loading...

«

»

თებ 18

BBC იუწყება, რომ მედიცინაში სულ მალე გადატრიალება მოხდება

კიბოს მკურნალობის ახალმა თერაპიამ მედიცინა შოკში ჩააგდო! იუწყება BBC. კიბოს მკურნალობის ახალმა თერაპიამ, რომელიც დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ორგანიზმის იმუნური სისტემის  „გადამზადებას“ ითვალისწინებს, დიდი ყურადღება გამოიწვია, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ტერმინალური ავადმყოების 90 %-ში დაავადებამ უკან დახევა დაიწყო.

ლეიკემიით დაავადებული პაციენტებიდან სისხლის თეთრი უჯრედები ამოიღეს, ლაბორატორიულად დაამუშავეს და უკან დააბრუნეს. ექსპერიმენტის შედეგები არსად გამოქვეყნებულა, თუმცა ამბობენ, რომ ორი პაციენტი ძლიერი იმუნური პასუხისგან გარდაიცვალა. ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ცდა დიდი ექსპერიმენტის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია.

სიეტლის Fred Hutchinson-ის კიბოს კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერის, პროფესორ სტენლი რიდელის განცხადებით, ეს ის პაციენტები იყვნენ, რომელთა შემთხვევაშიც ყველანაირი მკურნალობის მეთოდი უძლური აღმოჩნდა და რომლებსაც  ექვს თვეზე ნაკლები სიცოცხლე ჰქონდათ დარჩენილი.

ცდის დროს რამდენიმე ათეული პაციენტიდან იმუნური სისტემიდან ე.წ. მკვლელი t-უჯრედები ამოიღეს. ეს უჯრედები, როგორც წესი,  ინფიცირებული ქსოვილისთვის გამანადგურებელი ბომბია.

მკვლევარებმა t-უჯრედების გენეტიკურად მოდიფიცირება მოახდინეს იმ მიზნით, რომ შეექმნათ ახალი მიზნობრივი მექანიზმი – ქიმერული ანტიგენის რეცეპტორები – რათა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიაზე მოეხდინათ ზეგავლენა.

„ეს პროცესი t-უჯრედების მოძებნის, ამოცნობისა და განადგურების მიზნით მათი გენეტიკურად  რეპროგრამირებაა. ცდაში ის პაციენტები მონაწილეობდნენ, რომლებიც მკურნალობის ბოლო ეტაპს გადიოდნენ. პროცესის შემდეგ პაციენტების 90 პროცენტში ლეიკემიის უჯედები ვეღარ აღმოვაჩინეთ. თუმცა შვიდ პაციენტს ისეთი ძლიერი ციტოკინების გათავისუფლების სინდრომი განუვითარდა, რომ ინტენსიური თერაპია დაჭირდათ, ხოლო ორი პაციენტი გარდაიცვალა,“ – განაცხადა პროფესორმა რიდელმა BBC-სთან საუბრისას.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული შანსები მისაღები და მისასალმებელია ტერმინალური კიბოს (ანუ კიბოს ბოლო სტადიის) შემთხვევაში, თუმცა გვერდითი მოვლენები გაცილებით დიდია, ვიდრე ლეიკემიის ჩვეულებრივი მეთოდებით მკურნალობის შემთხვევაში, როგორიცაა ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, რომლითაც დღეს პაციენტების უმრავლესობას მკურნალობენ.

ამიტომ აღნიშნული მეთოდი ჯერ კიდევ საჭიროებს კვლევასა და ექსპერიმენტებს.