთ მათი რჩევები, მათ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარება სურთ. უფროსი თაობის გულისტკენა არ შეიძლება. აი, პრიორიტეტების შესახებ შეთანხმება კი საჭიროა. ერიდეთ გაციებას. ნუ გახვალთ აივანზე შილიფად ჩაცმული – შეიძლება მკერდი გაგიცივდეთ. ნუ იჩქარებთ ძიძის მოწვევას. ბავშვის დაბადების შემდეგ დედას უამრავი საზრუნავი უჩნდება და ძალიან იღლება, ამიტომ ბევრი ძიძის ძებნას იწყებს. ცოტა ხანს მოიცადეთ! ახლა თქვენს შვილს დედა სჭირდება, რომელიც არა მხოლოდ ყველაზე ძვირფასი ადამიანია მისთვის, არამედ მისი ცხოვრებისა და ნორმალური ფსიქოლოგიური განვითარების მთავარი პირობაც. ძიძის აყვანის შემთხვევაში წყდება უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური კავშირი დედასა და შვილს შორის. ჯობს, საოჯახო საქმეები ანდოთ სხვას. საზოგადოდ, ძიძის საწინააღმდეგო ფსიქოლოგებს არაფერი აქვთ, მაგრამ არა პირველ თვეებში. თუ მოახერხებთ, ეცადეთ, პირველი ექვსი თვე მაინც დარჩეთ შინ. ნუ ეცდებით, გახდეთ იდეალური დედა. დედობა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა მთელი ცხოვრება. ახალმა როლმა არ უნდა შეგიქმნათ ახალი კომპლექსები. პირიქით, უნდა დაგანახვოთ, რომ ცხოვრება უფრო საინტერესო, უფრო უკეთესი გახდა. ზოგი რამ შესაძლოა არ გამოგივიდეთ, ზოგი რამ წააგოთ კიდეც, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვლება. ეცადეთ, ყოველი დღე დღესასწაულად აქციოთ. ნუ იტყვით უარს დახმარებაზე. გახსოვდეთ: ბავშვს ენერგიული, მშვიდი და ხალისიანი დედა სჭირდება. რჩევები შეიძლება გაიზიაროთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოთ.

მამაშვილური  კავშირი
ბავშვს ერთნაირად სჭირდება როგორც დედასთან, ისე მამასთან კავშირი. მისთვის ორივე მშობლის სიყვარული აუცილებელია. უდედობაც და უმამობაც პატარასთვის სერიოზული დანაკლისია. ფსიქოლოგიურად ბავშვი ნახევრად დედისაა და ნახევრად მამის. თუ მამა არ არის მათთან ერთად, დედა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს “მამის” ნახევარს. მისი ნახევარი უკვე სრულყოფილი და შემდგარია, მამისა კი – ცარიელი. ეს სიცარიელე რომ შევავსოთ, შეიძლება ვუთხრათ პატარას: “შენც მამასავით ყოჩაღი (ლამაზი, ჭკვიანი, გამბედავი) ხარ!” თუ ვაჟი გყავთ, ხაზი გაუსვით მამაკაცურ თვისებებს. ბიჭებსა და გოგონებს ერთნაირად სჭირდებათ მამის ყურადღება, მისი სიყვარული, სითბო და თანადგომა. კარგია, როცა ბავშვებს შეუძლიათ დიდხანს იყვნენ მამასთან. იგრძნონ მისი ალერსი და რამეში ხელიც წააშველონ. სამწუხაროდ, სამსახურიდან დაბრუნებულ მამებს ყველაფერს ურჩევნიათ, წამოწვნენ, დაისვენონ, გაზეთი იკითხონ ან ტელევიზორს უყურონ. მათ რომ ესმოდეთ, როგორ სჭირდებათ შვილებს მათთან ურთიერთობა, როგორმე მოერეოდნენ დაღლილობას. გარდა ამისა, ბავშვთან ურთიერთობა განტვირთვის ჩინებული გზაა. ზოგიერთ მამას სურს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, შვილი ყოველმხრივ იდეალური გაზარდოს, ეს კი ხელს უშლის მამასა და შვილს, უბრალოდ ერთად გაატარონ დრო. მაგალითად, მამას სურს, მისი შვილი სპორტსმენი გახდეს და პატარაობიდანვე ასწავლის ფეხბურთის თამაშს, მაგრამ ბავშვს თამაში არ გამოსდის. როცა მამა წამდაუწუმ შენიშვნას აძლევს, საყვედურობს, თუნდაც მეგობრულად, ბავშვი შებოჭილია და თამაში კმაყოფილებას აღარ ანიჭებს. ზოგჯერ ეჩვენება კიდეც, რომ არაფრის მაქნისია… თავის დროზე ბიჭი აუცილებლად შეიყვარებს სპორტს (თუკი ის, საერთოდ, ცოცხალი ბავშვია), ახლა კი მამის მხარდაჭერა მისთვის მითითებებზე უფრო მნიშვნელოვანია. ფეხბურთის თამაში კარგია მაშინ, როცა გასართობად თამაშობენ. ბიჭი მამაკაცად იმიტომ კი არ ყალიბდება, რომ მამაკაცად დაიბადა, არამედ იმიტომ, რომ ბაძავს იმ მამაკაცებს და უფროს ბიჭებს, რომელთა მიმართაც კარგად არის განწყობილი. მას არ შეუძლია მიბაძოს ადამიანს, რომელიც არ მოსწონს. თუ მამა მუდამ გაღიზიანებულია და მოთმინებას ადვილად კარგავს, ბიჭი მარტო მის გვერდით კი არა, სხვა მამაკაცების გვერდითაც ცუდად იგრძნობს თავს, დედისკენ უფრო გაიწევს და მის მანერებსა და ინტერესებს შეითვისებს. ამრიგად, თუ მამას სურს, მისი ვაჟიშვილი ნამდვილი მამაკაცი დადგეს, არ უნდა გაუბრაზდეს, როცა ბავშვი ტირის, არ უნდა შეარცხვინოს, როცა გოგონების სათამაშოებით ერთობა, არ უნდა აიძულოს, მისდიოს სპორტს. მამა სიამოვნებით უნდა ატარებდეს დროს თავის ვაჟთან, აგრძნობინებდეს, რომ მისი მეგობარია, დაჰყავდეს სასეირნოდ, სათევზაოდ, ზოგჯერ საქმეზეც წაიყოლოს. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მამა გოგონას განვითარება-ჩამოყალიბებაშიც. გოგონა მას არ ბაძავს, მაგრამ მისი მხარდაჭერა და მეგობრული განწყობა საკუთარი ძალების რწმენას მატებს. კარგი იქნება, თუ მამა თავის გოგონას ლამაზ საჩუქრებს მიუძღვნის, კაბას ან ვარცხნილობას შეუქებს, მოუწონებს საოჯახო საქმიანობას. როდესაც გოგონა წამოიზრდება, მამამ აუცილებლად უნდა აგრძნობინოს, რომ აფასებს მის აზრს, ხოლო როდესაც ქალიშვილობაში შევა და მეგობარ ყმაწვილებს გაიჩენს, მათ კარგად უნდა მოექცეს, თუნდაც ისინი თავისი ქალიშვილის შესაფერისად არ მიაჩნდეს. გოგონა მამისგან სწავლობს იმ თვისებებს, რომლებმაც მამამისი ნამდვილ მამაკაცად აქცია. ამით ის დიდ ცხოვრებაში გასასვლელად ემზადება. ეს სამყარო კი სანახევროდ მამაკაცებისგან შედგება. მამასთან მის ურთიერთობაზეა დამოკიდებული, რა ტიპის ყმაწვილებსა და მამაკაცებთან ექნება ურთიერთობა ქალიშვილობისას, ვის შეიყვარებს და როგორ წარიმართება მისი ცხოვრება გათხოვების შემდეგ. ასე რომ, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ძალზე ფაქიზი რამ არის. ნუ შეგეშინდებათ შვილებისადმი სიყვარულის გამომჟღავნების; ყოველ ბავშვს ჰაერივით სჭირდება ალერსი და ღიმილი, საუბარი და თამაში. სჭირდება ვიტამინებსა და კალორიებზე არანაკლებ. ამით ის სხვების სიყვარულსა და ცხოვრებით ტკბობას სწავლობს. სიყვარულსა და ალერსს მოკლებული ბავშვისგან შესაძლოა გულგრილი, ემოციურად ცივი პიროვნება დადგეს.

წყარო: mkurnali.ge

ავტორი: ნანა კალანდაძე