loading...

«

»

სექ 25

Jaguar XE

Jaguar–მა კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის ნიშნად საშუალო ზომის სედანი – Jaguar XE წარმოადგინა. ბრიტანული კომპანია კონკურენციას გაუწევს BMW–ს მე-3 სერიას. Jaguar XE–ის საბაზო ფასი 27 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, ხოლო 2015 წლის გაზაფხულზე იგი პირველად ბრიტანულ შოურუმებში გამოჩნდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ალუმინისგან დამზადებულ უახლეს მოდულურ პლატფორმაზეა აგებული სიახლე უამრავი ტექნოლოგიური ინოვაციებით გამოირჩევა. Jaguar XE–ი აღიჭურვება სერია ინჯენიუმის ძალიან ეფექტური უახლესი ძრავებით და ელექტრონული სისტემებით, რომელთა წყალობითაც, იგი უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს დააკმაყოფილებს. BMW –ს მე-3 სერიის გარდა, პრემიუმ სეგმენტში მისი კონკურენტები Mercedes-Benz C-კლასი და Audi A4 იქნება.

Jaguar XE–ი წარმოადგენს: ოთხკარიან, უკანა ამძრავიან, ალუმინისგან დამზადებულ საშუალო ზომის (კომპაქტურ სააღმასრულებლო) სედანს, რომელიც კომპანიის გამაში, საკმაოდ წარუმატებელი X- type–ის ადგილს დაიკავებს. ის ბავარიელთა მესამე სერიის სედანზე ოდნავ დიდი და Audi A4–ზე ოდნავ პატარაა. Jaguar XE მალე Jaguar–ის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდება. მას სოლიჰალის ქარხანა გამოუშვებს და როგორც კომპანიის მარკეტოლოგები ვარაუდობენ, წარმოების პირველ წელს (2015) 100 000 ეგზემპლარი XE-ს გაყიდვას შეძლებენ.

როგორც Jaguar–ის დიზაინის შეფი – Ian Callum–ი განმარტავს, XE-ს სტილი კომპანიის მომავალი სპორტული სედანების გარეგნობის განმსაზღვრელი გახდება. ის იქვე დასძენს, რომ ავტომობილის პროექტირების დასაწყისშივე, ინჟინრებმა მძღოლის პოზიციის დაბლა დაწევა დაისახეს მიზნად. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს კუპეს სტილის სახურავი, მაქსიმალურად უკან დაწეული სალონი, რისი წყალობითაც, კაპოტი დაგრძელდა. ამის მიუხედავად, სალონში საკმარისი სივრცეა მასში კომფორტულად განთავსებისთვის.

XE-ს გარეგნობისთვის დამახასიათებელია ამობორცვილი კაპოტი, ზორბა რადიატორი, მის ცენტრში მოთავსებული კომპანიის ემბლებით, ვიწრო მთავარი ფარები – მათზე ქვედა მხრიდან „შემოვლებული“ დღის შუქდიოდური ფარებით, რომელთა ქვეშ მგანთავსებულია ჰაერის 2 ამღები, რთული ფორმის ბამპერი. სიახლის სახურავს მშვილდის ფორმა აქვს, რომელიც უკანა ნაწილისკენ დაბლდება და მსხვილ საყრდენში გადადის. რაც მთავარია კომპანიის დიზაინერები ამაყობენ იმით, რომ მათ მიერ შემუშავებული სტილი, ინჟინრული და აეროდინამიკური თვალსაზრისითაც, მაქსიმალურადაა ოპტიმიზებული. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ XE-ს აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.26 გახლავთ.

ბრიტანულ კომპანიას ჯერ მისი ახალი პირმშოს ყველა ღირსება არ გამოუქვეყნებია – მათ პარიზის ავტოშოუს პრეზენტაციისთვის ინახავს. თუმცა ამაყად აცხადებს, რომ XE-ს მონოკოკურ სტრუქტურაში მეტწილად გადამუშავებულ ალუმინს იყენებს. როგორც მწარმოებლები განმარტავენ, XE თავის კონკურენტებზე დაახლოებით 200 კგ–ით მსუბუქია! სედან XE-ს გაბარიტებია: სიგრძე 4672 მმ, სიგანე 1850 მმ, სიმაღლე 1416 მმ. ბორბლებს შორის ბაზა კი 2835 მმ. ამგვარად იგი BMW–ს მე-3 სერიის სედანზე 48 მმ–ით გრძელი, 39 მმ–ით განიერი და 13 მმ–ით დაბალია. მისი ბაზაც 35 მმ–ით გრძელია.

ახალი სედანი დაკიდების რთულ სისტემას ეყრდნობა, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ სვლასაც უზრუნველყოფს და კარგ მანევრულობასაც. იმ დროს, როცა კონკურენტები წინა საკიდარში მაკფერსონის ტიპის ეფექტურ და შედარებით იაფ სისტემებს იყენებენ, Jaguar–მა არჩევანი წყვილ განივ ბერკეტებზე შეაჩერა. ასეთი სისტემა ბორბლის უკეთეს კონტროლს უზრუნველყოფს, თუმცა შედარებით ძვირია.

სრულიად დამოუკიდებელი უკანა საკიდარი კი სუბ-ჩარჩოზეა აწყობილი. მისი სიძვირის გამო, ამ ტიპის საკიდარი უფრო მაღალი კლასის ავტომობილებისთვისაა შესაფერისი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბორბალსა და შასის შორის ძალიან ეფექტურ კავშირს უზრუნველყოფს. დაურესორებელი წონის შესამცირებლად და სვლის კომფორტის გასაუმჯობესებლად, საკიდარის ძირითადი კომპონენტები ალუმინისგან დამზადდა.

რაც შეეხება მუხრუჭებს, ძრავის სიმძლავრის შესაბამისად, მათი დისკოების დიამეტრიც განსხვავებულია. ამასთან, ყველა მათგანს თითო ცილინდრის მქონე სისტემა ემსახურება. XE Jaguar–ის ისტორიაში პირველი ავტომობილია, რომელსაც საჭის ელექტრული გამაძლიერებელი აქვს. პროექტის მთავარ ინჟინერ – Mike Cross–ის განმარტებით, ეს სისტემა „წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია“.

 წინა სალონი ფოტოს უკან საჭე

XE აღჭურვილია სისტემა ASPC-ით (All Surface Progress Control), რომელიც ნათესავი Land Rover–ის Terrain Response–ის ტიპის სისტემაა. მას აქვს მუშაობის ოთხი რეჟიმი: Dynamic, Normal, Eco და Winter. ზამთრის რეჟიმის ჩართვისას, როცა ავტომობილის სიჩქარე 5-დან 30 კმ/სთ-მდეა, სისტემა მოყინულ აღმართზეც კი სტაბილურ გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამ დროს ის აკონტროლებს როგორც აქსელერატორს, ასევე მუხრუჭებს და მოყინულ გზაზე ისეთ იდეალურ მართვას უზრუნველყოფს, როგორიც Jaguar–ის განმარტებით, საუკეთესო მძღოლებსაც კი ვერ ხელეწიფებათ.

XE-ს ძრავების გამაში სულ ხუთი აგრეგატი შევა, თუმცა ამ ეტაპზე Jaguar–ი მხოლოდ ორს გვაცნობს. მათგან პირველია 3.0-ლიტრაჟიანი V6, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. მეორე ძრავი კი სერია ინჯენიუმის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრაჟიანი ტურბო დიზელია. ამ ძრავის დებიუტი სწორედ XE-სთან ერთად შედგება, მალე კი მისით nd Rover–ის ავტომობილებიც აღიჭურვება.

V6 ძრავის სიმძლავრე 335 ცხ. ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 450 ნიუტონმეტრი. მისი დახმარებით სედანს ადგილიდან ასის აკრეფა 4.9 წამში შეუძლია. რაც შეეხება ტურბო დიზელს, მისი მაქსიმალური სიმძლავრე 163 ცხ. ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი – 380 ნიუტონმეტრი. იგი გამოირჩევა საწვავის მცირე ხარჯით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის ძალიან დაბალი შემცველობით (კილომეტრზე 99 გრ). ასევე მნიშვნელოვანია, რმ ამ ძრავის მომსახურების ინტერვალი 32 000 კილომეტრია (ასე განმარტავენ მწარმოებლები).

ძრავებთან დასაკავშირებლად ორი გადაცემათა კოლოფია განკუთვნილი. ერთია 6-საფეხურიანი მექანიკური, მეორე კი ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური. ასევე არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ სედანი 9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფითაც აღიჭურვოს, რომელსაც Land Rover–ი უკვე იყენებს თავის – Range Rover Evoque–ზე.

სალონის შემუშავებისას, მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი სპორტული სტილი იყო. ცენტრალური კონსოლის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია უახლესი infotainment–ის სისტემის (სახელად – InControl) 8-დუიმიანი სენსორული მრავალფუნქციური ეკრანი, რომელიც ინტუიციური გრაფიკითა და მითითებათა სწრაფი შესრულებით გამოირჩევა. ეკიპირებაში ასევე შევიდა: Bluetooth კავშირის საშუალება, ნავიგაცია, USB-პორტი. ამასთან, სახურავის ანტენის დახმარებით, ავტომობილის სალონი უკაბელო ინტერნეტის ზონად გადაიქცევა.

წყარო: journal.top100.ge