loading...

«

»

თებ 06

ეფექტური კომუნიკაცია

ფსიქოლოგების აზრით ადამიანის გაცნობას სულ რაღაც 3–4 წუთი სჭირდება. მოკლევადიანი პირველადი შთაბეჭდილება 30 წამში იქმნება, ხოლო გრძელვადიანი პირველ 4 წუთში. ტრეინინგების პირველ დღეს კედელზე გაკრულ სიაში ჩემი გვარი ვიპოვნე, შევედი ჯგუფში, სადაც ტრეინინგის 22 მონაწილე წრიულად დავსხედით. თავი სარეაბილიტაციო ცენტრში მეგონა – კადრი რომელიღაც ფილმიდან თუ სერიალიდან (ოღონდ ამერიკული სერიალიდან) ,,გამარჯობა, მე ქეითი ვარ და ნარკომანი ვარ“ ან ,,გამარჯობა მე დევიდი ვარ და ალკოჰოლიკი ვარ“… მაგრამ შემოვიდა ძალიან, ძალიან საყვარელი ტრენერი და დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა. მან შემოგვთავაზა ჩვენი თავი შეგვედარებინა სამ ნივთს. თვითონ დაიწყო– მე ვგავარ საათს, რადგან ძალიან პუნქტუალური ვარ. ვგავარ მზეს, რადგან სითბოს და სიყვარულს ვასხივებ და ვგავარ კურდღელს, რადგან სწრაფი ვარ.
მე ვთქვი, რომ ვგავარ ლომს, რადგან ზოდიაქოთი ლომი ვარ. ქვიშის საათს, რადგან ქვიშის საათივით მალე ვიცლები და ვივსები ემოციით და გვირილას, რადგან გვირილები ძალიან მიყვარს.

აღმოჩნდა, რომ ზოგს უყვარს ექსტრიმი და მაღლივის ხიდიდან გადმომხტარა, ზოგი ხატავს, ზოგი მგელია (ოღონდ გაგებით არა) ზოგი მთავარე, ღამე და ვარსკვლავები. ყველა ციური სხეული თუ პლანეტა ჩამოვთვალეთ და ყველაზე სახალისო იყო ერთი ჩვენი ჯგუფელი, რომელიც მთელი 15 წუთი გვიყვებოდა თუ როგორ შეცვლა ამ ადამიანმა მისი ცხოვრება, რომ ის კაცი მისი კუმირია და ასეთი ცნობილი სპორტსმენი და ფილოსოფოსი მსოფლიოში არ არსებობს. ბოლოს ეს საოცარი პიროვნება არც მეტი არც ნაკლები ბრუს ლი აღმოჩნდა. (აი ფილოსოფოსი თუ იყო მომკალი და არ ვიცოდი): ))). ასე დასრულდა პირველი დღე. სახლში დაღლილი მაგრამ ფრიად კმაყოფილი და გახარებული დავბრუნდი. მეორე დღეს ჩვენს ადგილებზე დავსხედით და დაიწყო ეფექტური კომუნიკაცია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენს ჯგუფში 7.5 მეგრელი იყო ეფექტურ კომუნიკაციას მეგრულად ,,ეფექტურო მორაგადაფა“ დავარქვით. აი რა ვისწალეთ…

სხეულის ენა, ჟესტიკულაცია, ,,ჩაკეტილი პოზა“ ,,გახსნილი პოზა“, მიმიკა, მზერა და სხვა პატარ–პატარა საიდუმლოებები. აღმოჩნდა, რომ ემოციას ყველა ერთნაირად გამოხატავს არ აქვს მნიშვნელობა დიასახლისია თუ კამიკაძე ტერორისტი. სიმართლე ყველას სახეზე გვაწერია. მთავარია როგორ ვამბობთ და არა რას ვამბობთ. რეალობა ერთია, სუბიექტური აღქმაა სხვადასხვა ისევე როგორც ამ ფოტოზე, ზოგი ახალგაზრდა გოგოს ხედავს ზოგი კი მოხუც ქალს.

ერთ დღეს კი ჩვენმა ტრენერმა ასეთი ტესტი ჩაგვიტარა: წარმოიდგინეთ დილით გვიან გაიღვიძეთ და სამსახურში დაგაგვიანდათ. სამსახურში ბევრი საქმე დაგხვდათ და ყავაც ვერ დალიეთ. შუადღეს სადილობის დროსაც ვერ მოიცალეთ. საღამოს 8 საათია და ერთი სული გაქვთ სახლში წახვიდეთ, უფროსი კი გეუბნებათ რომ დავალება აქვს თქვენთვის. თქვენ კიდევ 3 საათი რჩებით და ასრულებთ უფროსის დავალებას. შემდეგ გამოდიხართ გარეთ და საშინელი თავსხმაა. ავტობუსის გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებით 30 წუთი, დგახართ ფეხზე და გზაში უნდებით კიდევ 30 წუთს. სადარბაზოში შუქი არ გაქვთ და მე–7 სართულზე ფეხით ადიხართ. დაღლილი, სველი, მთელი დღის მშიერი ღამის 12 საათზე ბრუნდებით სახლში ერთი სული გაქვთ შეჭამოთ და დაიძინოთ. ამ დროს თქვენი ძმა, რომელიც მთელი დღე სახლში იყო და კომპიუტერს თამაშობდა ოთახიდან გამოგძახებთ– ,,პური არ არის, ამოიტანე.“ როგორ იქცევით ასეთ დროს?

ნუ იქ ამბავი ატყდაააა გამიშვი/ გამატარე. ერთმა თქვა იქვე დავუმტვრევ თავ–ყბასო, მეორემ უფრო კორექტულად მორალს წავუკითხავო. მესამემ არაფერს არ ვეტყვი ისეთ მომაკვდინებელ მზერას ვტყორცნი ეგრევე მიხვდება რაც დააშავა და აქეთ შემეხვეწება მე ამოვიტან პურსო. მეოთხემ ჩავალ და მე თვითონ ამოვიტანო. მეხუთემ მე დედისერთა ვარ, ძმა არ მყავს და შესაბამისად ნერვებსაც არავინ მიშლისო. ხოლო უმცირესობამ წავალთ და დავიძინებთო. მერე ერთმა გააპროტესტა რას დავიძინებ, მე მშიერი ვერ ვიძინებო. მოკლედ აღმოჩნდნენ პასიურ– აგრესიულები, აგრესიულები და ასერტიულები.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი თვალით კონტაქტი ყოფილა, არადა იაპონიაში თვალებში ყურება თავხედობაა. ფრანგებს კი ერთი კარგი გამოთქმა აქვთ–თქვენს თვალებს მოუარეთო. და კიდევ არსებობს ინტიმური ზონა, პირველი ზონა, მეორე ზონა და გლდანის N8 დაწესებულებაც: )))

ყველაზე ძნელი ეფექტური კომუნიკაციის ოქროს წესების ცხოვრებაში გატარება აღმოჩნდა. დილით ტაქსით მივედი, 2 საათი სხვებს ველოდე. მთელი დღის მუშაობის შემდეგ სტატისტიკა და ანგარიში შევადგინე. დილის 10 საათიდან ღამის 10 საათამდე ერთი წუთით არ დამისვენია. დავრბოდი აქედან იქით, იქიდან აქეთ. თოვლში და უბედურებაში გაჩერებაზე ჯერ ყვითელ ავტობუსს ველოდე, მერე ჩემს ძვირფას მარშუტკას. მობილური დამიჯდა და ღამე სიბნელეში როცა ორთაჭალაში დიდი ბილბორდი დავინახე სულ მომსპო და ბოლო მომიღო. ბილბორდზე აი ეს გამოძინებული, დამშვიდებული, მომღიმარი და ბედნიერი სახით მომზირალი გოგო მიყურებდა იქვე წარწერით ,,მშვიდი ძილი – German Comfort“. გამახსენდა სამი ღამის უძინარი ვიყავი. ,,German Comfort“–ს ვინ ჩიოდა უბრალო ძილი მენატრებოდა. ჩემს დაღლილ, ამოღამებულ თვალებს მინა ირეკლავდა. ძლივს ავლასლასდი მეორე სართულზე და ზარი დავრეკე. კარი არავინ გამიღო. ამოვიღე გასაღები, როგორც იქნა გადავატრიალე და შევედი. ჩემი ძმა კომპიუტერთან იჯდა და არც ამდგარა ისე გამომძახა – ,,სალ მოხვედი? ჩემი ძმაკაცები იყვნენ ვისადილეთ და პური აღარ დარჩა შენთვის. დარეკვა დამავიწყდა.“ ვიგრძენი როგორ დატრიალდა ყველაფერი. მოვკლავ მეთქი კი გავიფიქრე, სსკ–ის 111, 117, 108 ან 109–ე მუხლებს შორის არჩევანს ვაკეთებდი, როცა წკაპ და ნათურა აინთო სადღაც თავში–ეფექტური კომუნიკაცია… პოზიტიური ფორმულირება… ასერტიული ქცევა… ,,წავალ და პურთან ერთად CoCa-Cola–საც ამოგიტან” ვუთხარი ჩემს ძმას, ჩავიცვი გახდილი პალტო და სიბნელეში გავუჩინარდი…

წყარო: salomeaa.wordpress.com