loading...

«

»

ოქტ 19

Google Chrome 14: მცირედი ცვლილებებით

დეველოპერთა მიერ სოფტი ვერსიების კლასიფიკაცია გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. ხშირად რაიმე მცირე თუ დიდი ცვლილების შეტანა პროგრამაში მისი ვერსიის აღმნიშვნელ რიცხვში მხოლოდ ძნელად შესაცვლელ ცვლილებას იწვევს. ასე მაგ: Apple Final Cut Pro-ს განახლების შემდეგ ამას მხოლოდ ბოლოში მიწერილი ერთადერთი 1-იანი გვაუწყებდა. ამ კუთხით განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს Google. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი Chrome, შეიძლება ითქვას, ელვის სისწრაფით მიიწევს წინ და ამ ტემპებით თუ განაგრძო, მალე მიაღწევს v. 20.0 ან უფრო მეტს.

Google Chrome-ით დაინტერესება საზოგადოების მხრიდან ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა იგი სტაბილურ 1.0-მდეც კი არ იყო მისული, მაგრამ დეველოპერის შესანიშნავი იმიჯის და ბრაუზერის კოდში გამოყენებული არაერთი სიახლის გამო ბევრისთვის იგი იმთავითვე საყვარელ სოფტად იქცა ინტერნეტში საძრომიალოდ. დროთა განმავლობაში Chrome გაიზარდა, ფუნქციების ფართო ნაკრები შეიძინა და ახლა უკვე ჩვენ ხელთაა მისი 14-ე ვერსია. თუმცა საქმე იმაშია, რომ რიგითი მომხმარებლები ამ განახლების უპირატესობას ვერც იგრძნობენ (თუ ისინი არ იყენებენ Mac OS X Lion-ს). დეველოპერებს კი აწი Chrome გაახარებს native C და C++ კოდის გაშვების შესაძლებლობით. პროგრამისტებს ამიერიდან შეუძლიათ ზემოთხსენებული ენების ფარგლებში დაწერილი კოდი NaCl-ით ამუშაონ პირდაპირ ბრაუზერის ფანჯარაში. 
პროგრამაზე ზოგადი წარმოდგენა ინსტალაციის პროცესიდან იწყება. ამ მხრივ Google-მა ერთობ შთამბეჭდავი გზა აირჩია. საკმარისია ერთი დაჭერა მაუსზე და დაახლოებით წუთზე ნაკლებში უკვე ახალი ბრაუზერის მომხმარებელი ხდებით. Chrome Instant Pages – ფუნქცია, რომელიც არ უნდა აგვერიოს Google Instant Pages-ში. მისი მეშვეობით ძიების შედეგებში მოყვანილ საიტების ლინკებზე მაუსის გადატარებით ჩნდება მცირე ფანჯარა, რაც საშუალებას გვაძლევს ზოგადად დავათვალიეროთ ინტერნეტ რესურსი მასზე სტუმრობის გარეშე. ნელი Wi-Fi შეერთების პირობებში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ეს ფუნქცია მხოლოდ პირველ ლინკზე მუშაობდა სრულყოფილად. მულტიმედიური კონტენტით გადატვირთულ ვებ გვერდებზე კი სერიოზული დაყოვნება დაფიქსირდა. სწრაფი ინტერნეტის პირობებში კი ყველაფერი შედარებით კარგად მუშაობდა და ზოგიერთი ვებ გვერდის გამოსახულება საოცრად სწრაფად დაგენერირდა.
Google Chrome მსოფლიოში ერთადერთი ბრაუზერია, რომელსაც ჩაშენებული აქვს Adobe Flash-ის მხარდაჭერა. არანაირი მომაბეზრებელი პროცესები არ არის საჭირო, რაც გულისხმობდა მწარმოებლის ვებ გვერდიდან საინსტალაციო პაკეტის გადმოტვირთვას, დაყენებას და ფლეშ ტექნოლოგიებით აწყობილი ვებ გვერდებით მხოლოდ ამის შემდეგ სარგებლობას. Flash Player 10-ის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ შესაძლებელი იყო მას ჰქონოდა არასანქცირებული წვდომა სისტემის გარკვეულ ნაწილებთან, გამოიწვია ის, რომ მოხდა ამ პლაგინის იზოლირება და მას წაერთვა შესაძლებლობა მისწვდეს სისტემის სხვა ნაწილებს. აღნიშნული ფუნქცია მუშაობს მხოლოდ Windows Vista/7-ზე. მეორე მასობრივად გავრცელებული ფორმატი, რომელსაც მხარს უჭერს Google Chrome ყოველგვარი დამატებითი სოფტის ინსტალაციის გარეშე, გახლავთ PDF. მისი წამკითხველი ინტეგრირებულია ბრაუზერში და დოკუმენტის გამოსახულებას იგი არენდერებს Print Preview სტილში. სამწუხაროდ, დოკუმენტზე მანიპულირების უფრო ფართო შესაძლებლობები ნაკლებადაა მხარდაჭერილი. საერთოდ ბრაუზერების ფანჯარაშივე PDF-ის გახსნა აქამდეც იყო შესაძლებელი, მაგალითად, Foxit Reader-ის დახმარებით, თუმცა Google Chrome -ის მიდგომა მაინც ინოვაციური და მოსახერხებელია. აღნიშნული ფუნქცია ჯერ კიდევ 13-ე ვერსიას ჰქონდა და რასაკვირველია, სრულად არის მხარდაჭერილი უახლეს 14-ეშიც.

მინიმალისტური ინტერფეისი ყოველთვის რჩებოდა Chrome-ის სავიზიტო ბარათად. ვებ გვერდის გამოსახვისადმი მსგავსი მიდგომა ალბათ არც ერთ სხვა სოფტს არ ჰქონია (გაიხსენეთ Opera მისი აუარებელ სტრიქონებით). ამ მხრივ ყველაზე მეტი განვითარება ისევ და ისევ Mac OS X-ის პლატფორმაზე იგრძნობა. Google Chrome 14 სრულად უჭერს მხარს Mac OS X Lion -ის Full Screen View-ს. სქროლბარები მხოლოდ ჩამოსქროლვის შემთხვევაში ჩნდებიან. OS X “Aqua” სტილი კი მას უფრო Mac-ისებრს ხდის. ფაქტია, რომ Safari მალე შეიძლება აღარც იყოს ძირითადი ბრაუზერი ამ პლატფორმაზე.
გაფართოებები უკვე დიდი ხანია გადაიქცა იმ აუცილებელ პროგრამულ მოდულებად, რომელთა გარეშეც ინტერნეტ ბრაუზერები წარმოუდგენელია. გამონაკლისი არც Chrome 14-ია. Extension-ების გალერეის სტუმრობისას არჩევანის გაკეთება შეგვიძლია გარკვეული პრინციპებით დალაგებულ მოდულებს შორის. მათ დასაყენებლად კი მხოლოდ მაუსის ერთი კლიკია საჭირო. Private რეჟიმში ყველა გაფართოება სრულყოფილად მუშაობს. მათთვის ამ ფუნქციის ჩართვა სეთინგებში მონიშვნით არის შესაძლებელი. ყველა extension-მა, რომელიც გავტესტეთ Chrome 14-ზე იმუშავა უშეცდომოდ და სრულყოფილად.
ტესტირების ჟამს Google Chrome-მა განსხვავებული შედეგები აჩვენა სხვა ბრაუზერებთან მიმართებაში სხვადასხვა ბენჩმარკებში. SunSpider 0.9.1-ში მან მხოლოდ Safari 5.1-ს მოუგო ბრძოლა, თუმცა უშანსოდ დამარცხდა Internet Explorer 9, Firefox 7 და Opera 11.50-თან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ დისციპლინაში IE9-მ გაანადგურა ყველა სხვა კონკურენტი. რაც შეეხება Google V8 v.6-ს, რომელიც JavaScript-თან მუშაობის სისწრაფეს ზომავს, აქ Google Chrome 13-მა მოუგო არამარტო ყველა სხვა ბრაუზერს, არამედ მის 14-ე ვერსიასაც (მცირედით) რაც ცოტა არ იყოს უცნაური შედეგია. Mozilla Kraken 1.1-ში კი Google Chrome 14 ერთპიროვნული ლიდერი გამოდგა. უკვე ფართოდ გავრცელებულ სტანდარტად ქცეული HTML 5 Chrome-ისთვის იოლ ლუკმად იქცა ტესტირებისას და საუკეთესო მაჩვენებელიც დააფიქსირა. ამ კუთხით ბრაუზერი უდავოდ შესანიშნავადაა ოპტიმიზირებული.

 

წყარო: navigator.ge